Digest Logo

🎥 „როცა ადამიანს უჭირს და თავი ხელში აიყვანეო ეუბნები, ამაზე ცუდი ნათქვამი არაფერი არ არის...“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები

1709031764
დეპრესია შემოდგომა

„შენ რა გაქვს სანერვიულო?“, „სხვები შენზე უარესად არიან“, „თავი ხელში აიყვანე“, „მეტი პოზიტივი გაუშვი“, მოწყენილობა არ გიხდება“ - როცა ახლობელი ადამიანები საკუთარი პრობლემების შესახებ გვიყვებიან, ხშირად გაუცნობიერებლად მსგავსი ფრაზებით ან ჩვენ ვამხნევებთ მათ, ან ისინი გვანუგეშებენ ჩვენ. 

თუმცა როგორც წესი, ამ ფორმის გამოთქმები დამშვიდების ნაცვლად გვაღიზიანებს. ადრესატს ამ დროს უჩნდება განცდა, რომ ჩვენ მისი პრობლემის სიმძიმე არ გვესმის, ვუგულებელვყოფთ მათ ემოციებს და მათ მდგომარეობაში ვერ შევდივართ. 

სწორედ ამიტომ, პოზიტიურობისკენ მოწოდება ტოქსიკური და დამაზიანებელი რომ არ გახდეს, ფსიქოლოგები გვირჩევენ, რთულ სიტუაციებში ახლობელი ადამიანებს და მეგობრებს უბრალოდ მოვუსმინოთ.

„არსებობს ასეთი გამოთქმა, არ არსებობს ცუდი, რასაც კარგი არ აქვს, არ მოჰყვება. ეს ყველაფერი ბელეტრისტიკაა გაჭირვებული ადამიანებისთვის. როცა მას უჭირს და თავი ხელში აიყვანეო ეუბნები, ამაზე ცუდი ნათქვამი არაფერია. ეს მანაც იცის, რომ თავი ხელში აიყვანოს, მაგრამ მას ამის უნარი არ აქვს.

ამ დროს ადამიანს დუმილი და გვერდში დგომა სჭირდება. ამას ზოგჯერ იმიტომ ვამბობთ, რომ არ ვიცით რა ვუთხრათ და გვგონია ეს არის საუკეთესო ამ დროს“, - ამბობს  ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

პოზიტიური აზროვნება და ოპტიმიზმი რომ ნამდვილად კარგია, ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ასეთი დადებითი მოვლენებიც კი შეიძლება დამაზიანებელი გახდეს. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ვფიქრობთ, ნებისმიერ სიტუაციას რაც არ უნდა რთული და გაუსაძლისი იყოს ის, ადამიანები კეთილგანწყობით უნდა შეხვდნენ და მდგომარეობის მხოლოდ ნათელი მხარე დაინახონ. 

ამავე დროს, ხშირად გვავიწყდება, რომ სრულიად ნორმალურია ადამიანს ჰქონდეს ნაკლებად კარგი დღე, სევდიანი სახე, ჩაფიქრებული, დარდიანი გამომეტყველება. ბუნებრივია, ჩვენს განწყობაზე გავლენას ახდენს ჩვენი სხეული, ოჯახი, სამსახური, გარემო, ამინდი, მსოფლიო ამბები.

„პოზიტივიზმი კიდევ ტოქსიკური იცით რას აკეთებს? ყველა სხვა ემოციას ბლოკავს, ამ დროს ჩვენ გვჭირდება შიშიც, სევდაც და ბრაზიც. ყველაფრის დაბლოკვა და ყველაფერზე „რა კარგიას ძახილი“, არაადეკვატურია. ეს დაბლოკილი ემოციები კი არსად წავა სხეულის გარდა.

ადამიანი, რომელიც სულ პოზიტიურია, კარგ ხასიათზეა, ბედნიერია მას ძალიან უჭირს რაღაც. ეს არის ის როლი, რომელიც მორგებულია და ეს მექანიზმი არის გადარჩენისთვის“, - თქვა მარინა კაჭარავამ.

ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს აიძულებს რეალური მტკივნეული განცდები პოზიტიურობით შენიღბონ. მსგავს მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩნდა თინათინ ტყეშელაშვილი, რომლის თქმითაც, მისი მხიარული ხასიათის გამომდინარე, გარშემომყოფები არც კი იჯერებენ, რომ ცუდადაა. ამიტომ, ცდილობს საკუთარ უარყოფით განცდებზე ნაკლებად ისაუბროს.

„იმდენად მივეჩვიე ჩემი წუხილის და სატკივრის ჩემთვისვე დატოვებას, რომ ყოველდღე სევდიან რეჟიმში რომ ვცხოვრობ, ამას ვერავინ ამჩნევს და ხვდება. გადასული ვარ პოზიტიურ განწყობაზე და იმაზე, რომ სხვებს ჩემი ეს უარყოფითი სევდა, განწყობა და გრძნობები არავინ იგრძნოს. ეს მაზიანებს, რადგან აუცილებელია ახლო ადამიანს რამე გაუზიარო, რადგან ამის ჩაძინება და დაგროვება შენში ცუდად გიბრუნდება“, - თინათინ ტყეშელაშვილმა.

ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს სირცხვილის გრძნობას უჩენს და ფიქრობენ, რომ თუ რთულ სიტუაციაში პოზიტიურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რაღაცას სწორად ვერ აკეთებს. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს მტკივნეულ ემოციებთან და გამოცდილებებთან გვიწევს გამკლავება. ყველა ეს ემოცია თუნდაც არასასიამოვნო და რთულად გადასამუშვებელი, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

სევდის, ბრაზის, იმედგაცრუების განცდის გამო, ადამიანები არ უნდა დავადანაშაულოთ. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს უფლება იყოს ცუდ ხასიათზე. 

 

მასალა მომზადებულია გადაცემიდან „იმედის დილა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ასტროლოგები მთვარის კალენდრის მიხედვით ყველაზე ხელსაყრელ თარიღებს ასახელებენ

„ყველას უკვირდა ჩვენი გადარჩენა, ამ დღეს ხილული სასწაული დავარქვი“ - რას ჰყვება მერიკო კარტოზია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის მარტი შესაძლოა, შედარებით რთული და საყურადღებო აღმოჩნდეს