Digest Logo

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

1773220171
საქართველოს მიწის რესურსები

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან - Power BI - საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიურ რეჟიმში. ბიზნეს-ანალიტიკის პლატფორმა Power BI შექმნილია კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მიერ და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა.

მონაცემები მოიცავს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ, მათი ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ განახლებადი ინფორმაცია როგორც სტატიკური ცხრილების, ასევე ინტერაქტიური გრაფიკების, დიაგრამებისა და შედარებითი ანალიზის ფორმით.

სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორს (CORINE Land Cover), რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება მიწათსარგებლობის მონაცემების ერთიანი სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისათვის. კლასიფიკატორი საქართველოს მონაცემებს თავსებადს ხდის საერთაშორისო მონაცემებთან.

მიწის რესურსების ანალიზზე მარტივი ხელმისაწვდომობა დაეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესს სექტორსა და ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებასა და პროექტების მარტივად დაგეგმვაში, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს და მედიას ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში.

მონაცემები ხელმისაწვდომია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალსა (portal.mepa.gov.ge) და სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე