ბაქო-თბილისის მატარებლით მგზავრობის ტარიფები ცნობილია.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ, 51-81 აზერბაიჯანული მანათი (80-128 ლარი) ეღირება. მათივე ცნობით, ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქალაქიდან სურთ მოქალაქეებს თბილისში გამგზავრება.
კონკრეტულად ბაქოდან თბილისის მიმართულებით ერთი გზის მინიმალური ფასი 81 მანათი, დაახლოებით 128 ლარი იქნება.
რაც შეეხება თბილისამდე აზერბაიჯანის სხვა ქალაქებიდან მგზავრობას, ბილეთების ფასი ასეთია:
ევლახიდან - 67 მანათი (105 ლარი)
განჯიდან - 62 მანათი (97 ლარი)
აღსტაფიდან - 57 მანათი (89.5 ლარი)
ამასთან, ბოიუკ-ქიასიკიდან გარდაბნამდე მგზავრობის ღირებულება 51 მანათია (80 ლარია).
აზერბაიჯანის რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისზე მგზავრობის ღირებულება ადგილობრივ ვალუტასთან შვეიცარიული ფრანკის გაცვლითი კურსით განისაზღვრება და ფასები ამ კურსის რყევების მიხედვით შეიძლება, შეიცვალოს. ამის გარდა, საერთაშორისო მარშრუტებზე ტარიფთან საკუთარ კოეფიციენტს თითოეული ქვეყანა იყენებს, რომლის გავლითაც მატარებელი გადის.
ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, შიდა მარშრუტების მსგავსად, საერთაშორისო რეისების ფასებზე გამოსაშვები და სადღესასწაულო დღეები, ასევე, ლოკაციის შერჩევა ახდენს გავლენას.
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც პანდემიის დროს შეწყდა, მიმდინარე წლის 26 მაისიდან აღდგება. ცნობილია, რომ რეისები Stadler Rail Group-ის მიერ წარმოებული თანამედროვე მატარებლით შესრულდება. Oxu.Az-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შემადგენლობაში არის საძინებელი ტიპის ვაგონები და რესტორანი.
მთლიანობაში, ერთი მიმართულებით 200-ზე მეტი მგზავრის გადაყვანაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება გრაფიკს, ბაქო-თბილისის მიმართულებაზე მატარებელი ყოველდღიურად იმოძრავებს. გრაფიკის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი 23:10 საათიდან გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე იქნება. რკინიგზის ცნობითვე, თბილისიდან მატარებელი ყოველ დღე 21:00 საათზე გავა და ბაქოში მომდევნო დღეს 06:24 საათზე ჩავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სეტყვა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕რა გააკეთოთ და რას უნდა მოერიდოთ? - თაკო მელიქიშვილი 20 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე
წყარო: www.bpn.ge