„ნამდვილი განათლება... არის ქრისტეს ნათლით განათლება. ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც...“, - იქადაგა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საეკლესიო ახალ წელს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძმებო და დებო, ძვირფასო პროფესორ-მასწავლებლებო, სტუდენტებო, მოსწავლეებო,
გილოცავთ დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის – ინდიქტიონის დაწყებას და, ასევე, ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ახალი საეკლესიო წელი ნიშნავს, რომ დღეს იწყება საღვთისმსახურო ციკლი, რომელიც მთელი წელი გრძელდება. ამ ყოველწლიურ საღვთისმსახურო ციკლში შედის როგორც ყოველდღიური სადღეღამისო ღვთისმსახურება, ყოველკვირეული, ასევე – უძრავი და მოძრავი დღესასწაულები, დიდი მარხვის პერიოდი, მარხვის შემდგომი, ზატიკის პერიოდი და ა. შ. ეს გრძელდება ერთი წლის განმავლობაში და იწყება დღევანდელ დღეს, ვინაიდან ბიზანტიის ეპოქაში საერო ახალი წელი იწყებოდა ამ დღეს, ანუ ძველი სტილით 1-ელ სექტემბერს. რა თქმა უნდა, ამას ემთხვეოდა საეკლესიო ახალი წელიც. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ახალი წლის აღნიშვნა გადაიტანეს 1-ელ იანვარს, საეკლესიო წლის დასაწყისი კი დარჩა მაინც 1-ელ სექტემბერს მართლმადიდებელ ეკლესიაში. გილოცავთ ამ დღეს!
ახალი წლის დასაწყისში ყოველთვის გვაქვს იმედები, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულშიც, ჩვენს ცხოვრებაშიც, ჩვენს საღვთისმსახურო და სულიერ ცხოვრებაშიც. მოგვმადლოს უფალმა ამ იმედების გამართლება.
როგორც გითხარით, დღეს ასევე იწყება სასწავლო წელი. ჩვენს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, სხვა სასულიერო სასწავლებლებში დღეს იწყება სწავლა, ხოლო ხვალიდან – საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც. გილოცავთ ყველას ამ დღეს!
დღეს აღვავლინეთ ლოცვები იმისთვის, რომ ვთხოვოთ უფალს მადლი და შეწევნა ამ სასწავლო წლისთვის.
სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ნებისყოფას. ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე. თუ დააკვირდით, დღევანდელ მსახურებაში მთავარი ყურადღება გამახვილებული იყო სიბრძნის მოხვეჭაზე, გონების განათლებაზე და არა მხოლოდ ცალკეული დისციპლინის შესწავლასა და სიბეჯითეზე რომელიმე კონკრეტული მიმართულებით.
როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა, მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა, თუ ვერცხლის მოხვეჭაზე (იგავ. 16, 16). სიბრძნის დასაწყისი კი რა არის? ხომ გახსოვთ ცნობილი ბიბლიური სიტყვები? – ღვთის შიში (იგავ. 1, 7).
ასე რომ, თუ გვინდა, მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება და მოვიპოვოთ სიბრძნე, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, თუ მეხსიერების განვითარებით. რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ეს არის სულიერი განვითარება, რაც არის სწორედ სიბრძნე.
როდესაც განათლების დროს ხდება უგულებელყოფა ამ მიმართულების – სულიერი განათლების, სულიერი განვითარების, ეს ძალიან საზიანოა, რადგან თუ ადამიანს არ აქვს კეთილი გული, მისი ცოდნა უნაყოფო, საზიანოც და სახიფათოც ხდება. ვაი, იმ ადამიანს, ვინც შეიძენს დიდ ცოდნას, მაგრამ თავის სულს და გულს დააცარიელებს. ამიტომ ცოდნის მიღებასთან ერთად, პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭაზე. სათნოება არის ღვთისთვის მოსაწონი თვისებები, იმიტომ, რომ მათ გარეშე არანაირი სიბრძნე ჩვენთან არ მოვა. ამის გარეშე, რაც არ უნდა დიდი ინტელექტის ადამიანი იყოს, რაგინდ დიდი განათლება ჰქონდეს, ასეთი ადამიანი სულიერად მაინც ბრმა რჩება და უშვებს დიდ შეცდომებს, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ა. შ.
ამიტომ, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, განსაკუთრებით ჩვენს სასულიერო სასწავლებლებში და არა მარტო მათში, არამედ, ზოგადად, ჩვენს სასწავლებლებში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ნამდვილი განათლებაც.
რა არის ნამდვილი განათლება? როგორც გითხარით, ეს არის ქრისტეს ნათლით განათლება. აი, ეს სინათლე უნდა შემოვიდეს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, სიკეთე უნდა სუფევდეს ჩვენს სულსა და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში. მაშინ გავახარებთ ღმერთსაც, გამოვადგებით სამშობლოსაც და დავეხმარებით ადამიანებსაც, აღვაშენებთ მათ სულებს და ნუგეშისცემას მივანიჭებთ, რაც არის უმთავრესი.
ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.
კიდევ და კიდევ გვახსენდება ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. დღეს პირველი საეკლესიო წლის დასაწყისია, როდესაც მის გარეშე ვლოცულობთ. რა თქმა უნდა, ვიხსენიებთ მას და გვახსენდება ის, რომ სწორედ ამას გვიქადაგებდა მისი უწმინდესობა. ეს არის ნამდვილი წმინდა მამების სწავლება. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ყოველთვის ხაზს უსვამდა ამას, რომ განათლებაში უმთავრესია სულიერი განათლება, გულის სიწმინდე და გულის განათლება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ახალ საეკლესიო წელს, სწავლის დაწყებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს ეს ახალი წელიწადი მშვიდობით, სიკეთით, სიყვარულით. ღმერთმა დალოცოს, ძვირფასო ბავშვებო, ძვირფასო სტუდენტებო, პედაგოგებო, თქვენი შრომა, თქვენი სწავლა, თქვენი მეცადინეობა და მოგმადლოთ როგორც ამქვეყნიური, ცხოვრებისეული სიბრძნე, რაც ძალიან საჭიროა და რაც კიდევ მეტად საჭიროა – სულიერი სიბრძნითაც აღგავსოთ. ამინ!“, - იქადაგა პატრიარქმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დახვეწილი ქალბატონი“ - რა კადრებს აქვეყნებს გვანცა დარასელია
🎥 როლიკო ოქროპირიძის ბრწყინვალედ შესრულებული ლექსი - „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“