
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად, „ფეისბუკის“ მის ოფიციალურ გვერდზე, სადაც პერიოდულად მისი ქადაგებები ქვეყნდება ახალი ქადაგებიდან ამონარიდი გავრცელდა:
„სინანულზე ძალიან ბევრი დაწერილა - მაგრამ ეს თემა ამოუწურავია;
ძალიან ბევრს ვსაუბრობთ,
ძალიან ხშირად გვიწევს ერთგვარი კორექტირების შეტანა ადამიანის მსოფლმხედველობაში,
იმიტომ, რომ ადამიანს, ძალიან ხშირად, სინდისის ქენჯნა სინანული ჰგონია,
და სინდისის ქენჯნა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სინანულისთვის,
და ვერავითარ შემთხვევაში, ინსტრუმენტი, თავად სინანულამდე ვერ დაიყვანება.
სინანული ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებული სწრაფვა განკაცებული ღმერთისაკენ,
მისი ნების აღსრულების უდიდესი სურვილით;
ამისათვის ჩვენ ცოტათი მაინც უნდა ვიცოდეთ ღმერთს რა უნდა და ვიცნობდეთ მას;
ამისათვის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვიმყოფებით,
და რა მიმართულებით უნდა ვიაროთ,
ეს აბსოლუტურად გააზრებული უნდა გვქონდეს,
გათვითცნობიერებული უნდა გვქონდეს,
და სრული პასუხისმგებლობით მივდიოდეთ მიზნისაკენ, ისე როგორც უდაბნოში, ან ზღვაში მყოფი ადამიანი, რომელსაც აქვს, რუკა, კომპასი, თანამედროვე საშუალებები და მიზანი - საით უნდა წავიდეს,
და მან ზუსტად იცის როგორ იაროს,
და თუ ეს გზის გაგნების საშუალებები მას არ აქვს და არც კი იცის საით წავიდეს - ის აუცილებლად დაიღუპება...
ჩვენც ვიმყოფებით ამა სოფლის ზღვაში,
ამა სოფლის უდაბნოში,
და სინანულის არ ქონის შემთხვევაში, ანუ ჩვენი სულიერი ცხოვრების არასწორად წარმართვის შემთხვევაში - აუცილებლად დავიღუპებით...“
ამონარიდი ქადაგებიდან | 02.03.2023