საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი თურქეთთან ფარმაცევტული თვალსაზრისით სავაჭრო პოლიტიკის გადახედვასა და მის რეგულირებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, მედიკამენტებთან და სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივები მნიშვნელოვანია მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტისთვის.
ვეფხვია გულედანმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს დროული და აუცილებელი ნაბიჯები უწოდა:
„მსურს გამოვეხმაურო პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ ინიციატივას, რაც თავის მხრივ გულისხმობს მეზობელ თურქეთთან ფარმაცევტული თვალსაზრისით სავაჭრო პოლიტიკის გადახედვას და მის რეგულირებას იმ გვარად, რომ წამლებზე ფასი საგრძნობლად გაიაფდეს.
ვთვლით, რომ აღნიშნული ინიციატივა ძალზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საკმაოდ დიდი სეგმენტისთვის, რომელიც წამალს მოიხმარს სისტემატურად ან თუნდაც საჭიროებისამებრ. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენსიონერებისთვის. ჩვენი შეფასებით პრემიერის ინიციატივა დროული და აუცილებელი ნაბიჯია, ვინაიდან საპენსიო ასაკის მქონე მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია მაღალი ფასები სააფთიაქო ქსელში ამათუ იმ დანიშნულების კონკრეტულ წამალზე... თავის მხრივ, აღსანიშნავია პრემიერის პრინციპულობა და სიძლიერე სათამაშო ბიზნესის სექტორთან და სააფთიაქო ქსელებთან მიმართებით, ვინაიდან ორივე მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად აუარესებს“, - აცხადებს ვეფხვია გულედანი.