
„მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი, ზურაბ ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილი ტოტალურად გაყალბდა.
„სააკაშვილმა როგორც კი გაიგო, რომ პატრულმა მოკლა ადამიანი ადეიშვილი გააფრთხილა, ჩემი რეფორმაა და პატრულს არ შეეხოს არაფერიო, უთხრა პირდაპირ. ლევან გვაზავამ, მაშინდელი პოლიციის უფროსს, ზურაბ ბაქრაძეს უთხრა, გაავსე იქაურობა იარაღითო. ბაქრაძემ ჩაუდო ერთ-ერთ ბავშვს ჯიბეში „ლიმონკა“, გახეული ჰქონდა ჯიბე, თავში ჩაარტყა და დედა შეაგინა, დედა არ გყავს ჯიბე, რომ დაგიკეროსო. ბავშვები ისეთი ნაცემები მოვიდნენ პანაშვიდზე, რომ ცხვირ-პირი აღარ ჰქონდათ. მამუკა გვაზავა იყო ქვეგანყოფილების უფროსი სამტრედიის ქუჩაზე და იქ სცემეს ეს ბავშვები და ორი საათი ეყარნენ ძირს, სიცივეში. ბუტამ 35 წუთი იცოცხლა, გადარჩენით შეიძლება ვერ გადარჩენილიყო, სასწრაფო 3-4 წუთში მივიდა. სასწრაფოს ექიმი იყო დაბარებული სასამართლოზე და მისცა ჩვენება, რომ მე ვიყავი 4 წუთში იქ, ბუტაც დავინახე და სხვა ბიჭებიცო, არ მიმიშვეს, მითხრეს გარდაცვლილაო, მე იქ იარაღი არ მინახავსო. ტოტალურად გაყალბდა ყველაფერი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
როგორც სოსო რობაქიძე აცხადებს, დაუნდობელი იქნება ყველას მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს.
„დაუნდობელი ვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მკვლელობას აყალბებს, ვინც მკვლელს ხელს აფარებს და დაუნდობელი ვიქნები მთელი ცხოვრების განმავლობაში. ერთადერთი შვილი მყავდა, არაფრის გამო იღლიაში აქვს ტყვია მოხვედრილი, ბაბუა ვერ გავხდები და მათი შვილები ტორტის ჭამით სკდებიან. შეცოდებით შეიძლება ყველა შეგეცოდოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილიც ეცოდება ვინმეს, მაგრამ ნომერ პირველი ჯალათი ზის ციხეში, თუმცა არც ზის ციხეში. დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ არ ზის, ჩვენნაირი ხალხისთვის ესეც წამებაა. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
ცნობისთვის, 19 წლის ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. პატრულის მიერ გასროლილი ტყვიას 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე შეეწირა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება; კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე სამართალდაცავებმა დააკავეს. 2012 წელს ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 18 დეკემბერს დამნაშავედ ცნო.
ამავე თემაზე: