Digest Logo

„სხვა ქვეყანაში უცებ რომ ეჯახები სხვა რეალობას და გააზრების პროცესში ხარ, რთულია და ცოტა შიშის შეგრძნებაც ჩნდება“ - რატომ დატოვა საქართველო მალიბუ ტუღუშმა

1669103791
მალიბუ

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მალიბუ ტუღუშმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში ახალი ცხოვრება დაიწყო. მართალია, თავისი ქვეყნიდან შორს არის, თუმცა ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩავიდა, სადაც თავის დიდი ხნის ოცნებას აიხდენს. უცხო გარემოში, სრულიად მარტო დარჩენილს, ნოსტალგიაც ჰქონდა და შიშებიც, თუმცა ფიქრობს, გადაულახავი არაფერია, თუ იმ მიზნისკენ მიდიხარ და იმისთვის იბრძვი, რაც შენი ბედნიერებისთვის აუცილებელია. 

– მალიბუ, რამდენი ხანია, რაც სამშობლოდან გაემგზავრე და რა მიზნით ჩახვედი ამერიკაში?

– დაახლოებით, ორი თვეა, ამერიკაში ვარ. თავიდან კალიფორნიაში ჩამოვედი, სამი კვირა გავჩერდი და ახლა ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ვინც მიცნობს, იცის, რომ ბავშვობიდან ოცნებად მქონდა ამერიკაში წამოსვლა. თითქოს, ჩემი ხმა მეუბნებოდა: აუცილებლად უნდა წახვიდეო. რომ მკითხოთ აქ ჩამოსვლის განსაკუთრებული მიზეზი, ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ეს ჩემი ოცნება იყო. ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ჩემი ადგილი აქაა და ამერიკაში უნდა ვიყო.

– ხომ არ იყო წასვლის მიზეზი ის, რომ ფიქრობ, აქ შესაბამისად ვერ დააფასეს შენი ნიჭი, მონაცემები და შესაძლებლობები?

– ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და იმაზეც მიფიქრია, ჩემს ქვეყანაში უფრო მეტი შესაძლებლობა რომ მქონოდა, ალბათ, უკან მოვიტოვებდი სხვა ქვეყანაზე ფიქრს-მეთქი. თუმცა, საქართველოში ბევრს უყვარს ჩემი სიმღერები და ჩემ მიმართ დიდ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. სხვათა შორის, ქართველ ემიგრანტებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ჩამოსვლა. დამირეკეს: აქ ხარ? იქნებ, საღამო მოაწყო ჩვენთვის და გვიმღეროო. ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, ჩემს ქვეყანაში არ მაფასებდნენ და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი-მეთქი, თუმცა არის რაღაცები, რაც ადამიანებს არ გვყოფნის და უფრო მეტი გვინდა. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ, მეტი და მეტი მინდა, გავაკეთო და შედეგით მეტი სიამოვნება მივიღო. მინდა, უფრო დიდი რაღაცები ვაკეთო, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში სიმღერაა. ასაკით, ჯერ საკმაოდ პატარა ვარ – 24 წლის და მგონია, გამოცდილების მიღებისთვის, ამერიკა ჩემთვის ზუსტი ადგილია და არც იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რომ არ გამომივიდეს, მერე რა ვქნა-მეთქი. არ გამომივა და ვიცი, ჩემი ქვეყანა სულ მელოდება და სიამოვნებითა და სიხარულით მიმიღებს.

– ანუ, როგორც მივხვდი, დიდი ხანი აღარ აპირებ უკან დაბრუნებას. ასეა?

– კი, ნამდვილად ასეა.

– და მაინც, რა არის შენი ამერიკული ოცნება?

– ბევრს უკითხავს: რა არის შენი ამერიკული ოცნება, რას გინდა მიაღწიოო. მგონია, კონკრეტული – ამას უნდა მივაღწიო-მეთქი, არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, შინაგანად ვიყო ბედნიერი, ემოციებით სავსე, ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, არ მომენატროს მუსიკა – ვიმღერო, როცა მუზა მოვა, დავჯდე კლავიშთან და სიმღერა დავწერო, წავიდე სტუდიაში და ჩავწერო. კონკრეტული მიზანი, რომ თუ ვარსკვლავებს არ მოვწყვეტ, მორჩა, დამთავრდაო, მე ეს არ მგონია და არც ასე ვარ. მუსიკოსისთვის მთავარი მიზანია ის, რომ ყოველთვის ჰქონდეს მუზა, სურვილი და შინაგანი შესაძლებლობა, აკეთოს მუსიკა და თუ სწორი გზით მიდიხარ, შენს ადგილს აუცილებლად ნახავ, სადღაც აუცილებლად დაგიფასდება. ასე რომ, ჩემთვის მთავარია, ვიპოვო ადგილი, სადაც ბედნიერი ვიქნები და ჩემი დედიკოც მყავდეს მშვიდად და ჩემ გვერდით.

– ამ სიტყვებით, შენი ბედნიერების ფორმულა განმარტე. მაგრამ, ამ ბედნიერებასთან ახლოს ხარ?

– არა, ჯერ ბედნიერებაზე საუბარი ზედმეტია, თუმცა ამისთვის ვარ აქ და იმისთვის ვშრომობ და ვაკეთებ ყველაფერს, რომ ეს შეგრძნება ერთხელ მაინც მქონდეს ცხოვრებაში, რასაც სრულყოფილი ბედნიერება ჰქვია. ასე რომ, ძალიან შორს ვარ ბედნიერებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ. საკუთარ თავთან სრულყოფილებაში რომ მივალ, მერე შევიგრძნობ და ვიტყვი – მე ბედნიერი ვარ!

– მუშაობა დაიწყე, თუ ჯერ აკლიმატიზაციისა და ძებნის პროცესში ხარ?

– პირველივე დღიდან, რაც ჩამოვედი, სულ იმაზე ვლაპარაკობ, რომ ჯერ საქმეს უნდა მივხედო და მერე დავათვალიერო ლამაზი ადგილები. მეუბნებოდნენ: დაიცადე, ჯერ ნახე და მერე იფიქრე საქმეზეო. არ შემიძლია, უსაქმურად ვიყო, ვისეირნო და ვათვალიერო რაღაცები. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა. ეს ამერიკაა და აქ არავის აინტერესებს, ვინაა მალიბუ ტუღუში, შენ თვითონ უნდა შექმნა შენი თავი. ყველაზე მეტად, იცით, რა მომწონს ამერიკაში? სულ თავიდან უნდა შევქმნა ჩემი პიროვნება.

– ქართველი ემიგრანტები რომ ახსენე?

– აქ ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ზედმეტად არც არავინ ფიქრობს შენზე და არც არავინაა ვალდებული, იფიქროს. სხვა ქვეყანაში უცებ რომ ეჯახები სხვა რეალობას და გააზრების პროცესში ხარ, რთულია და ცოტა შიშის შეგრძნებაც ჩნდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რამე არასწორი ვთქვი? გთხოვთ, მაცადეთ მუშაობა“ - კონფლიქტი მადონა კოიძესა და ერთ-ერთ ობიექტის წარმომადგენელს შორის

🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🔵5 გეომაგნიტური დღე და 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

წყარო: tbiliselebi.ge