მომღერალმა სოფო ბედიამ იმედის საახალწლო ეთერში, გადაცემაში „პრაიმშოუ“, ტელესერიალიდან „გრძნობათა ტყვეობაში“ სიმღერა Prisionera შეასრულა, რასაც საოცარი პერფორმანსი მოჰყვა.
შოუს შემდეგ სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა სოფო ბედია ბულინგის მსხვერპლად აქცია.
აღნიშნულ კრიტიკას მომღერალი „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა და მის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა:
„დიდი მადლობა მეგობრებო, ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა. მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში. გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მადლობა „ტვ იმედს“, „პრაიმშოუს“, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი პერფორმანსისთვის. გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე, გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი“,- წერს სოფო ბედია თავის მიმართვაში.

სოფო ბედიას მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას ამჯერად მისი მეუღლე, მიშა მესხი გამოეხმაურა. მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მომღერლის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანია მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
მესხის თქმით, საახალწლო შოუში მონაწილეობა 30-ზე მეტმა მომღერალმა მიიღო, თუმცა კრიტიკის მთავარი სამიზნე სწორედ სოფო ბედია გახდა.
„თუ ადამიანი თქვენს პოლიტიკურ აზრზე არ არის, ყველას დასცინით. 30-ზე მეტმა მომღერალმა მიიღო მონაწილეობა მაგ შოუში და რაღა სოფო ბედია გაგეჩხირათ ყელში? ცხადია, პოლიტიკური ხედვის გამო ცდილობთ, დააბულინგოთ. თავდაუვარცხნელ, სოკოიან ქალებზე არაფერს ვამბობ“,- აღნიშნა მიშა მესხმა.
