
საქართველოში, 4 ივნისს კერძოდ რაჭაში რამდენიმე საათიანი შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.7 და 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთი 10 კილომეტრში, სოფელი ირი იყო. შემთხვევას მსხვერპლი ან ნგრევა არ გამოუწვევია.
„დაიჯესტი“ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ჩვენი ქვეყნის ტრაგიკულ თარიღებს, რაც დასავლეთ საქართველოს ისტორიაში უმძიმეს ბუნებრივ კატასტროფასა და ადამიანურ ტრაგედიას ასახავს.
შოვის ტრაგედიამდე მსგავსი მასშტაბის სტიქია დასავლეთ საქართველოში არასოდეს მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 33 წლით ადრე გამქრალ სოფელ ხახიეთს, რომელიც 1991 წელს, მიწისძვრის შედეგად გაქრა.
კიდევ უფრო ადრე 1989 წელს ხულოს რაიონის სოფელი „წაბლანა“ დაიმარხა მეწყერში. 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
2023 წლის 3 აგვისტო, ონის მუნიციპალიტეტი კურორტი შოვი - ჩამოწვა მეწყერი, რასაც ოფიციალურად 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. ამასთან 29 აგვისტოს სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოების შესრულების დროს დაიღუპა სამხედრო პირი.
2024 წლის 6 დეკემბერი სტიქია იმერეთში. ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, 6 დეკემბერს, ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
2023 წლის 8 სექტემბერი სტიქია გურიაში - უბედურ შემთხვევას სოფელ ჯუმათში, ორი არასრულწლოვანი და 80 წლის ქალი ემსხვერპლნენ.
რაც შეეხება სოფელ ხახიეთს - 1991 წლის 29 აპრილს რაჭასა და ზემო იმერეთში 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ მთლიანად დამარხა საჩხერის რაიონის სოფელი. დაიღუპა სოფლის მთლიანი მოსახლეობა, 45 ადამიანი, ყველა, ვინც სოფელში იყო იმ მომენტში.
მხოლოდ ორი გადაურჩა სიკვდილს, ვინც არ იყვნენ იმ მომენტში სოფელში „ორი ბავშვი, რომლებიც სკოლიდან დაბრუნდნენ და სახლის ნაცვლად ლოდები დახვდათო… დიდი უბედურება მოხდა მაშინაც“,- ამბობდნენ ამ ტრაგედიის შესახებ.
დღეს ხახიეთი აღარ არსებობს, მის ადგილას არის ტბა, რომლის ფსკერზე 45 ხახიეთელი განისვენებს.
სამწუხაროდ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ „ხახიეთი“ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.
⠀
„სახლი დაწვა და ადგა“
ამბროლაურის მკვიდრი ნაზი ბიჭიკაშვილი იმ დღეს სამსახურში თათბირზე იყო - საქალაქო საბჭოს აღმასკომში ახალი უფროსი დანიშნეს. იშვიათად კარგი, მზიანი ამინდი იდგა. იმ დღეს თითქოს, არც არაფერი უნდა მომხდარიყო ახალ უფროსზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უცებ ძველი შენობის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.
„კიბეებზე ხალხი ერთმანეთს ასწრებდა. ბაღში მყავდა ბიჭი და იქითკენ გავიქეცი. მასწავლებლებს უკვე გარეთ გამოეყვანათ ბავშვები, ეზოში იდგნენ და ყველანი ერთად ბღაოდნენ. კიბეები ისე ზანზარებდა, ფეხს ვერ ვადგამდი, მართლა გეუბნებით, სახლი დაწვა და ადგა. მეზობლების სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრათ, ნაპრალები ჰქონდა ისეთი, ადამიანი შიგ ჩვეულებრივად გაივლიდა. ხალხი საშინელ პანიკაში იყო. ვინ საით გარბოდა, თვითონ არ იცოდნენ. მეც მერე ისევ სამსახურში გავიქეცი. გზაში ვიფიქრე, რაღა მინდა სამსახურში-მეთქი“,- იხსენებს ნაზი ბიჭიკაშვილი.
მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე კვირა ხალხი ეზოებსა და კარვებში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნაზი ბიჭიკაშვილმა სამსახური - აღმასკომი - თავის ავტოფარეხში გახსნა, რადგან ძველი შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.
„ჩემი მამამთილი არ გამოდიოდა სახლიდან, სულელები ხართო. დაწვა და დაიძინა პირველ სართულზე. ბავშვი შინ ვერ შემოვიყვანე, ეშინოდა. ჩემი მული საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ იჯდა. გზაზე მანქანები არ გაჩერებულა, ტელეფონები არ მუშაობდა და ყველა აქეთკენ წამოვიდა - ზოგი სახლის, ზოგი ახლობლების სანახავად“.
მაშინდელმა პრესამ შემოინახა ბაგრატ ბერიძის მოგონებაც:
„უეცრად საშინელი ხმა ნგრევის, აფეთქების. შევხედე მთა მთლიანად წამოვიდა. მიწა თითქოს წყლად იქცა. წყლად კი არა, უზარმაზარ, შავ ტალღებად. წალეკა და ჩაიხვია სოფელი. ბავშვები, ქალები, სახლები, ბაღები, შინაური ცხოველი. ყველაფერი ერთმანეთში აირია და ქვემოთ ჩამოწვა. ერთბაშად, ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა ოცკომლიანი სოფელი“ („საქართველოს რესპუბლიკა“, მაისი, 1991წ).
ვარაუდობენ, რომ სიტყვა „ხახიეთი“ ხახადან მოდის, მიწამ ხახაში ჩაიტანა ეს ადგილიო. იქ, სადაც მიწისძვრამდე მდინარე ხახიეთისწყალი მოედინებოდა, მძლავრი კლდეზვავური პროცესის შედეგად მასა იყო ჩამოსული. ჩვენი ვარაუდით, ეს ძველი მიწისძვრის შედეგია. ბევრი მეცნიერი, მაგალითად, ივანე კახიძე აფიქსირებს, რომ ადრე, ძლიერი ტექტონიკური პროცესების შედეგად, აქ მდინარე ყვირილასაც კი დინების მიმართულება აქვს შეცვლილი“.
მკვლევარი ამბობს, რომ 1991 წლის შემდეგ ხახიეთის ადგილას ორი ტბა გაჩნდა, რომლებიც შემდეგ კლდიდან ჩამოშლილი ქვებით ამოივსო. მოგვიანებით, დაღუპული 45 ადამიანის პატივსაცემად ხახიეთიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ სინაგურში, მემორიალი დადგეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: