ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქართველი დიპლომატი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც იორდანესთან მომხდარ მოვლენებს, ნათლისღების თეოლოგიურ მნიშვნელობასა და მის სემანტიკურ თავისებურებებს განიხილავს.
„რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?
იოანე ნათლისმცემლის ქადაგებათა მოსასმენად მოსული ადამიანები ცალ-ცალკე ან ერთად ჩადიოდნენ იორდანეში.
ისინი გარკვეული ხნით მთლიანად უჩინარდებოდნენ წყალში იმის ნიშნად, რომ გულისხმა ჰყვეს იოანეს მოწოდება და დაადგნენ შენანების გზას.
ეს პროცესი გამოხატულია ებრაული ზმნით tevol, რაც ნიშნავს „წყალში განბანვას“ ჩაყვინთვით, ჩაყურყუმალავებით.
სახარებების ორიგინალურ ტექსტში მისი შესატყვისია ბერძნული baptisthenai. ჩვენი გარდმოცემისამებრ, მაცხოვარმაც „ნათელ-იღო“, თუმცა მის ნათლობას განსაკუთრებული ნიში ახლდა თან.
სემანტიკური თვალსაზრისით ალბათ ასევე უპრეცედენტოა ქართული სიტყვა „ნათლისღება“, რამდენადაც გადამოწმება შევძელი, მას მსოფლიოს არცერთ ენაში არ მოეძებნება ანალოგი. იგი მიანიშნებს თვით ქრისტეზე, ანუ ჭეშმარიტ ნათელზე, „რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (იოანე1, 9). სვანურად ნათლისღება იქნება „განცხდაბ“ - დღე, როდესაც გაცხადდა ლოგოსი, ძე ღვთისა, „ვისგანაც ყოველი იქმნა“.
საინტერესოა, რომ უშუალოდ ნათლისღების შემდეგ, მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებათა მიხედვით, უდაბნოში გასულმა იესო ქრისტემ აიღო მძიმე მარხვა და კიდეც მოუწია მოწინააღმდეგესთან შეხვედრამ - ბოროტი სამგზის შეეცადა მის ცდუნებას: პურებად აქციე ქვები, ტაძრიდან გადმოვარდნილმა დასძლიე მიზიდულობის ძალა და თაყვანი მეცი, რომ მსოფლიოს მპყრობელი გაგხადო. სამივე ცდუნება არიდებული იქნა იესო-ადამიანის მიერ, ღმერთისთვის კი ისინი საერთოდ არაფერია.
დაღმავალი გზა, რაც ედემში პირველცოდვით და ცდუნებით დაიწყო და შედეგად ადამიანის ბუნებაში სიკვდილის, ავადმყოფობის, ტანჯვის და უძლურების თესლი ჩანერგა, გახადა რა უგრძნობელი და ბრმა ზენა რეალობის მიმართ, თითქოს დასრულდა ნათლისღებით იორდანესთან და ცდუნების დაძლევით უდაბნოში. აქ იწყება ადამიანის ახლადშობა სულიწმინდაში, აღმავალი გზაც გამოიკვეთება, რისი ბოლო სადგურებიც მკვდრეთით აღდგომა და ცად ამაღლებაა.
ნათლისღება თავად ქრისტეს მიერ დაწესებული საიდუმლოა და ამდენად, იგი ადამიანს აძლევს საჭირო ძალას, რათა მან თავისი ცხოვრების მანძილზე შეინანოს, ანუ განჭვრიტოს და დაძლიოს პირველცოდვის მძიმე მემკვიდრეობა მის ანტროპოლოგიურ და ისტორიულ-მეტაისტორიულ განზომილებაში.
ადამიანი ვერ დასძლევდა ამ მემკვიდრეობას თავისი ადამიანური "ეგო"-ს ანაბარა დარჩენილი. ამიტომაც უნდა ითქვას, რომ ჩვენ გამოსყიდულები ვართ.
შესაძლოა ვინმემ იკითხოს, და ამის გარეშე აღარ ვიარსებებდით? არავინ იცის, იმგვარი ყოფნა, რაც ამის გარეშე გველოდა, ნამდვილად სჯობს თუ არა საერთოდ არ-ყოფნას. ამიტომაც გილოცავთ მეგობრებო!“,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.