Digest Logo

„ვამაყობ მისი საქციელით, ქართული ხასიათი გამოავლინა“ – რას ჰყვება საბა ლაზიშვილის მამა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე

1794478187
საბა ლაზიშვილი

აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს, უსმან ნურმაგომედოვის გუნდი თავს დაესხა, სადაც მერაბთან ერთად იმყოფებოდა 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც ბოლო რამდენიმე საათში სოციალური ქსელები დაიპყრო. ეს მას შემდეგ, რაც აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს, თავდამსხმელებს უშიშრად შეერკინა.

საბა ლაზიშვილის მამა, ანზორ ლაზიშვილი, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით La Gazzetta Georgia-სთან საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს: 

საბა ლაზიშვილი UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმა და ვეტერანი ქართველი მოჭიდავის, ამჟამად აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ანზორ ლაზიშვილის შვილია.

- რას იტყვით მომხდართან დაკავშირებით?

- ეს არაა სპორტული საქციელი. დაღესტნელ მებრძოლებს თავის წარმოჩენა სურდათ. მერაბი სუპერვარსკვლავია და იფიქრეს, დავამცირებთ, ვცემთო, მაგრამ არ გამოუვიდათ. ასე არ შეიძლება, თუ ჩხუბია, ერთი ერთზე იჩხუბე. როცა 10 კაცი ზურგიდან ადგები, არ შეიძლება. ამის მიუხედავად, თავად დარჩნენ გალახულნი. 

- როგორ გაიგეთ აბუ-დაბიში მომხდარი თავდასხმის შესახებ?

- გუშინ დაგვირეკეს და გვკითხეს, მართალიაო? არაფერი ვიცოდით. შემდეგ საბამ მოწერა დედას, ჩემს მეუღლეს და უთხრა, რომ შეიძლება ვიდეო ნახო და არ შეგეშინდეს, პატარა ნაკაწრები გვაქვსო, ღირსეულად ვიჩხუბეთო. ვიდეო რომ ვნახე, მომეწონა საბას მოქმედება.

- დედას რა რეაქცია ჰქონდა?

- ზვიადი და საბა ბავშვობიდან დედაზე ფიქრობდნენ, არ ინერვიულოსო. გუშინ ძალიან ინერვიულა, თუმცა, როცა გააცნობიერა, საბამ ეს რატომ გააკეთა, დამშვიდდა. რომ შევხედე, საბა როგორ ვაჟკაცურად მოიქცა, არ შეეშინდა, არ გაიქცა, ბოლომდე ვაჟკაცურად დაუდგა მერაბს და თან კარგად იჩხუბა, „მე ვამაყობ მისითო“, - თქვა დედამ.

- საბას მამაცობის შესახებ ახლა მთელი მსოფლიო საუბრობს. თქვენ რა ემოცია გქონდათ ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ?

- ვნახეთ, რამდენად მაღალი რანგის მებრძოლები იყვნენ და ამ ყველაფერს თავი ასე გაართვა. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. თავად ვნახეთ, როგორ შეაფასეს საბას მოქმედება მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა.

ასეთ დროს მთავარი ბრძოლაა. ვიდეოებში ვხედავთ, რომ საბამ შეძლო გამკლავებოდა და საკადრისი პასუხი გაეცა. ჩვენ ვნახეთ, როცა მერაბს ზურგიდან ურტყამდნენ, საბამ ის მებრძოლი გათიშა. ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა. ვამაყობ მისი საქციელით, ქართული ხასიათი გამოავლინა. მთავარი ისაა, რომ საბა არ დაიბნა. ეს ქვეყნის პრესტიჟიც იყო. 

- საბა მოჭიდავეა, თქვენ ვეტერანი მოჭიდავე ხართ. რომელ სახეობაში ისურვებდით საბას ხილვას — MMA-ში თუ ჭიდაობაში?

- საბას ჭიდაობაში კარგი გამარჯვებები აქვს, საერთაშორისო ტურნირებზე შეძლო გამარჯვება, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორია. მე ძალიან გამიხარდება, თუ საბა ჭიდაობას გააგრძელებს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, თუმცა ბოლო პერიოდში MMA-ში ვარჯიშობს და ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რას იზამს, ეს მისი გადასაწყვეტია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ფინანსური მდგომარეობა, ახალი სამსახური და საბედისწერო შეხვედრები – 2027 წლის პროგნოზი თევზებისთვის

🎥 „დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ - ცოლ-ქმრის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

⭕„გიენებთან მებრძოლი ლომი“ - ვინ არის 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის დროს გამორჩეული სიმამაცე გამოიჩინა

✕