Digest Logo

როგორ გადაურჩა ნაღმზე აფეთქებას ზელენსკის სიტყვებზე ატირებული ქართველი ჟურნალისტი

1668696676
მანჩი გაბელია

„ტელეიმედის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, მანჩი გაბელია, თავდაპირველად სტაჟიორად მივიდა ამ ტელეკომპანიაში. პარალელურად სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სიუჟეტის მომზადების შემდეგ ლექციებზე გარბოდა. თავისუფალი დრო, რომელსაც სტუდენტები გართობისთვის იყენებენ ხოლმე, არასდროს რჩებოდა. ამის შესახებ „სარკე“ წერს.

7 წელი გავიდა, რაც ,,იმედი” მისთვის შეუცვლელი სამუშაო ადგილია. მოსწონს დაძაბული რეჟიმი, ექსტრემალურ პირობებშიც არ ივიწყებს, რომ გარეგნულადაც მომხიბლავი იყოს. გამბედაობამ და ჟურნალისტის ხიფათიანი პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა უკრაინაში წასვლა. მოახერხა და პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციაზე მოხვდა. როცა პრეზიდენტი ზელენსკი ბავშვების დაღუპვაზე საუბრობდა, ქართველმა ჟურნალისტმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა. მისი ცრემლები მთელმა მსოფლიომ იხილა.

– როგორ მიიღეთ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება?

– დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე მინდოდა წასვლა. ჩვენთვის არავის დაუძალებია ტელეკომპანიიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ჩიხლაძემ, ყველას გვითხრა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკრაინაში გაგგზავნოთ, თუ თქვენი პროფესიული გამოცდილებისთვის არჩევთ წასვლას, ვერც ხელს შეგიშლითო. მადლობა ჩემს ოჯახს, მამაჩემს, რომელმაც საშინელი ნერვიულობის მიუხედავად, თავად წამიყვანა აეროპორტში, ბოლომდე მედგა გვერდით და მამხნევებდა.

– როგორი იყო გზა კიევამდე და თქვენი განცდები, როცა საკუთარი თვალით იხილეთ ეკრანიდან დანახული ომი?

– ყველაზე მძიმე იყო გზა, როცა პოლონეთის საზღვარი გადავლახე და მატარებელში ჩავჯექი. ჩემი ოპერატორი კიევში მელოდებოდა. ვიყავი მარტო. ჯერ კიდევ ომის საწყისი ეტაპი იყო, მძაფრი შეტევები რუსეთის მიერ. მატარებელი ჩერდებოდა საათობით, რადგან დაბომბვის საშიშროება არსებობდა.

ზიხარ ვაგონში, შეგუებული ბედისწერას, რომ შეიძლება წინა, ბოლო ან სულაც შენს ვაგონს მოხვდეს ბომბი და ყველაფერი დამთავრდეს. რაც უფრო წინ მივიწევდით, უფრო მძაფრი იყო ომის კვალი. ჭურვებისგან დატოვებული უზარმაზარი ორმოები, დამწვარი საბრძოლო ტექნიკა, გარდაცვლილი ადამიანები, შემზარავი კადრები ცვლიდა ერთმანეთს. მძიმე განცდები მქონდა, პროტესტის, შიშის, უმწეობის, უსამართლობის.

– როცა კიევში ჩახვედით და უშუალოდ მუშაობა დაიწყეთ, რამდენად იყო დაცული თქვენი უსაფრთხოება, ინსტრუქტაჟს თუ გიტარებდნენ?

– რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევდნენ ორიენტირს, სად შეიძლებოდა შესვლა და სად – არა, მაგრამ ესეც პირობითი იყო, რადგან თავდაცვის და უშიშროების თანამშრომლებმაც არ იცოდნენ, ზუსტად რა იყო დანაღმული და რა – არა. აღმოჩნდა, რომ დანაღმული იყო ყველაფერი – ქუჩები, შენობები, შესასვლელები, ხეები, საბავშვო ბაღები, ბავშვის სათამაშოებიც კი. ერთი გაუფრთხი-ლებელი მოძრაობა და შეიძლებოდა ჰაერში აწეულიყავი.

იყო ასეთი შემთხვევა: ქალაქ ბროვარში, სადაც ომისგან ყველაფერი განადგურებული იყო, ორიოდე საცხოვრებელი სახლი იყო გადარჩენილი. ერთის შესასვლელ კარზე დიდი ხატი იყო გაკრული. მინდოდა, ახლოდან გადამეღო ეს კარი. მივუახლოვდი. კიდევ კარგი, იქვე მდგომმა სამხედრომ მოასწრო ჩემი გვერდზე გაწევა – კარი დანაღმული აღმოჩნდა. ვერც გადმოგცემთ, რისი მხილველები გავხდით. იმდენად განვიცდიდი, რამდენიმე დღე მხოლოდ წყალსა და ყავას ვსვამდი.

– თქვენ დაესწარით პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციას და შეკითხვაც დასვით. გავრცელდა კადრი, სადაც ტირით და ეს მსოფლიოს თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გადასცა. როგორ მოახერხეთ პრესკონფერენციაზე დასწრება?

– როცა თბილისიდან მივდიოდი, ერთი შეხედვით, უტოპიური სურვილი გამოვთქვი: შევხვედროდი პრეზიდენტ ზელენსკის და შევსულიყავი ჩერნობილში. როცა გავიგე, რომ ტარდებოდა პრესკონფერენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, გადავწყვიტე, დავსწრებოდი. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, რომ იქ იქნებოდა პრეზიდენტი.

მოხვედრა ძალიან ძნელი იყო, მოქმედებდა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. მიუხედავად იმისა, რომ გაქვს ჟურნალისტის აკრედიტაცია, მაინც ეჭვით გიყურებენ, მკაცრ შემოწმებას გადიხარ. მოკლედ, მოვხვდი და ყველამ ერთად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ პრესკონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ესწრებოდა. დაისვა მხოლოდ 12 თუ 14 შეკითხვა.

აუცილებლად უნდა მიმეტანა ჩვენი ხალხის და ქვეყნის გზავნილი უკრაინის პრეზიდენტამდე. მოვახერხე და ვუთხარი, რომ ჩვენი სახელმწიფო და ხალხი არის უკრაინის დიდი მეგობარი და ჩვენი მიზანია მათ გვერდით დგომა.

ეს ხდებოდა 23 აპრილს. მეორე დღეს აღდგომა თენდებოდა. ეს იყო პირველი აღდგომა, რომელსაც ჩემს ოჯახთან ერთად ვერ ვხვდებოდი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ასეთი რამ: როცა მთელი მსოფლიო ეგებება ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, სიკვდილზე გამარჯვებას, ამ დროს ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ ჩვენს მოხუცებზე, უკრაინაში კი ბავშვები იხოცებიან, დღეს 3 თვის ჩვილი დაიღუპა, რომელიც ომის დაწყების დროს ერთი თვის იყოო.

ამ სიტყვებზე ისე შემომიტია დიდი სიმძაფრით განცდილმა ტკივილმა, ცრემლი ვერ შევიკავე. ეტყობა, რომელიღაც ოპერატორმა ან რეჟისორმა, ვინც ამ ყველაფერს იღებდა, ეს კადრი დაიჭირა და შემდეგ გავრცელდა.

მეორე დილით, აღდგომას, კიევის ყველაზე დიდ ტაძარში წავედი. აღმოჩნდა, რომ ექვსმილიონიან ქალაქში ეს კადრი უმრავლესობას ნანახი ჰქონდა. მოდიოდნენ ადამიანები და მადლობას მიხდიდნენ. უხერხულობისგან არ ვიცოდი, რა მექნა.

– ჩერნობილში, სადაც ჯერ კიდევ მაღალია რადიაციის დონე, რამდენად უსაფრთხო იყო თქვენი შესვლა?

– ზუსტად იმ დროს შესრულდა ჩერნობილის ტრაგედიიდან 36 წელი. ჩემმა სერბმა კოლეგამ გამომიგზავნა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა ჩერნობილში ჟურნალისტების შესვლა. ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ჩვენ გვახლდნენ სპეციალისტები, რომლებიც ყველგან ამოწმებდნენ რადიაციის დონეს და მაღალი რისკის ადგილებში არ გვიშვებდნენ.

ჩერნობილი უზარმაზარი, მდუმარე სასაფლაოა. იქ დრო გაჩერებულია და ეს ყველაფერი ძალიან შემზარავია. მოსახლეობისგან სრულიად დაცლილია. ამ ომის დაწყებამდე რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობდა ხანდაზმული ადამიანებისა. რუსებმა ისინიც დაატყვევეს და ახლა სიცოცხლე საერთოდ აღარ არის.

– ისეთ მძიმე თემებზე ვისაუბრეთ, აღარც კი ვიცი, ჩვეულებრივი კითხვები როგორ დაგისვათ. მხოლოდ ერთ ყველაზე თბილ და ლამაზ კითხვაზე მიპასუხეთ – შეყვარებული ხართ?

– შეყვარებული ვარ. 3 წელია, ეს ურთიერთობა გვაკავშირებს და საერთო გვაქვს თითქმის ყველა ინტერესი, მათ შორის პროფესიაც. ჩვენი გრაფიკიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა, რომელიც მაძლიერებს, მათ შორის პროფესიული გამოწვევების დროს.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„იმპლანტანტის შესაძენად 9000€ შეგროვება შევძელით... ვინც დამცინოდით მაშინ, დღეს როგორაა თქვენი საქმე?“ - დომენიკ მანგო სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

🎥 „ამ ქვეყანაში ყველას აქვს განცდა, რომ ოჯახშია. მოუსმინე ვიდეოს“ - დომენიკ მანგო მიმართვას ავრცელებს

🎥 „ჩაშლილი შატალო, მოცეკვავე დაცვა და მკაცრი დირექტორი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს თბილისის კლასიკური გიმნაზია

წყარო: sarkenews.ge