Digest Logo

„თანამედროვე სამყაროში არ მომწონს ქაოსი, რომელიც შიშს, დაძაბულობას, უზნეობას, თავისუფლების გაუკუღმართებულ გაგებას იწვევს“ - თათული დოლიძე

1711966784
თათული დოლიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობ თათული დოლიძეთან ინტერვიუ ჟურნალმა „სითიმ“ ჩაწერა და მას არაჩვეულებრივი ფოტოსესიაც მოუწყო.

მინდა, რომ ერთხელ უბრალოდ მკითხონ…

არაფერი მინდა რომ მკითხონ. იმდენი კითხვა მაქვს საკუთარ თავთან პასუხგაუცემელი, რომ ახალ კითხვებზე ფიქრი აღარ მინდა.

თუმცა, ახლაც კითხვას ვპასუხობ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება…

ჩემს ცხოვრებაში ანუ ჩემს ოჯახში რაც ხდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება პროფესიას, ჯერჯერობით არაფერია საინტერესო.

მსახიობობა რომ გადავწყვიტე…

პირველი კურსის პირველი სემესტრის ბოლო იყო. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყვეტილება ორმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო ჟორდანიამ მიმაღებინა. რუსთაველის თეატრში კი, თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა.

უკან რომ ვახვევ…

ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა.

და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.

ხშირად მამსგავსებენ…

დედას. თუმცა, ზოგი მამასაც. განსაკუთრებით ისინი, ვინც მამას ახალგაზრდობაში იცნობდა.

ჟანრი…

ნამდვილი შემოქმედია. ის ჩვეულებრივად ვერაფერს ხედავს და ვერაფერს აღიქვამს. საკუთარი და ყველასგან გამორჩეული ხელწერა აქვს როგორც მსახიობს, ასევე მხატვარს ან პირიქით, რადგან მისი პირველი პროფესია მაინც მხატვრობა იყო.

ვფიქრობ, ესტრადაზეც ძალიან წარმატებული იქნებოდა, რადგან სასიმღერო ხმაც გამორჩეული აქვს. ხელოვანია საუკეთესო გაგებით.

რაც შეეხება ოჯახს, ყოფითი საკითხებიდან ძალიან შორსაა, აღიზიანებს კიდეც, არც აინტერესებს. მოკლედ, საგარეო კაცია.

თანამედროვე სამყაროში არ მომწონს…

ის ქაოსი, რომელიც შიშს, დაძაბულობას, გაღიზიანებას, უნდობლობას, უზნეობას, თავისუფლების გაუკუღმართებულ გაგებას იწვევს ადამიანებში.

„ზნესრულობას მუდმივი და უწყვეტელი კავშირი აქვს თავისუფლებასთან. თუ ეს კავშირი დაირღვა, იქმნება ტრაგიკული მდგომარეობა”, – ეს აკაკი ბაქრაძის სიტყვებია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 გიგი დედალამაზიშვილი იუბილარია - მომღერალი 38 წლის გახდა

რას მოიტანს აპრილის ენერგია და რომელი თარიღები უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან ავირიდოთ

როგორ ამინდს პროგნოზირებენ მომდევნო დღეებში საქართველოში

წყარო: citymagazine.ge