საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონი ნამდვილი ტრილერით გაიხსნა. ბათუმის სპორტის სასახლეში ერთმანეთს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონები და პრინციპული მეტოქეები შეხვდნენ — მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ და 2025 წლის საჩემპიონო ტიტულის მფლობელი „ქუთაისი“. გასულ სეზონში სწორედ ბათუმელებმა გამოთიშეს ქუთაისელები ნახევარფინალიდან, რის შემდეგაც ოქროს მედლებს დაეუფლნენ. მიმდინარე სეზონის სტარტზე „ბათუმმა“ სუპერთასის ფინალი თსუ-სთან დათმო, ხოლო სუპერლიგის პირველივე ტურში უმძიმესი გამოცდა ელოდა. საბოლოოდ, დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში ბათუმელებმა „ქუთაისთან“ 80:77 იმარჯვეს.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (23 ქულა, 8 პასი), კარსონ ბაშამი (18 ქულა, 14 მოხსნა, 4 დაფარება) და დავით ლომიძე (16 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ, ხოლო „ქუთაისიდან“ ლუკა ალავიძე (15 ქულა), ანზორ ნადირაძე (14 ქულა, 9 მოხსნა) და მაიკლ ფრეზიერი (10 ქულა, 8 მოხსნა) გამოირჩნენ.
საქართველოს თასისა და სუპერთასის მოქმედმა მფლობელმა თსუ-მ „რუსთავს“ უმასპინძლა და სეზონი მნიშვნელოვანი გამარჯვებით – 88:77 გახსნა.
შეხვედრის სადავეებს პირველ ტაიმში სტუმრები ფლობდნენ და მესამე მეოთხედის დასაწყისში ქვემოქართლელები 13-ქულიანი უპირატესობითაც (54:41) ლიდერობდნენ. თუმცა მატჩის მთავარი გარდატეხა სწორედ ამ პერიოდში მოხდა: რაჰიმ სალივანის, დალას ჰაუელისა და ლუკა ლიკლიკაძის ზუსტმა შორეულმა ტყორცნებმა თსუ თამაშში დააბრუნა, ხოლო მეოთხედის ბოლოს ლიკლიკაძის ეფექტურმა სამქულიანმა მასპინძლები 5-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა წინ (65:60). გარდატეხის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი „რუსთაველთა“ კატასტროფული საჯარიმოები გახდა — ქვემოქართლელებმა თამაშში 31-იდან 17 საჯარიმო ააცილეს (45%), რაც ასეთი დონის მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები რაჰიმ სალივანი (19 ქულა, 4 პასი), ნიკა ჩეჩელაშვილი (16 ქულა), ამირან აროშიძე (15 ქულა, 7 მოხსნა) და ლუკა ლიკლიკაძე (13 ქულა, 5 პასი) იყვნენ, ხოლო „რუსთავიდან“ გუგა პატაშური (18 ქულა, 7 მოხსნა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (13 ქულა), ივანე მეგენიშვილი (12 ქულა) და ჯეიდენ კინგი (10 ქულა, 7 მოხსნა) გამოირჩნენ.
გორის „ივერიონმა“ ზესტაფონის „მარგვეთს“ უმასპინძლა და დაძაბულ, უხვქულიან ბრძოლაში 84:91 დათმო.
გამარჯვებულებს სათავეში ჯაზირ ტრემბლი ჩაუდგა, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. მას მხარი აუბა ჯასტინ ვებსტერმა, რომელმაც საკუთარ აქტივში 18 ქულა და 8 მოხსნა ჩაწერა, ხოლო გაგი გვალიამ გუნდს 11 ქულა და 9 მოხსნა შეაშველა. „ივერიონის“ რიგებში ვლადიმერ თავაქარაშვილი გამოირჩა 16 ქულით, ხოლო იან კრიშნანმა და მაიკა კლარკმა 15-15 ქულა ჩააგდეს.
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის 2026-2027 წლების სეზონის პირველი ტური კვირას გამართული ორი შეხვედრით დასრულდა, სადაც „კსუ კავკასიამ“ შთამბეჭდავი უპირატესობით სძლია მეტოქეს, ხოლო „ორბმა“ კახეთში მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვა.
დიღმის არენაზე გამართული შეხვედრა „კსუ კავკასიას“ სრული დომინირებით წარიმართა — ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და „ბლექ ფორტრესი“ 24-ქულიანი სხვაობით, 108:84 დაამარცხა.
გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესოები ალექსანდრე ვაშაკიძე (19 ქულა), აკაკი დვალიშვილი (18 ქულა), სანდრო სანაძე (15 ქულა), შამარ რაითი (15 ქულა) და ტომი ლუისი (13 ქულა, 7 პასი) იყვნენ, ხოლო „ბლექ ფორტრესიდან“ ვახტანგ გაფრინდაშვილი (19 ქულა), დონდრე რედიკი (12 ქულა, 4 ჩაჭრა), ლევან გოგალაძე (12 ქულა) და გიორგი რუხაძე (10 ქულა) გამოირჩნენ.
ტურის დასკვნითი მატჩი თელავში შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და შესვენებაზე 6-ქულიანი ლიდერობით გავიდა, თუმცა „ორბმა“ მესამე პერიოდში თამაშის გარდატეხა შეძლო და 87:81 იმარჯვა.
სტუმართა წარმატების მთავარი შემოქმედი ორმაგი დუბლის ავტორი კასპის „გრიფინის“ ყოფილი კალათბურთელი, ალექს მეთიუსი (22 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) გახდა, რომელსაც მხარი ჰენრი ვეტერიმ (14 ქულა), ჯიმი ბელიმ (13 ქულა, 17 მოხსნა) და კევონ ვესტმა (13 ქულა) აუბეს, ხოლო „თელავიდან“ გიორგი კობახიძემ (19 ქულა, 6 მოხსნა), ნიკოლოზ დარბაიძემ (16 ქულა), კაილერ ვანდერ ჯაგტმა (15 ქულა) და ვატო გაჩეჩილაძემ (14 ქულა) ითამაშეს შედეგიანად.
სუპერლიგის მეორე ტურში, სადაც „ორბი“ ისვენებს, 9 ოქტომბერს „კსუ კავკასია“ „ქუთაისს“ (14:00) უმასპინძლებს, ხოლო „რუსთავი“ „თელავს“ (19:30) შეხვდება, 10 ოქტომბერს „ახალციხე“ „ბათუმს“ (15:00) დაუპირისპირდება, ხოლო „ბლექ ფორტრესი“ „ივერიონს“ (18:00) მიიღებს, ტური კი 11 ოქტომბერს, „მარგვეთისა“ და თსუ-ს (14:30) მატჩით დაგვირგვინდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლიმონის წვენის 8 სასარგებლო თვისება - „კანის მდგომარეობა უმჯობესდება“
⭕„პანიკური შეტევით არავინ კვდება“ - ლევან შელეგიას რჩევები და სრული სიმართლე შფოთვით აშლილობაზე
წყარო: 1tv.ge