წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლოს მაღაზიების ვიტრინები, პლატფორმები და სოციალური ქსელები განსაკუთრებული შეთავაზებებით ივსება.
„შავი პარასკევი“ მომხმარებლებისთვის თითქოს საუკეთესო შესაძლებლობაა სასურველი ნივთი გაცილებით იაფად შეიძინოს, თუმცა რამდენად რეალურია ეს ფასდაკლებები, რა ხდება მაშინ, როდესაც შეძენილი ნივთი დაზიანებული აღმოჩნდება, შეუძლია თუ არა მაღაზიას უარი გვითხრას პროდუქციის დაბრუნებაზე, რა უფლება გვაქვს ონლაინ შეძენისას და ვის უნდა მივმართოთ იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ჩვენს კანონიერ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, რა ვალდებულებები აქვს თავად მომხმარებელს?
სად გადის ზღვარი რეალურ ფასდაკლებებსა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას შორის, ვინ იცავს ჩვენს უფლებებს და როგორ არ უნდა მოვტყუვდეთ „შავ პარასკევს“ - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს მომხმარებლების უფლებების დაცვის მთავარი სპეციალისტი ქეთევან ჭუმბურიძე საუბრობს:
„შავი პარასკევი ერთი მხრივ ბიზნესისთვის ძალიან კარგი კომერციული შესაძლებლობაა, მეორე მხრივ მომხმარებლისთვის ძალიან კარგი შანსია იყიდონ სასურველი პროდუქტი სასურველ ფასად, თუმცა ამ მოვლენას სასურველ ფასდაკლებებთან ერთად თან შეიძლება ახლავდეს გარკვეული ტიპის უსამართლო კომერციული პრაქტიკები, შეცდომაში შემყვანი ხრიკები, რაც ემსახურება იმას, რომ მაქსიმალიზაცია მოახდინოს ბიზნესმა თავისი მოგების, სამწუხაროდ ეს შესაძლოა უარყოფითად აისახოს მომხმარებელზე და ჩვენი სასურველი „შავი პარასკევი“ უკვე კარგი შესაძლებლობა კი არა, აღმოჩნდეს გარკვეულწილად ფინანსური ტვირთი.
გასული წლების მონაცემებს ყველაზე დიდი მომართვიანობა არის მიტანის დაგვიანებასთან დაკავშირებით. კომპანიები ვერ ახერხებენ გაითვალისწინონ ის ლოგისტიკური საკითხები და ინფრასტრუქტურა გამართონ.
ის ვადა, რასაც მოვაჭრე აწესებს, ეს იქნება სამი დღე, ოთხი დღე თუ ხუთი დღე, შეთანხმების ამბავია, რა თქმა უნდა, მიწოდების ვადა, ამ ვადას მან არ უნდა გადააცილოს. თუ ის გადააცილებს, შესაძლებელია გონივრული ვადის ფარგლებში ამ ვადამ გადაიწიოს, შეთანხმდნენ და თუ ამ დროსაც არ ხორციელდება მიწოდება, უკვე მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა, უარი თქვას მან შენაძენზე“, - ამბობს ქეთევან ჭუმბურიძე.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მითია თუ რეალობა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება? ენდოკრინოლოგის განმარტება