Digest Logo

სიმპტომებამდე აღმოჩენილი დაავადებები - როგორ ცვლიან ჭკვიანი საათები, სამაჯურები, ციფრული ბეჭდები და სხვა სენსორული მოწყობილობები ჩვენს ყოველდღიურობას

1783884450
ჭკვიანი საათი

წარმოიდგინეთ, რომ თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობთ, არაფერს უჩივით, მაგრამ სწორედ ამ დროს თქვენი ჭკვიანი საათი გაფრთხილებთ, რომ სხეულში რაღაც შეიცვალა. ექიმთან მისვლის შემდეგ კი ირკვევა, რომ დაავადება ჯერ კიდევ სიმპტომების გამოვლენამდე აღმოაჩინეთ.

დღეს სამედიცინო მეთვალყურეობა კლინიკის კედლებს გასცდა. მედიცინა თანდათან გადადის პერიოდული შემოწმების მოდელიდან პაციენტის უწყვეტი მონიტორინგის რეჟიმზე.

ჭკვიანი საათები, სამაჯურები, ციფრული ბეჭდები და სხვა სენსორული გაჯეტები ადამიანის ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში აკვირდებიან. ისინი მუდმივად აგროვებენ ინფორმაციას გულისცემის, სხეულის ტემპერატურის, სუნთქვის, ძილის, სისხლში ჟანგბადის შემცველობისა და სხვა მაჩვენებლების შესახებ.

მიზანი ერთია: ადამიანმა საკუთარ სხეულში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები რაც შეიძლება ადრე შეამჩნიოს, მაშინაც კი, თუ სიმპტომურად თავს სრულიად კარგად გრძნობს.

თუმცა, ამ მოწყობილობების დანიშნულება დიაგნოზის დასმა არ არის. ისინი მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას, ხოლო დიაგნოზს კვლავ ექიმი სვამს და და შესაბამის მკურნალობასაც ის განსაზღვრავს.

უწყვეტი მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დაავადებების შემთხვევაში, რომლებიც ხშირად სიმპტომების გარეშე ვითარდება. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი წინა გულების ფიბრილაციაა.

ეს არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ხშირად ყოველგვარი სიმპტომის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა ინსულტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, რომლებიც Apple Watch-ს იყენებდნენ, წინაგულების ფიბრილაცია ოთხჯერ უფრო ხშირად აღმოაჩინეს, ვიდრე იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობასაც სტანდარტული მეთოდებით აკვირდებოდნენ. მათ არც კი იცოდნენ, რომ გულის რიტმი დარღვეული ჰქონდათ.

თუმცა გულის რიტმი მხოლოდ ერთია იმ მრავალ მაჩვენებელს შორის, რომელსაც თანამედროვე მოწყობილობები უწყვეტად აკვირდებიან. მათ შეუძლიათ ძილის დროს სუნთქვის დარღვევების დაფიქსირება, დაცემის შემთხვევაში კი სასწრაფო დახმარების სამსახურის ან ოჯახის წევრების ავტომატურად გაფრთხილება.

სულ უფრო მეტი კლინიკა და სამედიცინო დაწესებულება იყენებს დისტანციური მონიტორინგის სისტემებს, რათა ექიმებმა პაციენტის მდგომარეობა ვიზიტებს შორის პერიოდშიც შეაფასონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში.

თუ აქამდე ექიმი პაციენტის მდგომარეობას მხოლოდ კონკრეტულ დროს აფასებდა, ახლა ინფორმაცია უწყვეტად გროვდება. ანალიტიკური სისტემები და ხელოვნური ინტელექტი ამ მონაცემებს ამუშავებენ, რათა მნიშვნელოვანი ცვლილებები დროულად გამოიკვეთოს.

ტექნოლოგია ექიმს ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა მას შეუძლია ყველაზე მნიშვნელოვანი მოგვცეს. დრო.

როგორი იქნება მომავლის მედიცინა? თუ აქამდე მისი მთავარი ამოცანა დაავადების მკურნალობა იყო, მომდევნო ეტაპი მისი რაც შეიძლება ადრე აღმოჩენაა. ხშირად ყველაზე დიდი უპირატესობა არც ახალი წამალი და არც მკურნალობის ახალი მეთოდია, არამედ ეს არის შესაძლებლობა, დაავადების შესახებ გავიგოთ მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ არ შეუცვლია ჩვენი ცხოვრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„პრაქტიკული გადაწყვეტილებები, სტაბილურობა და დასვენებისთვის საუკეთესო დრო“ - ქეთევან ჯანდიერი კვირის ენერგიებზე

„ქალიშვილობა მედიცინაში არ არსებობს და არც არის დამოკიდებული ჰიმენის, ე.წ. აპკის მდგომარეობაზე“ - რას წერს ექიმი

„ყველაფერი, რაც ახლა გვიბრუნდება, შემთხვევითი არ არის...“ - რას წერს ასტროლოგი 14 ივლისის ახალმთვარეობაზე

წყარო: rustavi2.ge