
მორაგბე დავით ნინიაშვილი 2002 წლის 14 ივლისს დაიბადა. 12 წელი ერთსა და იმავე გუნდში თამაშობდა. ყველაფერი კი 18 წლის ასაკში შეიცვალა, როცა ლიონში სათამაშოდ წაიყვანეს.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა დავით ნინიაშვილმა „ლიონი“ უკვე დატოვა და კარიერა „ლა-როშელში“ გააგრძელა.
როგორ დაიწყო სპორტსმენმა რაგბისთან ურთიერთობა, რა გეგმები აქვს მომავალში და როგორ აფასებს მის კარიერულ ნაბიჯებს - ამ თემებზე ნინიაშვილმა ნონა გაფრინდაშვილის გადაცემაში „ნონა Talks“ ისაუბრა:
„ამ გუნდს დიდი პრეტენზია აქვს, შეუძლია მოიგოს თასები, საფრანგეთის ჩემპიონატი და მე 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, ვნახოთ სადამდე მივალთ. მაქსიმალურად ვეცდები ამ გუნდს გამოვადგე, ყოველწლიურად მინდა გავიზარდო, ესაა ჩემი მიზანი.
5 წლის ვიყავი სპორტით რომ დავინტერესდი, დავიწყე როგორც ყველამ, ჭიდაობით. 2 წელი ვიარე ძიუდოზე, მერე ფეხბურთი, კალათბურთი. ერთ დღესაც სკოლაში ვიყავი გაკვეთილზე და ჩემი მწვრთნელი შემოვიდა კლასში და არიგებდა მოსაწვევებს. ნანახი კი მქონდა რაგბიზე, გადავწყვიტე ვცდი -მეთქი. ოჯახში რაგბის ყველა სხვანაირად უყურებდა, არ შეხვიდე, დამახინჯდები, ბევრ ტრავმას მიიღებ და ა.შ.
12 წელი ერთი და იგივე გუნდში გავატარე, 2002 წლიანი ვარ.
საფრანგეთს საქართველოდან მიჰყავდათ 17-18 წლის ბიჭები, ახლაც ყველა პატარა ვართ წასულები. ლიონში 18 წლის ჩავედი და დამხვდა ბექა საღინაძე. ჩემთვის დიდი ნახტომი იყო საქართველოდან საფრანგეთში წასვლა, 18 წლის ასაკში როგორც ცხოვრებისეულ, ისე კარიერულად.
ბექასგან ვიღებდი მაგალითს, ვსწავლობდი, ყველაფერში მაგრად დამეხმარა. იმიჯი შევქმენით ლიონში, 7 ქართველი ვართ და მომავალ წელს მერვეც დაგვემატება.
აქ არ გვქონდა ის შესაძლებლობები რაც საფრანგეთში მოგვეცა, სხვანაირად დავიწყეთ კვება, სპორტულად. დილით მივდივართ, საუზმე, ვარჯიში და ა.შ.
ყველაფერში ბიძაჩემი დამეხმარა. ერთხელ მითხრა მოდი აგენტს გავუგზავნოთ კადრები, ნახოს იქნებ მოეწონოთო. მე ვუთხარი, ბიძი ქართველი ვარ, უკანახაზელი, არავინ არ დაინტერესდება -მეთქი. არაუშავსო, ვცადოთო და გავყევი ბოლომდე. ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს დავით ნინიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: