Digest Logo

ცხელება, გამონაყარი და დიარეა - რა ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

1787155468
ივანე ჩხაიძე

ზაფხულის სეზონზე გავრცელებული ვირუსული ინფექციების შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა აღნიშნა, ვირუსის [კოკსაკის] ყველაზე მძიმე, თუმცა იშვიათ გართულებას თავის ტვინის დაზიანება (ენცეფალიტი) წარმოადგენს.

„ენტეროვირუსზე როდესაც საუბრობენ, ეს არის ვირუსი, რომელსაც დიარეა ახლავს თან, თუმცა ენტეროვირუსი არის ვირუსების გარკვეული ჯგუფი და ენტეროვირუსების ჯგუფიდან ზაფხულში ყველაზე მაღალი გავრცელებით კოკსაკის ვირუსი გამოირჩევა, რომელსაც, ასევე, „ხელის, ფეხისა და პირის დაავადების“ სახელით იცნობენ.

ეს არის დაავადება რომლისთვის დამახასიათებელია გამონაყარის გავრცელება ფა გამონაყარის ლოკალიზაცია სწორედ ამ უბნებში: ხელზე, ფეხზე და სახის არეში - ტუჩების გასწვრივ. ამ ვირუსს არ ახასიათებს ნაწლავთა მოქმედების გახშირება. ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად რესპირაციული სიმპტომატიკით მიმდინარეობს. თუმცა აქ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აქ არის ენცეფალიტის განვითარების მაღალი ალბათობა. ამიტომ ჩვენ ენტეროვირუსის ჯგუფში შემავალ ვირუსებს განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ და გართულება ამ კუთხით არა ფილტვის ანთება, არამედ თავის ტვინის დაზიანებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან იშვიათია.

ძირითადად ეს არის გამონაყარით მიმდინარე. თავდაპირველად ვითარდება წითელი, ლაქოვანი გამონაყარი, რომელიც შემდეგ ბუშტუკოვან ხასიათს იღებს და წყლულდება. დაავადება უმეტესად კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, სპეციფიკურ მკურნალობას არ საჭიროებს და რამდენიმე დღეში, სითხის მიწოდებითა და სიცხის კონტროლით, გართულებების გარეშე სრულდება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

რაც შეეხება დიარეით მიმდინარე შემთხვევებს, მისი თქმით, ამის მიზეზი არა ენტეროვირუსი, არამედ ნოროვირუსია.

„ამ ვირუსებისთვის დამახასიათებელია წყლის დიდი რაოდენობით შემცველი განავალი. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან მცირე ასაკის ბავშვებში, შესაძლოა, მძიმე გაუწყლოება გამოიწვიოს რამდენიმე საათის განმავლობაშიც კი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ამასთან, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები.

„კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზი ახლა არის ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი და ვირუსული დიარეა, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

შედარებით შემცირებულია ფილტვის ანთების შემთხვევები, ბრონქიოლიტი, შეტევითი ხასიათის ხველა და სუნთქვის გახშირებით მიმდინარე დაავადება. ესეც ერთეული უნდა იყოს. მიმართვიანობა სასუნთქი სისტემის დაავადების სიმპტომებით მკვეთრად შემცირებულია.

ახლა არ არის სასუნთქი სისტემის დამაზიანებელი ვირუსების მოქმედების პიკი, ახლა უფრო ის ვირუსია, რომელმაც ცხელებასთან ერთად შესაძლოა გამონაყარი გამოიწვიოს, ან ცხელებასთან ერთად ნაწლავის გახშირებული მოქმედება“,- დასძინა ივანე ჩხაიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕აირჩიე ფოტო და გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

⭕რიტუალი, რომელიც ძილის წინ უნდა ჩაატაროთ - რა რჩევებს გვიზიარებს თამუნა იოსელიანი?

⭕ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი