Digest Logo

„ნამდვილი პატიება არ არის სწრაფი და კომფორტული, ის მოითხოვს სითამამეს, ტკივილის აღიარებას, პარტნიორის მოსმენას, გაძლებას“ - მაგდა კოტრიკაძე

1778670941
მაგდა კოტრიკაძე

თუკი ყველაფერი აპატიე, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულა - არ შეგეშინდეთ კონფლიქტების, ეს სრულიად ნორმალურია!

ბევრს ჰგონია, რომ პატიება ნიშნავს კონფლიქტის დასრულებას, მტკივნეულის გადახურვას და თითქოს წერტილის დასმას. სინამდვილეში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პატიება ძალიან რთული და მრავალშრიანი პროცესია.

ზოგჯერ ის შეიძლება ნიშნავდეს ნამდვილ განთავისუფლებას, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ საკუთარი გრძნობების ჩახშობას, რაც მოგვიანებით გაცილებით ძლიერად ბრუნდება.

ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანში კონფლიქტი ბუნებრივი მდგომარეობაა. მისი თეორიის მიხედვით, ჩვენში მუდმივად ებრძვის ერთმანეთს სურვილები, შიშები და სოციალური ნორმები. ამიტომ არც ურთიერთობებში კონფლიქტი არის „არანორმალური“, პირიქით, ის არის გარდაუვალი. როცა წყვილში კონფლიქტი ჩნდება და ერთ-ერთი ამბობს „ვაპატიე, აღარ მინდა ამაზე საუბარი“, შესაძლოა ეს იყოს ე.წ. „გადაფარვა“, შინაგანი დაძაბულობის დროებითი ჩახშობა. ფროიდის აზრით, ჩახშობილი ემოციები არ ქრება, ისინი გროვდება და სხვა ფორმით ამოიფრქვევა, მაგალითად, გაღიზიანებად, დისტანცირებად ან იმავე პრობლემის განმეორებად.

ფრიც პერლზი, გეშტალტ-თერაპიის დამფუძნებელი, კიდევ უფრო მკაფიოდ ამბობდა, რომ დაუმთავრებელი ემოციური პროცესები („unfinished business“) ადამიანში რჩება და მიმდინარე ურთიერთობებსაც აზიანებს. მისი ხედვით, თუ კონფლიქტი ბოლომდე არ არის „დახურული“ ანუ არ არის გამოხატული ნამდვილი ემოციები, ნათქვამი სიტყვები და გაცნობიერებული განცდები, მაშინ პატიება მხოლოდ ილუზიაა. პერლზი ხაზს უსვამდა, რომ ნამდვილი პატიება იწყება იქიდან, სადაც ადამიანი საკუთარ სიბრაზეს, წყენას და ტკივილს აღიარებს და ამბობს: „ეს ჩემში არსებობს!“.

სწორედ აქ ჩნდება მთავარი განსხვავება: პატიება შეიძლება იყოს ავთენტიკური და შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი. როცა ვამბობთ „ვაპატიე“, მაგრამ შინაგანად კვლავ გვაქვს გაბრაზება ან უსამართლობის განცდა, ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა გარედან თითქოს მშვიდია, მაგრამ შიგნით, უხილავად გროვდება დაძაბულობა.

კონფლიქტის არარსებობა არ ნიშნავს ჯანსაღ ურთიერთობას. უფრო მეტიც, წყვილები, რომლებიც საერთოდ არ ჩხუბობენ, ხშირად პრობლემების თავიდან აცილების სტრატეგიას იყენებენ და ემოციურად დაშორებულები არიან. ჯანმრთელი ურთიერთობა ის არის, სადაც კონფლიქტი არსებობს, მაგრამ მასთან გამკლავებაც ხდება დიალოგით, ემოციების გამოხატვით და საერთო მნიშვნელობის ძიებით.

ამიტომ ფრაზა „არ შეგეშინდეთ კონფლიქტების, ეს ნორმალურია“ ეს პრაქტიკული რეალობაა. კონფლიქტი არის შეხვედრის წერტილი, სადაც ორი განსხვავებული სამყარო, ორი ადამიანი, ცდილობს ერთმანეთის გაგებას. სწორედ კონფლიქტში ჩანს, სად არის საზღვრები, რა გვტკივა და რა გვჭირდება.

რა ხდება, როცა ყველაფერი თითქოს „აპატია“ ადამიანმა და კონფლიქტი აღარ არსებობს? ხშირად ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობა კი არ დამთავრდა კონფლიქტის მოგვარებით, არამედ დასრულდა ემოციური ჩართულობით. ერთი ადამიანი შეიძლება შინაგანად გაემიჯნა სიტუაციას, „გაყინა“ გრძნობები და დათანხმდა სიმშვიდეს, რომელიც სინამდვილეში სიცარიელეა.

ასეთ შემთხვევებში, პატიება უფრო ემოციური დისტანციის ნიშანია, ვიდრე სიახლოვის.

ნამდვილი პატიება არ არის სწრაფი და არც კომფორტული. ის მოითხოვს სითამამეს, ტკივილის აღიარებას, პარტნიორის მოსმენას, გაძლებას, პროცესში შეიძლება კიდევ უფრო გაღიზიანდე ან დაიბნე. მაგრამ სწორედ ამ მომენტში ჩნდება ნდობა. როცა კონფლიქტი გამოცდილებად გადაიქცევა და ურთიერთობა უფრო ღრმა ხდება.
ფროიდიც და პერლზიც, მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ერთ რამეზე თანხმდებოდნენ: ადამიანის ფსიქიკა არ იტანს მოჩვენებით სიმშვიდეს. რაც არ არის დამუშავებული, მაინც არსებობს. ამიტომ პატიება არ უნდა იყოს „დასრულების ფორმულა“ ის უნდა იყოს პროცესის ნაწილი.

როცა ვინმე გვეუბნება „ყველაფერი ვაპატიე“, ღირს დავფიქრდეთ: ეს მართლა განთავისუფლებაა თუ უბრალოდ დუმილი. კონფლიქტების შიში ხშირად გვაიძულებს ვირჩიოთ სწრაფი „მშვიდობა“, ხოლო სიმართლე ის არის, რომ ნამდვილი სიახლოვე სწორედ იმ ადამიანებს შორის ჩნდება, ვინც არ გაურბის რთულ საუბარს.

ავტორი: მაგდა კოტრიკაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„მადლობა ღმერთს ყველა შანსისთვის, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება იქნება“ - რა სიახლეებია ნანუკა სტამბოლიშვილის კარიერაში?

🎥 „საოცარი ქალი ხარ, დახვეწილი და განსაკუთრებული...“ - როგორ აფასებენ მაკა ზამბახიძის ახალ ფოტოებს

„სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან