Digest Logo

„წითელი პარასკევი წელიწადის ყველაზე მძიმე დღეა - ის ღმერთსაც შეურაცხყოფს და ადამიანის ნამდვილ ბუნებასაც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებასთანაც მიგვაახლებს...“ - გია მურღულია

1744970933
გია მურღულია

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

ამასთან, წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად ღებავენ და პარასკევს აცხობენ, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია.

„წითელი პარასკევი წელიწადის ყველაზე მძიმე დღეა - ის ღმერთსაც შეურაცხყოფს და ადამიანის ნამდვილ ბუნებასაც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებასთანაც მიგვაახლებს.

ბიბლიაში წერია, რომ უფალმა კაცი თავის "ხატად და მსგავსად" შექმნა. ეს (ყველაზე ცოტა) სამ რაღაცას ნიშნავს:
ადამიანს უნდა შეეძლოს უანგარო სიყვარული ("ღმერთი სიყვარულია" - იოანეს სახარება), მას აქვს თავისუფალი ნება (რაც პირდაპირ უკავშირდება სიყვარულისა და სიკეთის მიმართ პასუხისმგებლობას) და შეუძლია იყოს შემოქმედი (ღმერთმა ადამიანი სულ ბოლო, მეექვსე დღეს იმიტომ დაბადა, რომ თავად დაასრულა შესაქმე და შექმნა შემოქმედი, რომელიც მის გზასა და საქმეს დაადგებოდა).

ჯვარცმის დროს ადამიანები სრულად გაემიჯნენ სიყვარულს, უარყვეს სიკეთე და აზრი წაართვეს ახლის შექმნას (რაკი ღვთაებრივი მომავლის მოკვლა განიზრახეს).

იესოს მწამებლები იცავდნენ ცოდვის ჩადენის უფლებას. მათ მიწიერების დამოუკიდებლობა (თითქოს "თავისუფლება") არჩიეს ცისა და მიწის ერთობას - რაც იაკობმა იხილა მაერთებელი კიბის სახით (ზედ რომ ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ადიოდნენ).

ის, ვინც მაცხოვრის ჯვარცმა განიზრახა და აღასრულა შორეულ სიახლოვეშიც კი არ მდგარა ფერისცვალებასთან - არა მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების კაცთათვის წარმოჩენას კი არა, ადამიანის განღმრთობასა და მარადიულ სახლში დაბრუნებასაც რომ ნიშნავს.

რაზე ფიქრობდა იესო, გაავებულმა მწამებლებმა ჯვარს რომ მიალურსმეს? სახარება ყველაფერს ლაკონიური დაწვრილებით აღწერს, მაგრამ იქნებ იმასაც იხსენებდა, როგორ გამოსცადა ერთხელ ეშმაკმა, მონათვლის შემდეგ ორმოცი დღე რომ იმარხულა უდაბნოში.

ამ გამოცდაში ყველაფერი ჩანს, რითაც მაცდური ადამიანის სულის დაღუპვას ცდილობს. იესოს მრავალდღიანი მარხვის შემდეგ მოშივდა. შიმშილი სისუსტეა. სადაც ადამიანური სისუსტეა, ეშმაკიც იქ არის.
ის მიდის იესოსთან და ეუბნება, ხომ ასე გშია - თუ მართლა ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად გადაიქცნენ და შიმშილს დაიოკებო.

"თუ მართლა ღვთის ძე ხარ" - ეს სიტყვები ეჭვის დაბადებას ნიშნავს (ეს ეშმაკის ერთი უმთავრესი იარაღია) და იესომ ისინი საღმრთო წერილის ჭეშმარიტებით მოიგერია:

"წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა".

ეშმაკი იმის ეშმაკია, რომ მაცხოვრის არგუმენტი გაიაზრა, "დაიჭირა" და შეეცადა სათავისოდ გამოეყენებინა.
მან უფალი წმინდა ქალაქში (იერუსალიმში) წაიყვანა, მთავარი ტაძრის სახურავზე დააყენა და უთხრა:
თუ მართლა ღვთის ძე ხარ (კვლავ გამოცდა დაეჭვებით და ჭეშმარიტების უარყოფით), გადავარდი ამ სიმაღლიდან, რადგან დაწერილია (აი, "დაწერილის" არგუმენტის გამოყენება), რომ ანგელოზები დაგიჭერენ და არაფერი დაგიშავდებაო.

იესომ კი უპასუხა:

ესეც დაწერილია, რომ არასდროს უნდა გამოსცადო შენი ღმერთი (ანუ რწმენის ცოდნით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა ფუჭი, უნაყოფო და გაუმართლებელია).

ბოლო გამოცდა შესაძლოა ყველაზე რთულიც იყო:

მაცდურმა იესო მაღალ მთაზე აიყვანა, იქიდან სამყაროს ყველა დიდება, სიამე, გართობა, ადამიანური შესაძლებლობა და გამარჯვება უჩვენა და უთხრა:

ამას ყველაფერს შენ მოგცემ, თუ მუხლს მოიყრი ჩემ წინაშე და თაყვანს მცემ.

ძალიან ძნელია მეყსეულ წუთისოფლურ დიდებაზე უარის თქმა - თან ყოველგვარი გარჯის გარეშე.
ისტორიის განმავლობაში ბევრი დაეცა ამ გზაზე.

იესომ ყველა ჩვენგანის პასუხი გასცა ეშმაკს:

"წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე".

მხოლოდ ერთხელ სთხოვა იესომ ზეციერ მამას - თუ შესაძლებელია, იქნებ ჩემი ხვედრი ამარიდოო, მაგრამ ეს წამიერი ადამიანური სისუსტე მალევე უარყო და სრულად მიიღო ის, რაც მამამ განგებად ჩაიფიქრა.
თუ პირობითად ვიტყვით (არა უშუალო შინაარსით, რა თქმა უნდა) ჯვარცმა მეოთხე და საბოლოო გამოცდა იყო.
მაცხოვარმა ჯერ თავისი წუთისოფლური ცხოვრებით და შემდეგ კი ღვთაებრივი ტანჯვით გვიჩვენა, როგორი უნდა იყოს ადამიანი, ღვთის ხატება და მსგავსება რომ შეინარჩუნოს და გაამართლოს.

სწორედ ადამიანში ცოდვით დაკარგული ამ ხატებისა და მსგავსების აღსადგენად მოვიდა იესო, "მეორე ადამი", ამქვეყნად.

წითელი პარასკევი გლოვისა და სევდიანი მდუმარების დღეა, მაგრამ მდუმარება არ ნიშნავს დაუფიქრებლობასა და ადამიანის დანიშნულების გაცნობიერების უარყოფას.

მაცხოვრის ჯვარცმიდან 18 საუკუნის შემდეგაც მოთქვამს დავით გურამიშვილი: "ვაი, რა კარგი, საჩინო რა ავად მიგიჩნიესო... დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო".

ეს ტკივილი არასდროს ცხრება. ის მუდმივად გვახსენებს, რას ნიშნავს იყო ადამიანი.
დაე, დღეს მდუმარებამ ილაპარაკოს“, - წერს გია მურღულია.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო... ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე

⭕„გამორჩეულად ნიჭიერ ქალბატონს ვულოცავ დაბადების დღეს“ - ნატო გელაშვილი იუბილარია

⭕საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია და აკრძალვა, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ