Digest Logo

„ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს“- გიორგი კეკელიძე

1696310850
გიორგი კეკელიძე

„ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა - როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის - რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს“,- ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ადამიანს ანადგურებს ტაბუ, იგივე რომელმაც შექმნა ის.

„ბავშვობისას, ძილის წინ, საწოლის ქვეშ სამჯერ შეგიხედავთ? ხოლმე კი არა - სულ, დღეარგამოშვებით. ფილებს თუ წააწყდებოდით, თითო ფილა გამოტოვებით გიზომავთ ნაბიჯები? ყოველი მეათე ფურცლის წაკითხვისას წიგნზე წკიპურტი დაგირტყამთ? მე - კი. სხვანაირად არ შემეძლო.

სხვანაირად მეგონა დედამიწა გაჩერდებოდა.

ერთხელ, შუაღამე იქნებოდა, ავიკვიატე, რომ სათხილეში, ბოლო ხისთვის ხელი უნდა მიმედო და უკან დავბრუნებულიყავი.

ძალიან მეშინოდა, მაგრამ უფრო ჩათქმის არაღასრულების, ვიდრე უმთვარეო ცის და ავსულების. წამოვდექი, ჩუმად ჩავიპარე და წავედი. მივრბოდი - თან კანკალით და თან სიხარულით. მივადე ხელი, გამოვიქეცი და ამოვისუნთქე.

დავწექი და საკუთარი თავისგან დაცულის სიმშვიდით დავიძინე.

ეგ არის ყველაზე დიდი სიმშვიდე სიმშვიდეთაგან - უბრალოდ, მერე იზრდები და სხვა ადამიანები გებრძვიან და შენს თავსაც უფრო დიდი ძალით აქეზებენ შენივე წინააღმდეგ.

რა არის ის შიშები, ტკივილები, განცდები, დათქმები, აკრძალვები რაც საუკუნეების მიღმიდან წინაპრებმა გვიმემკვიდრევეს? რისგან თავის დაცვას ვცდილობთ ჩვენ, პატარა ბავშვები, ერთი შეხედვით უმიზეზო სიხარულებითა და წუხილებით. არავინ იცის. თუ იციან, სხვადასხვაგვარია ეს ცოდნა და უფრო ჰგონიათ, რომ იციან, ვიდრე იციან.

ხოლო შიშთაგან მთავარი ამბავი ფიქრის შიში მგონია და ფიქრის შიშთაგან აკრძალულზე ფიქრის შიში ყველაზე საშინელი და სასტიკი ფიქრია, ვფიქრობ.

გამოცდილებები, რომელიც რელიგიამ და მითოლოგიამ დაგვახვედრა, კარგს არაფერს გვიქადის - ადამი და ევა სწორედ აკრძალული ვაშლის გამო გამოაძევეს, ზღაპრებში კიდევ იმ ოთახის კარის შეღება, რომელზეც მიგვითითეს რომ არ შეგვეღო - უბედურებათა და სირთულეთა ლაშქარს მოგვისევს ხოლმე.

,,ვაშინერს" - იტყვიან მეგრელები ამაზე. ,,ვამკანონა" - პასუხობენ თვითონვე საკუთარ შფოთვას.

ტაბუმ შექმნა ადამიანი ისეთი, როგორიც ის არის და ტაბუვე ანადგურებს.

ბევრი წამიკითხავს ობსესიების წარმოშობაზე - ცხადია, რომ ზუსტი ვერცერთი. ან კი - როგორ უნდა იყოს ზუსტი ბუნდოვან, უშორეს წარსულზე მკითხაობა. როგორ მივაგნებთ ათიათასწლეულების ჯურღმულში წამს, სადაც ადამიანი და შიში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. და მერე ადამიანმა ისწავლა ლოცვა და შელოცვა - როგორც თილისმა ანაც მცდელობა ფიქრისგან დაცვის - რადგან პირველად იყო სიტყვა, სიტყვები კი შობენ შიშებს.

სიტყვები ახანგრძლივებენ მათ და სიტყვები ამსუბუქებენ. უსიტყვო ფიქრი იოლია, რადგან უსიტყვო მეხსიერება მოიკოჭლებს, სიტყვაა მისი ყავარჯენი. ხსოვნის საშენიც სიტყვაა. ტკივილებს კიდევ ხსოვნა კვებავს - სხვა არაფერ“,- წერს კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

რა მისწერა დემნა გვასალიამ ლელა წურწუმიას - მამულიჩამ წერილი გაასაჯაროვა

🎥 40 წლის ასაკში, სიყვარულის გამო, ცოლი და სამი შვილი მიატოვა - არქიმანდრიტ ილია კავსაძის სკანდალური აღიარება

„დემნას დედას გაუხსნია ჩვენება და დაუხურია დემნას მეუღლეს, ბოიფრენდს, აფერუმ ბოროტების სვლას“ - იუნა შაფათავა დემნა გვასალიას უპირისპირდება