ქალაქის შუაგულში, ურბანულ ქაოსში, მუდმივი ხმაურის, მოძრაობის ფონზე, ბუნებასთან ყველაზე ახლოს სწორედ აქ ხარ - სიმწვანე, სიმშვიდე, 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სადაც ნამდვილი თავისუფლების განცდა გეუფლება.
თბილისის ახალი ზოოპარკი რამდენიმე კვირაში გაიხსნება. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მზადების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ცხოველების მცირე ნაწილი უკვე ახალ მისამართზეა.
პირველი გაჩერება მურა დათვებისა და მგლების ვოლიერია. თხუთმეტივე დათვის ისტორია ერთმანეთს ჰგავს - ტყვეობა, საშიში გარემო, რთული გამოცდილება და ბოლოს დახმარებისთვის ზოოპარკში მიყვანა.
დიდი ზომის ვოლიერებში საკვებზე ნადირობენ, მომვლელები საქმეს ურთულებენ იმისთვის, რომ მტაცებლის ბუნებრივი მოთხოვნა დაიკმაყოფილონ. დათვებთან ერთად 6 მგელია, რომელთა მთავარი წესი ერთობა, იერარქია და მუდმივი სიფხიზლეა.
ჩვენი მარშრუტის ვარსკვლავი შანია, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. ბიოგეოგრაფიული ზონები ეტაპობრივად გაიხსნება. პირველ ეტაპზე კავკასიის, შემდეგ აფრიკისა და აზიის ექსპოზიციები.
ზოოპარკს რომ ველური ბუნების კონსერვაციის პროგრამა არ ჰქონოდა, ბევრი სახეობა აღარ იარსებებდა. იშვიათ ჯიშებს გადარჩენის და შემდეგ ბუნებაში დაბრუნების შანსი ეძლევათ.
დასავლეთ კავკასიური ჯიხვიც ამ ჩამონათვალშია. ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალური სიახლოვით, ვოლიერი ისე მოაწყვეს, რომ თავი იგრძნონ ისე, როგორც საკუთარ სახლში.
13 ივნისის ტრაგედიამ განვითარების ხედვა შეცვალა. გაჩნდა ახალი ზოოპარკის შექმნის საჭიროება, სხვა ხედვით, სხვა კონცეფციით - ცხოველებისთვის მაქსიმალური კომფორტი მთავარ მისიად დაისახეს.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე ზოოპარკი პირველ სტუმრებს ზაფხულში მიიღებს. კეთილმოწყობილი ვოლიერები ჩვენი და თქვენი საყვარელი ცხოველების ახლოდან გაცნობის, მათზე დაკვირვების შესაძლებლობას მოგვცემს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეშხიანი, შარმიანი და მომხიბვლელი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი ვენაში მოგზაურობს