საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებაზე ისაუბრა.
„ჩამოვა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია? „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და მითხრა, რომ ნაკრებთან ერთად ყოფნა სურდა, ცხადია, საუბარი იყო ბაჰრეინთან მატჩზე - ახლა კი შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხვიჩა ჩამოვა და 5 ივნისს ითამაშებს.
ბევრი მოთამაშე გვაკლია, რაც სეზონის ბოლოსთვის დამახასიათებელია. შევეცდებით, მაქსიმალურად ბევრ ფეხბურთელს მიეცეს სათამაშო დრო. მთავარია, სექტემბრის მატჩებს მომზადებულნი შევხვდეთ. ამას გარდა, რადგან გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო თამაშს ატარებს, იმედია, ამ მატჩებს სათანადოდ ჩავატარებთ“, - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, „ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 5 ივნისს - ბაჰრეინთან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.