თამუნა მუსერიძის ცხოვრება წლების წინ ორად გაიყო. როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მხიარული, შემოსავლიანი, აქტიური და ენერგიული ცხოვრებიდან ისეთ ცხოვრებაში გადავიდა, სადაც ბევრი ბრძოლა მოუწია და მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანებისთვის შეუძლებელს აკეთებს, მაინც, უმადურების მსხვერპლი გახდა.
თამუნა მუსერიძე: უკვე ექვსი წელია, ჩემი ცხოვრება ორად არის გაყოფილი – პანდემიამდე და მას შემდეგ. პანდემიამდე, გადასარევი ცხოვრება მქონდა, ვმუშაობდი ტელევიზიაში, რადიოში, რესტორანში და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა. ასევე, მქონდა უამრავი კონცერტი, რომელიც მიმყავდა და აქტიურად და მხიარულად ვცხოვრობდი. ჩემი ყოველდღიურობა იყო სიხარულით, სილაღით, გართობით, ჩემი საქმის კეთებით სავსე, კარგი შემოსავლით, ამ ყველაფერზე მომიწია უარის თქმა და სხვა საქმის კეთება. მივხვდი, მე სხვაგან ვიყავი საჭირო და სხვების საჭიროებების გამო ვთქვი უარი ჩემს სურვილებზე. მოკლედ, უცებ, მოვიდა პანდემია და ყველაფერი თავზე დაგვამხო, ჩემი ცხოვრება ორად გაყო. ჯგუფი „ვეძებ“ პანდემიის დროს შეიქმნა და ამიტომაც გამოიწვია ასეთი აფეთქება, რადგან ყველა სახლში იყო, საქმე არ ჰქონდათ, ვწერდით და ვწერდით, ვეძებდით და ვეძებდით და ამ ამბავში ყველა იყო ჩართული.
– ის ადამიანი ხარ, ვინც წყენის გულში დატოვება იცის?
– შეიძლება, წყენა ოცი წლის შემდეგ გამახსენდეს და ოცი წლის მერე გაგებუტო. ვიცი, ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეა. არ ვამბობ რაღაც რომ მეწყინა, არ ვიმჩნევ, ვინახავ, ვინახავ და ოცი წლის მერე თუ გამახსენდა, მერე ვეუბნები ადამიანს: ის, რომ მაწყენინე ამიტომ გებუტები. ვიცი ძალიან ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეთი ვარ (იცინის).
– ზოგადად, ცხოვრებაში, ყველაზე მეტად რას ნანობ და რაზე გწყდება გული?
– არაფერს არ ვნანობ ცხოვრებაში, რადგან რაც მოხდა, ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი იყო. და ვისწავლე ჭკუა. ზოგადად, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც არა სხვის, არამედ, საკუთარ მეათასე შეცდომაზე სწავლობს ჭკუას (იცინის). ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ბევრ რამეში გამიმართლა. რთულია, საკუთარი თავის პოვნა, ადამიანები იბადებიან და ისე კვდებიან, ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ადგილს და რისთვის ღირს ცხოვრება. მე კი ჩემი ადგილიც ვიპოვე და საკუთარი თავიც და კიდევ ბევრი რამ (იცინის). ვფიქრობ, იმ მისიით ვარ მოსული, რომ დედამიწაზე არა მარტო საკუთარი თავი ვიპოვო, არამედ სხვებსაც ვაპოვნინო საკუთარი თავი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შეუძლებელია ადამიანს ღმერთი უნდოდეს და შეუძლებელია ღმერთმა ადამიანი მიატოვოს“ - თეოდორე გიგნაძე
წყარო: tbiliselebi.ge