Digest Logo

„უბრალოდ, „გადამაგდეს“. ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ“ - რას ამბობს ზურა ნიჟარაძე

1704448853
ზურა ნიჟარაძე

რა ასაკიდან გახდა მსახიობი ზურა ნიჟარაძე ფინანსურად დამოუკიდებელი, როგორი მხარჯველია ის და რა ეხმარება მას ფინანსების სწორად გადანაწილებაში – ამ კითხვებზე პასუხს მისგან მივიღებთ. 

ზურა ნიჟარაძე: პირველი ანაზღაურება პირველ კურსზე ავიღე. ეს იყო რეკლამის თუ ფილმის მასობრივი სცენის გადაღება. ის ფული ბიჭებთან ერთად დავხარჯე. ბევრი არ იყო, მაგრამ ამ ამბის აღსანიშნად გვეყო.

ფინანსური დამოუკიდებლობა ცოტა გვიან მოვიდა. მაშინ უკვე სტუდენტი აღარ ვიყავი. 2006 წლიდან ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა თეატრი, რეკლამები, ფილმები. მაშინ მთავარი და დიდი როლები არ მქონდა, მაგრამ პატარ-პატარა სცენებში მიღებდნენ. არაფერს ვთაკილობდი. მარტო მაშინ არა, ახლაც ასე ვარ. ჩემთვის მთავარია, ვინ იღებს მას, ფინანსებს და როლის მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა.

– ფული ყველაზე წარმატებულად რაში დაგიხარჯავთ?

– რაც ჩამიფიქრებია, ძირითადად, ყველაფერი გამოსულა. დიდი ბიზნესმენი მე არ ვარ, მაგრამ რაღაც ალღო მაქვს ამ საქმეში. რამდენიმე საქმეში წამიგია, მაგრამ არა ჩემი მიზეზით. უბრალოდ, „გადამაგდეს“. ის იკადრეს, რაც არ უნდა ეკადრებინათ და მერე მსგავსი ტექსტებით იმართლებდნენ თავს – „თუ გინდა მომკალი, რა ვქნა!?“ მართლა ხომ არ მოვკლავდი ადამიანს?! თორემ, ჩემი უნიჭობის გამო ფული არასდროს დამიკარგავს.

– ძვირად ღირებული ავტომობილი, აქსესუარები, ბევრი სამოსი – შეგიძლიათ ამ მიმართულებით საკუთარი თავისთვის საზღვრების დაწესება?

– რა თქმა უნდა, ამას ძალიან კარგად ვაკონტროლებ. მაღაზიაში რომ შეხვალ, მთელი თვის ბიუჯეტს თუ ქურთუკში გადაიხდი და მერე ერთი თვე მშიერი იქნები, ეს ნორმალური არ არის. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩვეულებრივი მათემატიკაა და იმდენს ვხარჯავ, რამდენის საშუალებაც მაქვს. ზედმეტი შოპინგი არ მიყვარს. ქალებისგან მსმენია, ყოველდღე რომ უწევდეთ ღონისძიებაზე წასვლა, ყოველდღე ახალ-ახალი უნდა ჩაიცვან. კაცები ასე არ ვართ. რამდენი დაბადების დღესა და ღონისძიებაზე წავალ, ყოველთვის ახლის შეძენის ფუფუნება არ არის და მეორეც – ამდენი ტანსაცმელი ალბათ არავის ექნება. ვის აქვს ამის საშუალება?! თან, მით უმეტეს, თუ ბრენდული და კარგიც უნდა იყოს, მოგახსენებთ, რამდენად ძვირი ღირს. ამდენი ფული ჩვენს ქვეყანაში, მგონი, არავის აქვს. ასე შეიძლება, მილიონერები ხარჯავენ ფულს, მაგრამ მე – ნამდვილად არა. ჩემი აზრით, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის იანვარში ფინანსურად განსაკუთრებით გაუმართლებს

🎥 „კოვიდის აფეთქება მსოფლიოში... ბავშვებს გაუფრთხილდით“ - გიორგი ფხაკაძის ვიდეომიმართვა

საახალწლოდ შეცვლილი იმიჯი - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

წყარო: tbiliselebi.ge