„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების წახალისება“, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 აპრილს, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში შეიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, რა დროსაც სოციალურ ქსელებში აჩვენეს თავშესაფარში მოთავსებული ძაღლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა, პროვოკაციული მიზნებით გამოიყენეს.
სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში გავრცელდა კადრები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებაში შეუქმნეს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან და უფრო მეტიც, ხოცავენ.
სინამდვილეში, აღნიშნულ ძაღლს უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და უკვე გამოჯანმრთელებული ცხოველი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ არეალს.
ამ ერთი ძაღლის მაგალითიც კი, რომელიც მანიპულაციის იარაღად იქცა, ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა.
მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას და შეფასებები გააკეთონ მხოლოდ ფაქტებსა და დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: