ჯერ სწავლა, შემდეგ კარიერა, მოგზაურობა, გართობა, საკუთარი ბინა, ფინანსური დამოუკიდებლობა და შვილები მოგვიანებით. თანამედროვე ადამიანის გეგმებში თითქოს ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი, გარდა ერთისა, როდის გახდეს მშობელი!
ამ ფონზე დღეს მსოფლიო უკვე მწვავე დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას და შობადობის მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყნებში რეკორდულად იკლებს. მაგალითად, თუ გასული საუკუნის 60-იან წლებში ერთი ქალი საშუალოდ ხუთ ბავშვს აჩენდა, დღეს ეს მონაცემი არის ნახევარზე მეტად შემცირებული.
განვითარებულ ქვეყნებში კი ეს ციფრი არის კიდევ უფრო დაბალი და თაობათა ჩანაცვლების კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ არის ჩამოსული. შედეგად, შობადობის კლება დღეს ღარიბი ქვეყნების პრობლემა არ არის და პირიქით, მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ სახელმწიფოებში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. მაგალითად, სამხრეთ-კორეა, ტექნოლოგიური გიგანტი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა დღეს ყველაზე მწვავე დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში ადამიანებს ფაქტობრივად აქვთ ყველაფერი, გარდა შვილების გაჩენის სურვილისა, შესაბამისად სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ თუ სამედიცინო ფაქტორებთან ერთად დღეს აი, ეს თანამედროვე რეალობა, სწრაფი პროგრესი, კომფორტი, კეთილდღეობამ და კონტრაცეფციაზე მარტივმა ხელმისაწვდომობამ პრიორიტეტები ძირფესვიანად შეცვალა და თუ ადრე ოჯახი და შვილები პიროვნული რეალიზების მთავარი საზომი იყო, დღეს წარმატების ფორმულა ხშირად მხოლოდ კარიერასა და ინდივიდუალურ სურვილებზე გადის.
როგორ შეიცვალა ადამიანის ფსიქოლოგია, რატომ აღარ ასოცირდება ბედნიერება პირობითად მრავალშვილიან ოჯახთან, ამ ტენდენციებზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ იმსჯელა:
„გარკვეული პროპაგანდის შედეგია. ვახსენეთ რეალიზება საკუთარი თავის, რატომ უნდა ჩავთვალოთ, რომ რეალიზებული არ ხარ, როცა შვილი გყავს და კარგი ოჯახი გყავს, ესე იგი ამას არ ერქმევა რეალიზაცია ხო? დაარქვეს სხვა რაღაცას. ვმუშაობ სამსახურში, ვიღაცისთვის, ამ დროს ადამიანს ეჩვენება, რომ თავის თავზე მუშაობს. როცა თავისი ოჯახი, შვილები არ მიაჩნიათ თავის თავზე მუშაობა, ხო ცოტა უცნაურია.
არჩევანს ადამიანი თვითონ აკეთებს“, - ამბობს ფსიქოლოგი.
შობადობის კლება უკვე არის, რა თქმა უნდა, მკაფიო დემოგრაფიული პრობლემა სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც. მხოლოდ 2024-დან 2025 წლამდე შობადობა 4%-ით შემცირდა, რასაც სხვადასხვა მიზეზებთან ერთად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ 9-იან წლებში უშუქობის ომისა და გაჭირვების პერიოდში საქართველოში ცოტა ბავშვი დაიბადა და ასევე მსოფლიოში, რომლებიც ახლა არიან რეპროდუქციულ ასაკში. შესაბამისად დღეს პოტენციური დედების რაოდენობა არის ფიზიკურად ცოტა და კიდევ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. რას ამბობს ციფრები და როგორია სურათი საქართველოში? იხილეთ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორის პასუხი:
„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბადებულთა რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. რაც შეეხება 2026 წლის ექვსი თვის მონაცემებს, დაახლოებით 17 000 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა დაახლოებით 23 000 შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ქალაქ თბილისის გარდა მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში შეინიშნება“, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
ჩვენი თანამედროვე გეგმები და ბიოლოგიური საათი არის ერთმანეთს აცდენილი და მსოფლიოში შობადობის კლების კიდევ ერთი გამომწვევი მიზეზი უნაყოფობის მზარდი სტატისტიკაა, რასაც სხვადასხვა სამედიცინო პრობლემა იწვევს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ასაკობრივი ბარიერია, რადგან დაორსულების შანსი წლების გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მცირდება. ამ თემაზე გინეკოლოგი მადონა ჯუღელი საუბრობს:
„რა თქმა უნდა უნაყოფობა დღევანდელ დღეს როგორც ასეთი მოიმატა და ჯანმო ამბობს, რომ ყოველი მეექვსე ადამიანი აწყდება ამ პრობლემას, ვგეგმავთ ორსულობას უკვე გვიან და სამწუხაროდ, უკვე ჩვენი გეგმა და ბიოლოგიური ბარიერი ვეღარ მეგობრობენ, ამიტომაც ყოველთვის ვიცოდეთ, რომ 32 წლის შემდეგ ჩვენი რეპროდუქციული პოტენციალი მცირდება და ისიც იცოდეთ, რომ მარტო ქალი ამაში დამნაშავე არ არის, 50% მოდის ქალბატონებზე, 50 მამაკაცებზე.
ფაქტორები, რომელიც დღეს უნაყოფობას განაპირობებენ, აგრესიული ფაქტორებით შემოვიდა. ეს არის ალკოჰოლი, ეს არის თამბაქო, ეს არის დაბინძურებული ფაქტორები. თუ 25 წლის გოგონას ყოველ ციკლში 25% აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ორსულობა დადგეს, 40 წლის შემდეგ ეს 5%-ია და მეტი არა“, - ამბობს მადონა ჯუღელი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძმის ქორწილში მოკლული პირის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - დეტალები