Digest Logo

სასამართლოში პროტესტი არ არის ერთჯერადი, იგეგმება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება - ზურაბ ქადაგიძე

1636539242
ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, ქეთევან მესხიშვილს „ნაციონალურ მოძრაობისგან“ მიღებული აქვს დირექტივა, რომ ე.წ. ამბოხებული მოსამართლეებისგან არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნას.

მისი თქმით, მესხიშვილი მაქსიმალურად ცდილობს მოსამართლეთა პროტესტი პოლიტიკისგან დისტანცირებული გამოჩნდეს, რის გამოც პროცესში „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაწილეობის შესახებ მხოლოდ მასთან დაახლოებულმა პირებმა იციან, სხვა მოსამართლეებს კი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

„პროტესტის შემდგომი ეტაპები და განვითარება „გენერალური გეგმის“ მიხედვით:

ეს ცხადია არ არის ერთჯერადი პროტესტის გამოხატვის მოქმედება. მას აქვს გაგრძელება და უკვე მესხიშვილს მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი, რომ ე.წ მეამბოხე მოსამართლეები, რომ არ დაიშალონ, ორგანიზაციულ ჯგუფად გააფორმოს და მისი თაოსნობით ახლო მომავალში იგეგმება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელსაც მრავალმხრივი დაფინანსება და პრივილეგიები ექნება, მათ შორის ცხადია დონორების და საელჩოების მხრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტი ტელევიზიების გაშუქების და მუდმივი მხარდაჭერის პირობებში შეეცდებიან ამ ჯგუფის მაქსიმალურ გაპიარებას, მესხიშვილის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის (მათ შესახებ მოგვიანებით) თავისუფლების სიმბოლოდ წარმოჩენას, ხოლო დანარჩენი მოსამართლეების გაშავებას და ბოლომდე დისკრედიტაციას ცხადია.

ასე ვთქვათ ამ ასოციაციის სახით ნაც. მოძრაობის და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმონაქმნი ფორმდება ოფიციალურად სასამართლოში.

ეს გაშუქება რეალურად უკვე დაწყებულია სამივე ოპოზიციური არხის მიერ და მიდის ინტენსიურად სიუჟეტების კეთება, თუ როგორ პროგრესირებს „ჯანსაღი პროტესტი“ სასამართლოში. ამ თემას იმავე დღეს ცხადია გამოეხმაურა ფეისბუკსტატუსით ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიხარულით დაწერა პოსტი, რომ სასამართლოში აჯანყებაა და დაიწყო მისი ნგრევა.

მესხიშვილი ფორმალურად ცდილობს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკისგან დისტანცირებული სტატუსი ჰქონდეს ამ „აჯანყებას“, რასაც ადასტურებს 9 მოსამართლის ერთობლივ განცხადებაში ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, თუმცა რეალურად ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართულია, რაც ცხადია მესხიშვილის მხოლოდ უახლოეს ვიწრო წრისთვისაა ცნობილი, ხოლო დანარჩენ მოსამართლეებს ამ გარემოებას ცხადია არ უმხელს.

ასევე ცნობილია „შეთქმულების“ გენერალური გეგმის სხვა ასპექტების, პერსპექტივების და მონაწილეების შესახებ, თუმცა ამის თაობაზე შემდგომში და კიდევ უფრო კონკრეტულად აუცილებლად ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს ზურაბ ქადაგიძე.

მისივე განცხადებით, სასამართლოში შექმნილი ვითარების მონაწილეები არიან მოსამართლეები ზაზა მარტიაშვილი, თამარ ხაჟომია და ჟურნალისტ ეკა მიშველაძის ძმა გიორგი ებანოიძე.

„პროტესტის“ სხვა მონაწილეები ამბოხების სქემის აქტიური მონაწილეები არიან მოსამართლე ცოლ-ქმარი ზაზა მარტიაშვილი და თამარ ხაჟომია. მათაც აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია გიორგი მშვენიერაძესთან. სწორედ ამ უკანასკნელმა თავის ახლო წრეში დაიტრაბახა, რომ ეს ცოლ-ქმარიც გადაიბირა და კავშირზე ჰყავს. როგორც მშვენიერაძე ამბობს, იგი მათ შეხვდა ქეთევან მესხიშვილთან და სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად. იქ მათ განიხილეს სასამართლოში შექმნილი ვითარება და იმსჯელეს „სამოქმედო გეგმაზე“, თუ ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ, ხოლო ვინ გასაშვები და „გასაშავებელია“.

ამჟამად ეს ცოლ-ქმარიც ცხადია მხარს უჭერენ მათი „სამარცხვინო“ კოლეგების წინააღმდეგ წერილს, სადაც თურმე უღირსმა მოსამართლეებმა დასავლეთი „დაგმეს“.

მანანა მესხიშვილი - ქეთევან მესხიშვილის მული (მისი მეუღლის დავით მესხიშვილის და) ცხადია აქტიურად მხარს უჭერს ოჯახის წევრის პროტესტს.

გიორგი ებანოიძე - ცნობილი ოპოზიციურად და აგრესიულად განწყობილი ჟურნალისტის ეკა მიშველაძის ძმა.

სწორედ ეკა მიშველაძემ გიორგი მშვენიერაძის იმ ფეისბუკპოსტზე, სადაც ის მოსამართლეების გაყრაზე საუბრობს გარდა 20 მოსამართლისა, აუტვირთა კომენტარებში თავისი ძმის ფეისბუკპოსტის ფოტო, სადაც ის პროტესტს უერთდება და ამით მიანიშნა რომ ძმაც აჯანყებულებშია და შესაბამისად გასაგდებ სიაში არ უნდა მოხვდეს.

გელა ბადრიაშვილი ამჟამინდელი მოსამართლე არის ქალაქის თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომლის ხელშიც გაყალბდა გირგვლიანის მკვლელობის საქმე და სწორედ ის ზედამხედველობდა ამ საქმის გაყალბებულ გამოძიებას. მას, როგორც პროკურორს, ასევე 2004 წელს შეხება ჰქონდა ბუტა რობაქიძის გაყალბებული საქმის გამოძიებასთანაც.

თუმცა, იმის მაგივრად, რომ დასჯილიყო იმ გაყალბებებში უშუალო მონაწილეობისთვის და გამყალბებლებისთვის ხელის დაფარებისათვის, ახლა კვლავ მოსამართლეა და აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, ყოფილი „პატრონების“ მობრუნების იმედით.

მამუკა წიკლაური - ყოფილი გენერალური პროკურორის მამუკა გვარამიას (ნაც. მოძრაობის ამჟამინდელი აქტივისტის) ცოლისძმა, რომელიც თელავის სასამართლოს მოსამართლეა. საერთოდ პარადოქსული და პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის წერილი გამოაქვეყნა მოსამართლე თეა სოხაშვილ-ნიკოლაიშვილმა, სადაც გარდა საპროტესტო მხარდაჭერისა, იგი სააკაშვილის პოლიტ. პატიმრობაზე აკეთებს მინიშნებას და მას ამისთვის „მადლობას“ ფეისბუკშივე ე.წ. გულის სიმბოლოს სახით უხდის მისი ახლობელი - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე და ამჟამად ნაც. მოძრაობის გულმხურვალე და აგრესიულ მხარდამჭერად ქცეული ნონა წოწორია. ამ ე.წ. დაგულვას ასევე ანალოგიური სიმბოლოთი პასუხობს სოხაშვილ-ნიკოლაიშვილი. სოხაშვილ-ნიკოლაიშვილის მეუღლე ზურა ნიკოლაიშვილი კი ნაც. მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, რაც მის ფეისბუკპოსტებში აშკარად იკვეთება.

სულ რამდენიმე დღის წინანდელ პოსტში პირდაპირ აზიარებს მოწოდებას რევოლუციისკენ, მანამდე კი სრულ თანადგომას უცხადებს ოპოზიციას და მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ და ა.შ.

კიდევ სხვა მონაწილეებზე შემდგომში ვისაუბრებთ, თუმცა ფაქტი ერთია სწორედ ნაც. მოძრაობის სცენარში მონაწილეობენ ეს მოსამართლეები, რათა „ახალ რეალობაში“ არ დაკარგონ თავიანთი თანამდებობები“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.