Digest Logo

როგორ გადის ჯოჯოხეთურ ცხოვრებას დედამიწაზე გიორგი შალვაშვილი და რატომ იყო მისი დაბადება მისტიკური

1740320878
გიორგი შალვაშვილი

მშობლების გარდაცვალების შემდეგ მსახიობის, კომპოზიტორის, მომღერლის, რეჟისორისა და პოეტის – გიორგი შალვაშვილის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ახლა, ის მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, როგორ უკვდავყოს თავისი მშობლების სული. 

გიორგი შალვაშვილი: აზრზე არ მოვსულვარ და ალბათ, ვერც მოვალ იმ მოვლენების გამო, რაც ჩემს თავს განვითარდა. ჩემთვის ბოლო პერიოდის ჟამი იყო დედამიწაზე განვლილი ჯოჯოხეთი. რომელ ჯოჯოხეთშიც მარტო დავრჩი და მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. არ ვიცი, ამას მკითხველი როგორ გაიგებს, რადგან ძმა მყავს, ძმიშვილები, რძალი, მეგობრები, მეზობლები, მაგრამ თავს მაინც მარტო ვგრძნობ. დედა და მამა რომ წავიდნენ, ყველაფერი ცარიელია ჩემ გარშემო. მიხარია, როცა ჩემთან სტუმრად მოდიან, მაგრამ მაინც მარტო ვარ. ყოველ დილით ყავას საფლავზე ვსვამ, ვზივარ და ვესაუბრები დედ-მამას. 46 წელი, რაც ვიცხოვრე, ყველაფერი მათი წასვლის შემდეგ გადავხარშე. მივხვდი, რომ არასწორად გადამიდგამს რაღაც ნაბიჯები. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მთელი ცხოვრება სიკეთეს ვაკეთებდი, არ არსებობს ჩემგან დაძრახული ადამიანი. შეიძლება, ადამიანს ვაწყენინო ან მაწყენინოს, მაგრამ შემიძლია, მომენტალურად ვაპატიო და არასოდეს ვაგრძნობინებ, რომ ოდესმე ნაწყენი ვიყავი მასზე. კი ბატონო, ეს ღმერთისთვის მოსაწონი საქმეა, მაგრამ ძალიან „დაიჭრა“ ჩემი ცხოვრება ბევრი პატიებებით.

– ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქვეყნებ პოსტებს, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ გულნატკენი ხარ...

– აფექტური ადამიანი ვარ და განსაკუთრებით, ახლა უცბად რაღაცას დავწერ სოციალურ ქსელში და მერე ვამბობ: კარგი იქნებოდა, არ დამეწერა-მეთქი. სხვათა შორის, დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ შევამცირე პოსტების წერა სოციალურ ქსელში. ყოველთვის ვხუმრობდი, ვაკეთებდი სასაცილო ვიდეოებს, რომ ხალხისთვის პოზიტიური განწყობა შემექმნა, თავადაც მხიარული ადამიანი ვიყავი, სულ მემღერებოდა და ახლა რომ მკითხოთ, ვინ ვარ, გიპასუხებთ: არ ვიცი, ვინ ვარ. ერთადერთი, ვიცი რომ მე ვარ ნანი ბეროზაშვილისა და რომან შალვაშვილის შვილი. ამ ეტაპზე მეტი არავინ ვარ. ადამიანებს არ უნდა აჩვენო რომ სუსტი ხარ, თორემ თავს დაგესხმებიან და შენს სუსტ წერტილებზე დაიწყებენ თამაშს. ადამიანები მთელი 46 წელი მიყვარდა და ახლაც მიყვარს, უბრალოდ, ადრე პატარა, რაღაცაზე რომ ვნერვიულობდი, დედა რომ გარდაიცვალა, მამას ვეუბნებოდი: მამა, რაებზე მაქვს ნანერვიულები, როგორ გავბედე ნერვიულობა-მეთქი. ჩემი უპირობო სიყვარული გარდამეცვალა, რომელსაც ვერავინ შემიცვლის და თურმე, რა უაზრობებზე ვნერვიულობდი.

– ერთ-ერთ პოსტში წერდი: არავის ავაგდებინებ დედაჩემის გაჩენილ შვილს – ჩემს თავს და აღარც არავის ჩავაგდებინებ, მათი ხსოვნისთვის რომ ვცხოვრობ, იმ ცხოვრებასო. ეს პოსტი რის გამო დაწერე?

– ეს პოსტი იმიტომ დავწერე, რომ მოვიფიქრე პროექტი, რომელიც მეგობრებს მოვუყევი და მათ წამართვეს. დავწერე ლექსი დედას თვალწინ და დიდებულ ტერენტი გრანელს აბრალებენ ადამიანები. ამაზეც ვნერვიულობდი. არავის არ ავაგდებინებ თავს, რადგან დედა სულ ნერვიულობდა და მეუბნებოდა: გიორგი, აუცილებლად დაიჭირე თავი სათანადო დონეზე, შენ არ ხარ ვიღაც ბავშვი და ბიჭი, შენ ბევრი გააკეთე, ნიუ-იორკის მერის ჯილდოები გაქვს, ნიუ-იორკის მთავრობის ასამბლეამ დაგაჯილდოვა როგორც ხელოვანი, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიგიწვიეს, მწერალთა კავშირის წევრი ხარ, მე შენით ვამაყობ და რატომ აგდებინებ ადამიანებს თავსო. შეიძლება, სადღაც ვმჯდარიყავი, ჩემზე ვიღაცას აუგი ეთქვა, მე ეს გამეგო, მაგრამ ვითომ ვერ გავიგე, ისე ვაგრძელებდი ურთიერთობას და ეს დედას ყოველთვის სწყინდა და ნერვიულობდა: ჩემი შვილი ასე არ უნდა იქცეოდეს, ვერ გავიგე ბოლოს და ბოლოს, ასე რანაირად იქცევიო. ამიტომ ვამბობ, ვისთვისაც ოდესმე მსგავსი რამ მიპატიებია, აწი არ ავაგდებინებ დედაჩემისა და მამაჩემის შვილი თავს მათ. არასოდეს დამავიწყდება ყველაზე მტკივნეული სიტყვები დედისგან – „მე შენ გამო სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე ვიწექი, რომ გაგაჩინეო“. ანუ, ჩემი დაბადება ერთგვარი მისტიკური მომენტი იყო: ან დედა უნდა გადარჩენილიყო და ან – მე. დედიკოს და მამიკოს, ჩემამდე ორი ბიჭი მოუკვდათ. მე ორი ძმა მყავს გარდაცვლილი და შემდეგ, დედას ძუძუში რომ რძე ჰქონდა, სხვის ბავშვებს, ვისაც სჭირდებოდა, მათ აჭმევდა და თან, ტიროდა თურმე. კი არ ენანებოდა, თავისი შვილი უნდოდა. კერძო სახლი გვაქვს, ეზოს გვიდა და ვიღაც ქალს დაუკაკუნებია ჭიშკარზე. დედა მიყვებოდა, „ციგანი“, მეეზოვე ქალი იყო და მითხრა: შენ ახლა შვილს რომ გააჩენ, იმას აღარ დაარქვა შიო, როგორც შენს წინა გარდაცლილ შვილებს ერქვა, წმიდა გიორგიმ უნდა გაჩუქოს და გიორგი დაარქვიო. დედას კარი მიუჯახუნებია და უთქვამს: ალბათ, გაიგო ჩემი ამბავი და ამისი ლაპარაკი აღარ მინდაო. საღამოს დედა ცუდად გახდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და აღმოჩნდა, ჩემზე ორსულად იყო. სანამ სქესს გაიგებდა, მანამდე უთქვამს, შვილს გიორგი უნდა დავარქვაო. ასე რომ, სასწაული იყო ჩემი მოვლენა ამქვეყანაზე და ნამდვილად მისტიკური. სხვათა შორის, არ შეიძლებოდა დედასთვის ჩემი ნაყოფის შენარჩუნება, უთხრეს, უნდა მოეშორებინა, რადგან ორსულობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ, თვეების განმავლობაში, გაუნძრევლად იწვა თაბაშირში ჩაჩავას კლინიკაში. ერთ დღეს, რაღაცებს ვეძებდი სახლში და შემხვდა ძველი ტყავის „ლედიკური“, სადაც წერილები იდო. ბებიაჩემს აქვს დედაჩემისთვის მიწერილი: უარი თქვი, შვილო, არ გამამწარო ამ სიბერეში, არ მომიკვდეო. დედაჩემის პასუხი კი იყო: დედა, მაპატიე, მაგრამ მირჩევნია, მოვკვდე მე და მქონდეს დედის სტატუსიო. დედის სტატუსით გარდაიცვალა და დედიკო ძალიან ბედნიერი იყო.

– თუ გრძნობ მათი მხრიდან დახმარებას?

– ძალიან ხშირად დავდივარ ეზოში და ვეძახი დედას და მამას: დამენახვეთ, მანიშნეთ, გთხოვთ, გეხვეწებით-მეთქი. სოფლად ვარ, ცხენი მყავს და საჯინიბოს კარი რომ გავაღე, ორი გუგული მომაფრინდა გულმკერდზე. სამი დღის განმავლობაში არ მომშორდნენ და მერე გაფრინდნენ. იმ დღეებში ცუდად გავხდი, გულის შეტევა მქონდა და საავადმყოფოში წოლა მომიწია. უცებ მირეკავს ვიღაც ქალი და მეუბნება: გამარჯობა, მე ვარ მზია, არ ვიცი რამდენად გჯერათ ამ ყველაფრის, მაგრამ უნდა გითხრათ, დედათქვენი სამი დღის განმავლობაში ცდილობს, დამაკავშიროს თქვენთან და გადმოგცათ: გიორგი, თავს მიხედე, ნუ მარცხვენო. ეს ქალბატონი, არის მედიუმი. რასაკვირველია, მინდოდა, ეს სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ გამიჩნდა კითხვის ნიშნები და ყველაფერს ჩავეჭიდე. მამას რომ ვაცილებდი, გასვენების დღეს, თითებზე ვკოცნიდი და ვეუბნებოდი: მამა, შენ ხარ ჩემი კოტიტა თითება-მეთქი. ცხოვრებაში არ მითქვამს მსგავსი რამ, მაგრამ მაშინ რატომ ვუთხარი. ჰოდა, ქალბატონმა მზიამ მითხრა: დედაც და მამაც კარგად არიან, დიადი სულები არიან და ორივე უფალთან არის, მაგრამ მამაშენი ისე იცინის, მუცელი უხტუნავსო. მართლა ასე უხტუნავდა მუცელი, როცა იცინოდა და ვკითხე: რა აცინებს-მეთქი. მიპასუხა: ასე გადმოგცა, ვინ არის, შე მამაძაღლო, შენი კოტიტაო. რომ თენდება მზიას ვურეკავ, ღამდება მზიას ვურეკავ, შუადღეს მზიას ვურეკავ... ეს ადამიანი მაკავშირებს ჩემს დედ-მამასთან და ის გადმომცემს მათ გზავნილებს. ამას წინათ ვერ ვიპოვე დედას შენახული ოქროული. მირეკავს მზია: დედაშენი დამიკავშირდა და გადმოგცა: ბარის სერვანდი რომ დგას, ის გახსნას და შიგნით მაქვს ჩაშენებული სეიფიო. გავიქეცი მეორე სახლში, გავხსენი ბარი, ავწიე შუშა და ვიპოვე სეიფი, სადაც დედას შენახული ოქრო იდო. სიკვდილის აღარ მეშინია, დარწმუნებული ვარ, იმქვეყნად სიცოცხლე არსებობს. მე ვერ ვიტან სიტყვას – საფლავი, მე მას დედას და მამას სავანეს ვეძახი.

– როგორც ვიცი, მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობა საკმაოდ შეგერყა. ახლა როგორ ხარ?

– ხუთი თვეა, ჩემი ყველანაირი სამსახური გაჩერებულია. არც კი ვიცი, აგონია მაქვს – ვმღეროდი კი ოდესმე ან ვიმღერებ კიდევ?

– დედის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან მალე გარდაიცვალა მამა...

– დედაჩემს მამა რომ არ გაჰყოლოდა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მამა რომ წავიდა, ვეუბნებოდი: მამა, მადლობა შენი სიკვდილისთვის, რომ დედა მარტო არ დამიტოვე-მეთქი. მამაჩემს „სიკვდილის გზის გავლილი, გამარჯვებული სიყვარული“ დავარქვი. მინდოდა, დედის ნაოჭები მეთვალა, მაგრამ ვერ მოვესწრები ამას. დედას, პანკრეასის მეოთხე სტატიის სიმსივნე რომ დაუდგინდა, თვე-ნახევარში წავიდა ამ ქვეყნიდან. ყველაფერი გავუკეთეთ, შეუძლებელიც კი, მაგრამ ვერ ვუშველეთ. დედის გარდაცვალებიდან, 20 დღეში მამა გარდაიცვალა. სასიკვდილო არაფერი სჭირდა. დედა რომ თეთრი სასახლით გავიყვანეთ სახლიდან და სამუდამო სავანეში მიგვყავდა, მამიკომ შეაჩერა პროცესია და შესძახა: ჩემო სიყვარულო, არ შეგეშინდეს, ორმოცამდე შენთან ვიქნებიო. მეოცე დღეს, საკურთხი გავაკეთეთ, მამამ გაიტანა მეზობელთან, გაშალეს სუფრა, დაჯდა, აანთო სანთელი, დაასხა ღვინო ჭიქაში, აიხედა მაღლა და დაიძახა: ნანა, მიყვარხარ, ჩემო სიყვარულო და გული გაუჩერდა. 30 იანვარს საძირკველი ვაკურთხე პატარძეულში, ჩემს ეზოში, დედასა და მამას სახელობის, სიყვარულის მუზეუმის მშენებლობას მალე დავიწყებ, რომელსაც ერქმევა „დიადთა სავანე“. ეს მუზეუმი ასწლეულებს გაუძლებს, იქნება მათი ხსენების სავანე და გაიხსნება დედას იუბილეზე, მონოსპექტაკლით, სახელწოდებით – „დამელოდე, მოვდივარ“, რომელსაც ვითამაშებ მე და მოვირგებ მამის როლს. 200 კაცზე იქნება გათვლილი, ვითამაშებ სპექტაკლებს ჩემთვის მარტო. მუზეუმში გამოფენილი იქნება დედასა და მამას ნივთები და ასევე, იდგმება ორი ულამაზესი, პერსონალური სავარძელი მათთვის, რომელსაც ყვარლელი, არაჩვეულებრივი მხატვარი კაცი, ბატონი, ვალოდია გელაშვილი აკეთებს. ისვე მოხატავს ერთ კედელს, სადაც მისივე დახატული დედასა და მამას პორტრეტები იქნება დაკიდებული. დედა საოცარ ლექსებს წერდა, მამა საოცარ – ჩანახატებს, მივეცი უზარმაზარი წიგნების შეკვეთა, რომელშიც გარდა მათი ლექსებისა და ჩანახატებისა, წარმოდგენილი იქნება მათი ბიოგრაფია. მუზეუმი 24 აპრილს, დედიკოს 71 წლის იუბილეზე გაიხსნება და ზუსტად ვიცი, დედა და მამა იზეიმებენ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

არველაძეები პატარა სოფიასთან ერთად - მაკუნა ზედაშიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს

🎥 „გილოცავ ჩემო სიყვარულო! მიყვარხარ, პუპლიკ“ - ნატალია ყიფშიძის მილოცვა ძმას

აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და დიდი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები გიო ხუციშვილზე

წყარო: tbiliselebi.ge