Digest Logo

„როცა ვინმეს აუგს ამბობ, დაფიქრდი, რას გაძლევს მისი ლანძღვა“– გიორგი ჯაჯანიძის გზავნილი საზოგადოებას

1754550478
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე

ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას სულიერი სიმშვიდისა და ცხოვრებისეული სიბრძნის მნიშვნელობას. მის მიერ სოცქსელში გავრცელებულ ტექსტში ჯაჯანიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ იჩქარონ დასკვნების გამოტანაში, ფრთხილად მიუდგნენ ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობას.

მისი თქმით, ზედაპირული განსჯა, ლანძღვა და ნეგატიური დამოკიდებულება მხოლოდ ენერგეტიკულ ტალახს ტოვებს, რომელიც საბოლოოდ თავადვე აზიანებს ადამიანს.

„ნუ ჩქარობ - კარგად დაფიქრდი, გაიაზრე, აწონ-დაწონე ყველაფერი. ნაადრევად ნუ გააკეთებ დასკვნებს და ნაადრევად ნუ მიიღებ გადაწყვეტილებებს.

არ გათამამდე - ფრთხილად უყურე ყველას და ყველაფერს. ნუ გექნება დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ვიდრე ხარ.

არ ჩავარდე ილუზიაში - ხშირად ეძებე საკუთარი თავი სხვა ადამიანში.

ნუ გაგაკვირვებს სხვისი ქცევები - დააყენე მის ადგილას შენი თავი და დაიმახსოვრე. მერე გადაწყვიტე, გჭირდება, მასსავით იყო, თუ არა.

ბევრი რამ ვნახე ამ საწუთროში, ბევრი ადამიანი შემხვდა ცხოვრების გზაზე - ზოგი მიდიოდა, ზოგი მოდიოდა, ზოგი გაშეშებული იდგა. მავანს „ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად“, ზოგიც სამუდამოდ მიდიოდა.

არიან ადამიანები, რომლებიც კვდებიან და ქრებიან.

არიან ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებიან და მარადისობაში, ნირვანაში აგრძელებენ მათი სულები ცხოვრებას - დამსახურების მიხედვით, თუ როგორ იცხოვრეს დედამიწაზე.

ეს აზრი ისე მომწონს, არ ვიცი - სადმე ამოვიკითხე, მითხრეს, თუ მე მოვიგონე.

„მოჩქარეს მოუგვიანდესო“. მიყვარს ანდაზები - დიდი სიბრძნე დევს მათში.

სანამ ადამიანს არ გაიცნობ, მასზე არც კარგი თქვა და არც ცუდი.

როცა ვინმეს აუგს ამბობ - აბა, დაფიქრდი: რას გაძლევს მისი ლანძღვა, გარდა ენერგეტიკული ტალახისა, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს შენს მომავალზე?

უარყოფითი აზრის გამოთქმა უმეტეს წილად საკუთარი თავის წარმოსაჩენად გჭირდება - ან გადაფარო საკუთარი უარყოფითი ცხოვრება, ან იფიქრო: „მე ვჯობივარ, ის ცუდია“, ან უბრალოდ ბოროტი ხარ და ასტრალური „მატლები“ ამოგდის პირიდან.

კარგად დააკვირდი იმ ადამიანს, ვინც ილანძღება - უყურე თვალებში, დააკვირდი ტუჩებზე, კბილებზე... იქნებ ენასაც მოკრა თვალი.

შენ დაინახავ ურჩხულს და არასოდეს გაიმეორებ მსგავსს.

არც კი ვიცი, რატომ ვწერ ამდენს - ალბათ იმიტომ, რომ მინდა სწორად გაიცნოთ საკუთარი თავი და სწორად ჩაიფიქროთ სურვილები, სწორად იოცნებოთ.

მართლა ადვილია ყველაფერი - ავადმყოფობის და სიკვდილის გარდა.

თურმე მდიდარს უფრო უჭირს სიკვდილი, ვიდრე ღარიბს.

მდიდარი მწარე სინანულშია: რად იტანჯებოდა ამდენის დაგროვებაში და ისე ვერ მოიხმარა, როგორც უნდოდა.

ღარიბს მხოლოდ გული წყდებოდა ცხოვრებაზე - არც იმას დარდობდა, რომ მიდიოდა ამ ქვეყნიდან, არც ის ანაღვლებდა, რასაც ტოვებდა - მხოლოდ სიყვარულის დარდით მიდიოდა.

იცოდეთ, ჩვენ მიცვალებულების სულები გვეხმარებიან.

ისევ ანდაზა: „მიბაძვა სჯობია შურსაო“,– წერს გიორგი ჯაჯანიძე 

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა ნავარაუდევი

ელდარ შენგელაიას დღეს დაკრძალავენ

გეოლოგების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გააქტიურდა