Digest Logo

როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლისა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვების მდგომარეობა

1795155055
ფონიჭალა

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. კვლევების შედეგად, მას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება.

ამავე კლინიკაშია 11 წლის ბავშვი, რომელიც იქ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დედასთან ერთად გადაიყვანა. დედა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ამ დროისთვის, საავადმყოფოში ფონიჭალიდან შეყვანილი 3 პაციენტი რჩება.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის კახაბერ ჭელიძის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენთან ორი პაციენტი იმყოფება. ერთი ბიჭუნა, 11 წლის, რომელიც დედასთან ერთად მოიყვანეს ამ ტრაგედიიდან მალევე, ხოლო გოგონა, 3 წლის პატარა, ამ ტრაგედიიდან დაახლოებით 8-9 საათის შემდეგ შემოიყვანეს.

რეალურად, მათი მდგომარეობა დღეისთვის სტაბილური გახლავთ. ბუნებრივია, მათ უტარდებათ დინამიკაში ყველანაირი შემოწმება. საბედნიეროდ, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი წესრიგშია და მდგომარეობა სტაბილურია.

მინიმალური დაზიანებები ჰქონდა პატარას. შესაბამისად, ერთადერთი, რაც იყო საყურადღებო, ეს არის მარცხენა მუხლის სახსრის მიმდებარე ქსოვილების მსუბუქი დაზიანება. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი სამედიცინო ჩარევა მას არ დასჭირვებია.

ბუნებრივია, მისი მუდმივი კონტროლი მიმდინარეობს და რაც მთავარია, დღეს უკვე ორივე პაციენტის მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ფსიქოლოგები ჩაერთნენ მათ მართვაში“, - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 09:00 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕