
ყველასთვის საყვარელი მომღერლის, თამუნა ამონაშვილის ცხოვრებაში, იყო დიდი წარმატებაც და იყო განსაცდელებიც. თუმცა, ამ უკანასკნელმა ის უფრო გააძლიერა და სამომავლოდ სწორი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა. მიაჩნია, რომ ის გზა, რომელიც მან გაიარა, მისი გასავლელი იყო და არაფერს შეცვლიდა. და, დარწმუნებულია იმაში, რომ მის მიერ გაკეთებული სიკეთეები, აუცილებლად ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება და უბრუნდება კიდეც.
თამუნა ამონაშვილი: ახლა რომ უკან ვიხედები, ძალიან მშვენიერი და ლამაზი ცხოვრების გზა გავიარე, თავისი მინუსებითა და პლუსებით. ბევრი განსაცდელიც იყო, თუმცა, სწორედ განსაცდელს მოაქვს პიროვნების ჩამოყალიბების სტატუსი, მდგომარეობა. ამის გარეშე, ადამიანი პიროვნებად ნაკლებად ყალიბდება. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ უფალს იმ კარგისთვისაც და იმ განსაცდელებისთვისაც, რომელსაც გვიგზავნის ჩვენს გასაზრდელად და ჩამოსაყალიბებლად, სულერების გასაძლიერებლად. ვფიქრობ, ჩემს ყველა განსაცდელს, რაღაც დიდი ნაბიჯი მოუტანია ცხოვრებაში, ჩემი სულიერი აღმავლობისთვის. ჩემი აზრით, განსაცდელი შეგრძნებას გივითარებს და მშვენიერია ცხოვრება მაშინ, როცა დატვირთულია განსაცდელითაც, სიხარულითაც, წარუმატებლობა-წარმატებითაც. ასე უფრო მეტად აფასებ და შეიგრძნობ ცხოვრებას. უფრო მეტად უღრმავდები შენს სულიერებას, უფრო მეტ პიროვნულ თვისებებს აღმოაჩენ შენში და ასე შემდეგ.
– რა იყო ის დიდი განსაცდელი, რომელმაც შენი პიროვნული თვისებები მეტად განავითარა?
– ასე არ მასხენდება, მაგრამ ადამიანისთვის ხომ მთავარი მისი კარიერული და პირადი ცხოვრებაა. მე შემოქმედი ადამიანი ვარ და ზოგადად, ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის არ არის გზა ია-ვარდით მოფენილი. არადა, გარედან ისე ჩანს, თითქოს ეს გზა მართლა ია-ვარდითაა მოფენილი. შემოქმედის გზა არ არის ადვილი. იმ ია-ვარდის მოსაკრეფად ურთულესი გზის გავლა გვიწევს. როცა ადამიანმა ზუსტად იცი, ყველაფერი კარგად გამოვა, იქ უნდა ელოდო ჩასაფრებას. თუმცა, შენში უნდა განავითრო ბრძოლისუნარიანობა, გარემოებებმა არ უნდა გაგაბოროტოს და სხვისთვის ცუდის გაკეთების სურვილი არ უნდა გამოძრავებდეს. პირიქით, რაც შეიძლება, მეტი სიკეთე გაუგზავნეთ სხვას, რომ იგივე დაგიბრუნდეთ. ესაა ჩემი კრედო ცხოვრებაში. ზუსტად ვიცი, ის კარგიც თუ ცუდიც, რასაც ჩავიდენ, ასი ათასად დაბრუნდება უკან, ამიტომ ვცდილობ, ვაკეთო კარგი, რომ ის კარგი გამიასმაგდეს და დამიბრუნდეს უკან. ზოგადად, ადამიანები უფრო მეტს ვსაუბრობთ, ვიდრე ვმოქმედებთ. მე ძალიან ვცდილობ, რასაც ვფიქრობ და რაც ჩემთვის მომეწონებოდა, სხვასაც იგივე გავუკეთო. სულ ამაზე ვმუშაობ, რომ ქმედებაში გადავიყვანო სხვისთვის სიკეთის გაკეთება და ზუსტად ვიცი, ის გაასმაგებულად დამიბრუნდება. ეს, პირველ რიგში, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მომიტანა. ადამიანი რომ იბადება და ცხოვრების ფერხულში ებმება, უკვე ბევრი პასუხისმგებლობა აქვს. ცხოვრებაში, ყველას ჩვენ-ჩვენი მისიები გვაქვს და ასი პროცენტით ამას ვერ ვაღწევთ, თუმცა უნდა ვეცადოთ, სწორად ვიაროთ და ის პასუხისმგებლობები შევასრულოთ, დავტოვოთ სიყვარული დედამიწაზე, რომ შემდეგ სიყვარულით გაგვიხსენონ.
– განიცდი წლების მატებას და ფიზიკურ ცვლილებებს?
– შეიძლება არ ვფიქრობ, მაგრამ ვცდილობ ლამაზად გამოვიყურებოდე და ახალგაზრდულად დავბერდე (იცინის). ზოგადად, გარკვეული წლების მერე სტრესული ცხოვრება იწყება, ბევრი საზრუნავი და საფიქრალი ჩნდება. თუმცა, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ამ გადასახედიდან ხშირად მიფიქრია: ახლა ოცი წლით პატარა ვიყო და ეს ტვინი მქონდეს-მეთქი (იცინის). მშვენიერი, გადასარევი, დაღვინებული ცხოვრების ეტაპზე ვარ ახლა, ცხოვრება რომ მიხარია. ყველა წამისთვის და დღისთვის მადლობელი ვარ უფლის, მივყვები ცხოვრებას და ვცდილობ, სწორი ნაბიჯები გადავდგა სხვებთან მიმართებაში, რომ ადამიანები გავაბედნიერო. ეს ჩემთვის დიდი აღმაფრენაა, როცა პატარა რამით, თუნდაც სიტყვით, ყურადღებითა თუ საჩუქრით ვახარებ ადამიანს. ყველა ნაბიჯში ვგრძნობ გაათმაგებულ სიკეთეს უფლისგან. უამრავი რამ ხდება ცხოვრების განმავლობაში, დღეს ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა, ყველა მდგომარეობამ აგანერვიულოს, მაგრამ ადამიანი არ უნდა გაბოროტდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ივნისში ფინანსური წარმატება და იღბალი ელოდება
⭕თამთა ხუხუნაიშვილმა და აჩიკო გოგიტიძემ ჯვარი დაიწერეს - წყვილმა შვილიც მონათლა
წყარო: tbiliselebi.ge