სურსათი, მედიკამენტები, საწვავი - ეს ის პროდუქტებია, რომელთა მაღალი ფასიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მთავარი გამოწვევაა. მოქალაქეების პრობლემის გადაჭრა პრემიერ-მინისტრმა თავდაპირველად პრობლემის შესწავლით - ფასების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნით დაიწყო. რა იწვევს საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების სიძვირეს - საკითხს სწავლობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს სპეციალური საპარლამენტო კომისიაც. საკანონმდებლო ორგანოში 2 სხდომა უკვე ჩატარდა.
პირველ სხდომაზე კანონმდებლებმა რძის, კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. დამატებითი ღირებულების გადასახადთან ერთად, ბიზნესმენებმა იმ ფაქტორებზეც ისაუბრეს, რაც ქსელურ მარკეტებში პროდუქციის ფასს განსაზღვრავს, ასევე, ფასწარმოქმნის ჯაჭვზე და იმ სხვაობაზე, რომლის გადახდაც მომხმარებლებს, პროდუქციის დამზადებიდან დახლამდე მიტანაში უწევთ.
პირველი სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ სასურსათო პროდუქციის ფასებით, საპარლამენტო კომისიის პარალელურად, საერთაშორისო კომპანიაც დაინტერესდება. ინიციატივას დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს. ტენდერის მეშვეობით შერჩეული კომპანია, საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სექტორს, ბიზნესპროცესებს და არსებულ გამოწვევებს შეისწავლის. საქართველოს ბაზარს შეადარებს სხვა ქვეყნების ბაზრის სტრუქტურას და საკუთარ რეკომენდაციებსაც გასცემს.
კანონმდებლების კითხვები და მიზნები არც მეორე სხდომაზე შეცვლილა. პარლამენტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შეხვედრა სხვადასხვა პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებთან უკვე გამართა. დისკუსიის მთავარი თემა კვლავ ამა თუ იმ პროდუქტზე ფასწარმოქმნის ჯაჭვის განხილვა იყო. გაირკვა, რომ მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული, პროდუქტის დახლზე განთავსების პირობებია.
ხუთი პრობლემა, რაც სასურსათო ფასების გაძვირებას იწვევს - საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ "კურიერი P.S."-თან კომისიის მიერ ჩატარებული 2 სხდომა შეაჯამა. შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, პრობლემების იდენტიფიცირება ამ პრობლემების შემსწავლელ გუნდს სწორი ანალიზის გაკეთებაში დაეხმარება, რაც თავის მხრივ ეფექტური მექანიზმების დანერგვას შეუწყობს ხელს.
პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ იმ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს ფასების კორექციას და გაზრდის ბიზნესკონკურენციას - საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტული შედეგის მოლოდინშია.
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომები გაგრძელდება. ადგილობრივ მეწარმეებთან კიდევ ერთი შეხვედრა კომისიის ფორმატში, მომდევნო კვირაშიც გაიმართება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში და რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად?
🎥 „ეს არის პატიოსანი კაცი, ჩააბარა ტესტი“ - ნანუკა გულუა სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
წყარო: rustavi2.ge