„თეატრის სცენა ემსახურება ძალიან მაღალ მხატვრულ ღირებულებებს, სადაც მაყურებელი უნდა მოდიოდეს, სიამოვნებას იღებდეს ამა თუ იმ კონკრეტული სპექტაკლიდან, პიესიდან. სპექტაკლის შემდეგ მსახიობი ჯერ კიდევ არ არის როლიდან გამოსული და სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - ეს ჩემთვის მიუღებელია“, - ასე ეხმაურება თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი მსახიობ დავით ბეშიტაიშვილის გამოსვლას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე სპექტაკლის შემდგომ, სადაც მან მაყურებელს პოლიტიკური განცხადებით მიმართა.
ბიბინეიშვილის განმარტებით, იგი წინააღმდეგია იმისა, რომ მსახიობმა სცენა გამოიყენოს პოლიტიკური განცხადებებისთვის.
„პირადად მე წინააღმდეგი ვარ, თეატრის სცენიდან პოლიტიკური განცხადებების. სცენა იმისთვის არის, რომ ემსახურო თეატრს და შენს საქმიანობას. ამ საქმიანობით თუკი რამე სათქმელი გაქვს, სიამოვნებით მოგისმენს მაყურებელი და სიამოვნებით გამოიტანს შემდეგ მაყურებელი აზრს. სპექტაკლის შემდეგ მსახიობი ჯერ კიდევ არ არის როლიდან გამოსული და სცენიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - ეს ჩემთვის მიუღებელია“,- ამბობს ანრი „დაიჯესტთან“ საუბარში.
კითხვაზე, თავად კანონთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვს, ასე გვიპასუხა:
„კანონი, როგორც ჩემთვის ცნობილია, ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში და ასევე აშშ-ში, ავსტრალიაში და ისრაელშიც არის, მოქმედებს, ხომ? შესაბამისად, მე საწინააღმდეგოს ვერაფერს ვერ ვხედავ. თუკი ეს კანონი გამჭვირვალეა და გამჭვირვალობას მოითხოვს დაფინანსების წყაროსთან მიმართებაში და ვალდებულება ექნება, დავუშვათ, სხვა და სხვა „ენჯეო“ იქნება ეს თუ რაღაც ორგანიზაცია, წლის ბოლოს შეავსონ დეკლარაცია, ვინ საიდან და რამდენით ფინანსდება, რატომ ფინანსდება, სახელმწიფო ამის საქმის კურსში იყოს და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ საიდან ფინანსდება, მე მგონი, ურიგო არაფერი არ არის.
ეს რომ იყოს კანონი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით მარწუხებში ქსოვს, სხვა ამბავია, მაგრამ ამ კანონში მსგავსი საფრთხე ღიად და ფარულად არაფერი არ არის. რაც წავიკითხე, რაც საზოგადოებამდე მოსულია, იქ მსგავსი არაფერი წერია.
ვერ ვხვდები, რუსული რა არის ამ კანონში, გულწრფელად მაინტერესებს, პასუხსაც ვერ ვიღებ ვერავისგან. ჩემდა სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ფრაზები მესმის: „არა რუსულ კანონს“, ისევე როგორც მე შემიძლია ვთქვა, „არა მალაიზიურ კოღოს“ და „არა ჩინურ მასაჟს“.
ყოველ შემთხვევაში, მე მგონია, რომ მსახიობის საქმე არის თეატრში. თორემ თეატრიდან რომ გავდივართ, ჩვენ მოქალაქეები ვართ და მოქალაქეობრივი პოზიცია გაგვაჩნია.
არაერთხელ გამიკეთებია კომენტარი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ არა თეატრის სცენიდან, სცენა ცოტა სხვა რამეა. თეატრის სცენა ემსახურება ძალიან მაღალ მხატვრულ ღირებულებებს, სადაც მაყურებელი უნდა მოდიოდეს, სიამოვნებას იღებდეს, ამა თუ იმ კონკრეტული სპექტაკლიდან, პიესიდან, თუ რეჟისურით, თუ პერსონაჟით და ა.შ. მაგრამ ის, რომ სპექტაკლის შემდეგ გამოვიდე მსახიობი და ვთქვა რაღაც პოლიტიკური შინაარსის, ჩემთვის მიუღებელია“,- განუცხადა „დაიჯესტს“ მსახიობმა.