დღეს, 27 აპრილს, ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იუბილარია - იგი 68 წლის გახდა.
მიხეილ ცაგარელი დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტროლოგია, თუმცა წლების წინ მისი სახელი სულ სხვა სფეროსთან - მუსიკასთან ასოცირდებოდა. აფხაზეთში დაბადებული, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ გაზრდილი ბიჭის ინტერესი ეზოტერიკის მიმართ ადრეულ ბავშვობაში გაჩნდა, თუმცა ცხოვრებამ ის სცენისკენ მიიყვანა.
„ჰიპური“ პერიოდი და მუსიკალური კარიერა
1960-იან წლებში „ბიტლომანიის“ ტალღაზე, ახალგაზრდა მიხეილი აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ ცხოვრებაში. როგორც თავად იხსენებს, ის იყო გრძელთმიანი, „შლაქსებში“ გამოწყობილი ახალგაზრდა, რომელიც თბილისის კაფე „მეტროში“ უკრავდა.
მან რამდენიმე ანსამბლიც ჩამოაყალიბა, მათ შორის „ლია“ და „საქართველოს ბუნება“. ჯგუფი იმდენად პოპულარული და დასამახსოვრებელი იყო, რომ მოსკოვში გამართულ მსოფლიო კონგრესზეც კი წარსდგნენ, სადაც მათი გამოსვლა BBC-სა და „სიენენის“ კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა. საბჭოთა ცენზურის პირობებში, დასავლური სტილის სიმღერების შესრულება ადვილი არ იყო, ამიტომ არტისტმა დიპლომატიური ფანდებიც კი გამოიყენა, მაგალითად, სიმღერები ანჯელა დევისს მიუძღვნა, რათა აკრძალვისგან თავი დაეღწია.

დაავადება, როგორც „გაფრთხილება“
მიხეილ ცაგარელის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება მძიმე დაავადებამ, მონონუკლეოზმა გამოიწვია. როგორც თავად ამბობს, სიკვდილთან პირისპირ შეხვედრამ მას აზროვნება შეუცვალა.
„სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს იყო დასჯა. მივხვდი, რომ ჩემი წინა ცხოვრება იყო დაკავშირებული მუსიკასთან, დროსტარებასთან და ვერ გავხდი ორგანიზებული... ამ ტაშფანდურის გამო, დავისაჯე დაავადებით“, - იხსენებს ასტროლოგი.

სწორედ ამ პერიოდში, საწოლში მიჯაჭვულმა, ხელში შემთხვევით ასტროლოგიური წიგნი ჩაიგდო. კუროს ზოდიაქოს აღწერის კითხვამ მასში გარდატეხა მოახდინა. ამის შემდეგ მან უარი თქვა ალკოჰოლზე, მავნე ჩვევებზე და სულიერი განვითარების გზას დაადგა.
ახალი მისია
ინდოეთში მოგზაურობამ და კოსმიური მისიების გააზრებამ მიხეილ ცაგარელი მეცნიერული და ეზოტერული ცოდნისკენ მიმართა. დღეს ის დარწმუნებულია, რომ მუსიკალური კარიერის დასრულება და ასტროლოგიაში გადასვლა შემთხვევითი არ ყოფილა, ეს იყო მისი „კარმული ვალის“ გასტუმრებისა და საკუთარი თავის პოვნის გზა.
„ამ ცვლილებამ მოიტანა ნამდვილი საჩუქრები: სრულიად გამოვჯანმრთელდი, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდნენ საინტერესო ადამიანები და გავხდი ცნობადი. ამ ყველაფერმა დამიდასტურა, თუ რა ძალა აქვს საკუთარი კოსმიური მისიის შესრულებას“,- აღნიშნავს ცაგარელი.
