საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება 22 ნოემბერს, 00:00-იდან 06:00 საათამდე.
„დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო 22 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.