Digest Logo

„საით წახვედი მამაჩემო?... რატომ არ დამხვდი იქ...საათს დავხედე და მაშინ მივხვდი - დამაგვიანდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1714897989
გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„წუხელ გავედი სასაფლაოზე
და მამაჩემი აღარ დამხვდა.
სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.
ღია საფლავთან ანგელოზთა მსგავსად იდგნენ
ომარა მესაფლავე და გოგილო მესაფლავე,
ფრთების ნაცვლად დახეული პერანგები უფრიალებდათ, მკვდრის დამარხვაში გაცვლილი პერანგები.
იდგნენ მიწისფერი შარვლებით და მოკლე მზერით.
ფრთხილი ქარი ქროდა ომარას წვერებში.
ფრთხილი იყო ნათურის შუქიც
და მომეჩვენა,
რომ ომარა მესაფლავე ტუჩის თოკით ღიმილს ახრჩობდა.
მომეჩვენა და ეჭვით ვკითხე:
,,სად არის ომარ მამაჩემი?!"
- ,,არაფერი ვიცით, მოვედით და
აღარ დაგვხვდა!"
უცნაურად დუმდნენ მკვდრებიც. მამაჩემის მეზობელი მკვდრები. იწვნენ და ეძინათ.
ცუდად მენიშნა მათი სიჩუმე -
სად გაგონილა მდუმარე მკვდრები აღდგომა დღის შუაღამისას?
საით წახვედი მამაჩემო?
რატომ არ დამხვდი იქ,
სადაც შენთვის
აღდგომისას,
დათქმულ საათზე
სიგარეტის კოლოფი მომაქვს?
ნუთუ გაფრინდი მამაჩემო,
ნუთუ ღმერთმა ცნო
შენი სხეულის სიმსუბუქე და ფრთები მოგცა?
ნუთუ ქრისტეს მიემსგავსე მამაჩემო?
ნუთუ ქრისტეს ემსგავე და მკვდრეთით აღსდექი?
ნუთუ გაფრინდი?
ცას ვუყურებდი. ცას. ვარსკვლავებს. ეგებ სადმე დამენახა მამაჩემის ძველი ჩექმის ნაკვალევი.
მაგრამ დუმდნენ ვარსკვლავებიც.
ცა ხომ კაცის ნაფეხურებს არასდროს ამხელს.
და წამოვედი.
წამოვედი დარდიანი.
წამოვედი სახლისაკენ.
წამოვედი და უცაბედად,
სოფლის პატარა მაღაზიასთან,
დავინახე მამაჩემი.
რიგში იდგა მამაჩემი.
სიგარეტის რიგში იდგა.
საათს დავხედე და მაშინ მივხვდი -
დამაგვიანდა.
დამაგვიანდა
და მკვდრეთით აღდგა მამაჩემი. სიგარეტის საყიდლად აღდგა, რადგან ეგონა დამავიწყდა და არ მივედი.
#ახალისიმღერები
აღდგომის სიმღერა“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ

ილია მეორე - გახსოვდეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვენი ცოდვები, იმედი არ დაკარგოთ, ადამიანს ღუპავს არა ჩადენილ ცოდვათა სიმრავლე, არამედ მათი მოუნანიებლობა

🎥 „ერთ-ერთ ტელევიზიას ეწერა - რიტუალი შესრულდა ცეცხლის გარდამოსვლისო... როგორ უნდა დაამცირონ ეს ყველაფერი...“ - მამა შალვა კეკელია