საგარეჯოში მცხოვრები ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, თავდამსხმელი არაფერს არ ითხოვდა.
მისივე თქმით, როგორც ადგილობრივებს ინფორმაცია ჰქონდათ, თავდამსხმელი განდეგილი ცხოვრებით ცხოვრობდა და მას ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა.
„არაფერს არ ითხოვდა, უბრალოდ გადმოყო იარაღი და „დაგვიშვა“, რამდენად ვიცი განდეგილად ცხოვრობდა, ყოფილი სამხედრო ყოფილა, აქ ახალი გადმოსულიც არ იქნება, მაგრამ ახალი შეძენილი მეზობელი ერქვა. თავისთვის ცხოვრობდა, შედიოდა და გადიოდა.
რამდენად ვიცოდით ამას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ჩვენთან ოთხი მოკლა, უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც რაღაც ნივთიერება იყო და ის აფეთქდა. ამაზე მივხვდით რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით. ვინც შევასწარით გადავრჩით და ვინც არა ჩაცხრილა“, - ამბობს თვითმხილველი „მთავარ არხთან“ საუბარში.
ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველი მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელი უმისამართოდ ხან ერთი, ხან მეორე აივნიდან ისროდა.
„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვერ მივდიოდი, ღოღვით მივედი, მერე მკვდრები დავინახე ეს ბიჭები. სახლის ორივე მხრიდან ისროდა, ხან ერთი აივნიდან, ხან მეორე“, - ამბობს თვითმხილველი.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა 5 პირი, რომლებიც „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდამსხმელი, 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი და საგარეჯოს მკვიდრი, ნოდარ ათუაშვილი გახლდათ.
ის თავდაცვის სამინისტროში, 2006 წლიდან, 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. ნამყოფი იყო ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი? რამდენად მყარი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა? ამ კითხვებს ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
ასევე დაგაინტერესებთ: