სიტყვის ენერგიასა და ძალაზე პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ პოდკასტში „ცის სარკე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ხშირად ადამიანებს მაგალითი სჭირდებათ, რომ დაინახონ სიტყვას რამხელა ძალა აქვს. იგი ერთ-ერთ პაციენტთან მომხდარ ისტორიას იხსენებს, რაც შთამბეჭდავად დაგანახვებთ სიტყვის ძალას:
„ფსიქოთერაპევტი ვინ არის? სიტყვით მკურნალი. ჩვენ ვმკურნალობთ ლაპარაკით, სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია გარდა საუბრისა.
არიან ადამიანები, რომლებსაც პროტესტი უჩნდებათ, რა არის, ლაპარაკით როგორ შეიძლება ადამიანი მოარჩინოო და ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა მახსენდება:
მომიყვანეს ერთი ძალიან სკეპტიკოსი ადამიანი, რომელიც ბევრგან იყო უკვე და გამაფრთხილეს, არ სჯერა ფსიქოთერაპიის არაფერიო. მოვიდა და მეუბნება, რა გგონია, ახლა ლაპარაკით მომარჩენო?
ვუთხარი, იცი რა? შენისთანა გაუზრდელს და უვიცს არაფერი ეშველება-მეთქი. წამოხტა, რას მეუბნებიო, შეურაცხყოფას მაყენებო? დამშვიდდი-მეთქი, აბა დააკვირდი რა მოხდა-მეთქი, გაღიზიანდი, გული აგიჩქარდა, ხელები შეგეკრა, მზად იყავი იერიშზე გადმოსულიყავი და ეს ყველაფერი რამ გააკეთა? სიტყვამ და თუ სიტყვას შეუძლია ასე გამოგიყვანოს წყობილებიდან, მდგომარეობიდან და ასეთი უარყოფითი ცვლილებები მოახდინოს, მაშინ რატომ არ შეუძლია დადებითი ცვლილებების მოხდენა-მეთქი? მოკლედ, გაეცინა, დაჯდა და ვიმუშავეთ.
ხშირად ადამიანებს მაგალითი სჭირდებათ, რომ დაინახონ სიტყვას რამხელა ძალა აქვს. პირველად იყო სიტყვა.
მყავდა ერთი ადამიანი, რომელიც მეუბნება, აღარ მინდა ეს ერთი და იგივე ლოცვა, სიტყვები, ერთხელ ხომ ვუთხარი ღმერთს და გაიგოო.
ვუთხარი, წარმოიდგინე, ქვა აიღე და დაარტყი ერთხელ ჩაქუჩი, გატყდა? არა.
მეორედ, მესამედ, მეასე დარტმაზე? გატყდა!
რომელმა დარტყმამ გატეხა მეთქი? მეასემო, არა, ყველამ.
ცვლილებები თანდათან მოდის, ლოცვა ღმერთს კი არა ჩვენ გვჭირდება.
რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია იმის, რასაც აკეთებ. ჩვენი არაცნობიერი არის პატარა ბავშვი, რომელსაც არც ლაპარაკი ესმის, ვერც დასჯი, ერთადერთი რასაც ხედავს, არის ხატები, ანუ როცა ვიზუალიზაცია ეხმარება ჩვენს საუბარს, ფიქრს, ეს უფრო სხვანაირად მუშაობს.
ბავშვობაში ნათქვამი სიტყვები მთელ ცხოვრებას აპროგრამებს. მაგალითად: „შენგან არაფერი გამოვა“, „შენ ხარ უნიჭო“ და ბავშვი ამას იჯერებს. დიდობაში სიტყვები აღარ ახსოვს, მაგრამ ჩალექილია. დიდი მნიშვნელოვანია რას ეუბნება დედა, მამა. ეს არის ტატუები გულში, რომელიც არ ჩანს, თუმცა თერაპიაში ამის ამოტივტივება და შეცვლა ხდება“, - ამბობს ლალი ბადრიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: