Digest Logo

ვის გამო გაიარა ჯოჯოხეთი ირმა არავიაშვილმა და შეეძინა თუ არა ბაბუამისს 102 წლის ასაკში შვილი

1793733889
ირმა არავიაშვილ

მომღერალ ირმა არავიაშვილის ოჯახის ისტორია მართლაც გამორჩეული და ემოციურია - მამა 70 წლის იყო, როდესაც ის დაიბადა. ბავშვობის მძიმე გაჭირვებამ, თანაკლასელების მხრიდან ბულინგმა და კომპლექსების დაძლევამ მისი პიროვნება და შემოქმედება სრულიად განსხვავებულად ჩამოაყალიბა.

– თქვენი ოჯახის ისტორია მართლაც გამორჩეულია – მამა 70 წლის იყო, როდესაც თქვენ დაიბადეთ. როგორ გახსენდებათ ის გარემო, სადაც იზრდებოდით და როგორი იყო მამასთან ურთიერთობა?

– დიახ, ჩემი ოჯახის ისტორია, როგორც ჩანს, მართლაც გამორჩეულია, თუმცა ამას მე მხოლოდ ზრდასრულ ასაკში მივხვდი. ბავშვობაში საერთოდ ვერ ვაცნობიერებდი იმას, რომ სხვებისგან განსხვავებით ასაკით დიდი მამა მყავდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე სხვა ბავშვების მამები არც კი მინახავს. არც სკოლაში დაჰყვებოდნენ ბავშვებს, ამიტომ ბავშვობაში ვერავის მამას ვერ შევადარებდი ჩემსას. არც ერთხელ მიგრძნია, რომ მისი ასაკი რაიმე პრობლემას ქმნიდა ჩვენს ურთიერთობაში. მამაჩემთან მეც ისეთივე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, როგორიც სხვა ბავშვები იყვნენ თავიანთ მამებთან. როცა გავიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მამა უკვე ძალიან ცუდად იყო, რომ მართლა მოხუცდა. და სწორედ მაშინ დავიწყე იმის გაცნობიერება, რამდენად განსაკუთრებული იყო ჩემი ცხოვრება და რამდენად განსაკუთრებული ადამიანი მყავდა გვერდით. სულ მეშინოდა მისი დაკარგვის. მინდოდა, იმდენისთვის მიმეღწია, რომ მას ეამაყა ჩემით. კი, ამაყობდა, მაგრამ რაც დღეს შევქმენი, ეს დავაგვიანე, ვერ მოვასწარი ის, რომ მისთვის ყველაფერი მეყიდა, რასაც თავისთვის ვერ იმეტებდა, რადგან ჩვენ პატარები ვყავდით.

ჩემი ცხოვრება მართლაც გარკვეულწილად ზღაპარს ჰგავს, ზღაპარს, რომელშიც მთავარი როლი მამაჩემმა შეასრულა და შემდეგ მე გადმოვიბარე.

მე ბავშვობიდანვე სხვაგვარად ვაზროვნებდი. არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე სხვისი აზრი ჰქონდა გადმოღებული. ყველაფერზე საკუთარი შეხედულება მქონდა – იქნებოდა ის სწორი თუ მცდარი, ეს იყო ჩემი აზრი. ხშირად ჩემი შეხედულებები არც თანაკლასელებს მოსწონდათ და არც მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, წლების შემდეგ, ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერში მართალი აღმოვჩნდი. აი, რას ნიშნავს 1927 წელს დაბადებული ადამიანის შვილობა! ვერცერთი მასწავლებელი ვერ შეედრებოდა მამაჩემის ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მისი ნასწავლი, მისი შეხედულებები და მისი ცხოვრებისეული გაკვეთილები ბევრად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ. მან ისეთი გამოცდილება გაიარა, რომლის წიგნში წაკითხვაც შეუძლებელია.

და სიმართლე რომ გითხრათ, მამაჩემის ასაკის გამო ვინმე რამეს ამბობდა თუ არა, ეს ნამდვილად არ მაინტერესებდა. იმდენ რამეზე დამცინოდნენ თანაკლასელები, რომ მამაჩემის ასაკზე ფიქრისთვის არც კი მცხელოდა. დამცინოდნენ ჩვენი გაჭირვების გამო. ჩემი წონის გამო. ჩემი სიმაღლის გამო. ჩემი გარეგნობის გამო… იმდენად დამაკომპლექსეს, რომ ეს ჩემს ცხოვრებაზე ძალიან მძიმედ აისახა. ყოფილა შემთხვევა, როცა გაკვეთილი რეალურად ვიცოდი, მაგრამ კლასის წინ ვერ ვყვებოდი. ავდგებოდი და სიტყვას ვეღარ ვამბობდი. არ მინდოდა, ჩემი ხმა ვინმეს გაეგონა.

ერთ პერიოდში გარეთ პირბადით სიარულსაც კი მივეჩვიე, რადგან არ მინდოდა, ვინმეს ჩემი სახე დაენახა. მაშინ მართლა ვფიქრობდი, რომ ძალიან მახინჯი ვიყავი. ეს კომპლექსები საკმაოდ გვიან გადავლახე – მაშინ, როდესაც ჩემი ნამღერი პირველად სხვამ ატვირთა და ხალხს ისიც კი არ სჯეროდა, რომ ეს ხმა ჩემი იყო.

დღესაც უცნაურად მეჩვენება, რამდენად დიდი გზა გამოვიარე იმ პატარა გოგოდან, რომელსაც საკუთარი ხმის გაგონებაც კი არ უნდოდა, იმ ადამიანამდე, რომლის მთავარი საქმე და სიყვარული დღეს სწორედ სიმღერაა.

ჩვენ ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობდით. მე, ჩემი და და მამაჩემი ნაგავსაყრელზე დავდიოდით, რათა ჯართი შეგვეგროვებინა. ხანდახან იქ ტანსაცმელს ან სათამაშოებსაც ვეძებდით. ეს იყო ჩვენი რეალობა, მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩემი ბავშვობის ჯოჯოხეთი არც მამაჩემის ასაკი ყოფილა და არც ნაგავსაყრელებზე სიარული. ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ჩემი კლასი იყო. არავის გასჩენია სურვილი, ყოფილიყო ჩემი დამცველი, ჩემი დამხმარე. არავის უფიქრია, რას გრძნობდა ის ბავშვი, რომელსაც ყოველდღიურად დასცინოდნენ და ამცირებდნენ. საბოლოოდ, ალბათ, მეც გავბოროტდი. ეს იყო თავდაცვის ფორმა. როცა მუდმივად გტკენენ, ერთ დღეს ან გატყდები, ან იძულებული ხდები, საკუთარი თავის დასაცავად გამკაცრდე. რამაც უფრო შეაძულა ჩემი თავი თანაკლასელებს, თუმცა ვცდილობდი, მაინც არ შემემჩნია და ვყოფილიყავი ირონიული. ძალიან რთულად, მაგრამ საბოლოოდ მათ თავი დავაღწიე. დღესაც, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც კოშმარი მესიზმრება, თითქმის ყოველთვის ის ჩემს სკოლაში ვითარდება. მაგრამ ნეტავ ვინმემ დღეს ისევ დამაბრუნოს იმ წლებში, თუნდაც, ისევ ნაგავსაყრელზე მომიწიოს სიარული, თუნდაც ისევ იმავე კლასში მოვხვდე... იმ წლებში მამაჩემი ცოცხალი იყო და ეს ყველაფერს გადაწონის. ჩემი მამა იყო ადამიანი, რომელსაც მე ლეგენდად მივიჩნევ. ადამიანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების იმედი იყო, პატრიოტი, თავის დროზე დაფასებული ადამიანი. დიდი ადამიანი, რომელიც ღარიბი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ სახელმწიფოსგან არაფერი მოიპარა. მან საკუთარი თანამდებობა და კარიერა ოჯახის გადასარჩენად დატოვა.

- თქვენს ოჯახში ხანდაზმულ ასაკში შვილების შეძენა თითქოს საგვარეულო ტრადიციასავით არის – ერთ-ერთ პოსტში აღნიშნეთ, რომ ბაბუათქვენს 102 წლის ასაკში შეეძინა შვილი. თუ ეს სიმართლეა, ვფიქრობ, მისი ამბავი ძალიან საინტერესო ისტორია იქნება ჩვენი მკითხველისთვის…

– ამას ბედისწერა უფრო ჰქვია, ვიდრე ტრადიცია. ყველა ადამიანის დაბადება უფლის ნებაა. ზუსტად ასაკი არ ვიცი, მაგრამ მამაჩემის დიდი ბაბუა მამაჩემზე დიდი იყო, როცა შვილი შეეძინა. ეს ამბავი გადმოცემით ვიცი და ინტერვიუში ვერ გეტყვით ტყუილს, 102 წლის იყო თუ არა, ნამდვილად არ ვიცი. მამაჩემს აქვს მოყოლილი, თუმცა, დეტალები არ მახსოვს. ამიტომ, არ მინდა მკითხველი შეცდომაში შევიყვანო.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რამდენად სამართლიანია მოსაზრება, რომ პიტბული გენეტიკურად უფრო აგრესიულია, ვიდრე სხვა ჯიშის ძაღლები?

🎥 9 წლის ტანმოვარჯიშის მარია ღლონტის გამოსვლა „ნიჭიერში“ და დამსახურებული 5 „კი“

⭕ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი თამაზ ჭეიშვილი გარდაიცვალა

წყარო: tbiliselebi.ge

✕