დღეიდან, პირველი ივლისიდან პეტრეპავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა თევზით ხსნილია.
პეტრეპავლობის მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
აღნიშნული მარხვის დაწყებას კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური ეხმაურება და მრევლს შემდეგი მოწოდებით მიმართავს.
„ხვალიდან პეტრე-პავლობამდე მოგეხსენებათ მარხვაა. მარხვა არა მარტო ავითარებს განსაკუთრებულ მგრძნობელობას და არა მხოლოდ ერთი მძლავრი საშუალებათაგანია ვნებებთან, ჩვენ ცუდ მიდრეკილებებთან ბრძოლაში, იგი ლოცვის მსგავსად, ახალ გამყოფ ზღუდეს აღმართავს ჩვენ სულიერ ცხოვრებასა და საერო ყოფას შორის.
მარხვა იწყება საკვების შეზღუდვით, ხოლო მაღალ საფეხურებზე იგი ლოცვასა და ღვთის ჭვრეტასთან ერთობაში აღწევს უმაღლეს, რაც არის უვნებობა.
ამიტომ თუ სულის ცხონება გადარჩენაზე ვფიქრობთ და ვზრუნავთ მარხვის გარეშე ეს წარმოუდგენელია“,- წერს სასულიერო პირი.