პარასპორტსმენი გიორგი ხიზანიშვილი 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ტაიკვანდოში. მასზე რეპორტაჟი გადაცემაში „შუადღე“ მოამზადეს, სადაც იგი საკუთარ ისტორიასა და მიღწევებზე საუბრობს.
„ყველაფერი კარგად მახსოვს არაფერი არ დამვიწყებია. ყოველდღიურად ვცდილობ, როგორ გავხდე დამოუკიდებელი და როგორ შევიქმნა უკეთესი პირობები.
მე ვარ გიორგი ხიზანიშვილი 30 წლის. ჩემი ისტორია დაიწყო 9 წლიდან, როდესაც სოფელში ვიყავი, საახალწლო განწყობა იყო 30 დეკემბერი იდგა. მე და ჩემი და წავედით ბიძასთან მამასთან ერთად. ეზოში ტრაქტორი იყო დაქოქილ მდგომარეობაში და მიერთებული ჰქონდა ცისტერნა. ძალიან სწრაფად ტრიალებდა. მე და ჩემი და ვთამაშობდით ეზოში, ჯოხი ჩავარდა ამ ნაწილთან, რომელიც ყველაზე სწრაფად ტრიალებდა. ჩავყავი ერთი ხელი, მერე მეორე ხელიც ინსტინქტურად მივაშველე და აი იქ დავკარგე ორივე ხელი. არც გონება დამიკარგავს იმ წუთებში. სანამ არ გადამიყვანეს კლინიკაში ყველაფერს ძალიან ცხადად ვხედავდი. რა თქმა უნდა იყო სირთულეები და შეგუების მომენტი, რადგან სხვა რეალობაში ვიყავი. ყველაზე რთული ნაწილი იყო საზოგადოების რეაქცია. სხვანაირად მექცეოდნენ.
სპორტში ჩავერთე ექვსი წლის უკან და დავიწყე ცურვით. ტაიკვანდოთი გავაგრძელე და ფაქტობრივად ჩემთვის მოიწვიეს მწვრთნელი და ასე აღმოვჩნდი პარასპორტში. აქედან დაიწყო წარმატება განვითარება და წინსვლა. 2022 წელს მანჩესტერში ავიღე ევროპაზე პირველი ადგილი. 2023 წელს მსოფლიოზე მექსიკაში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. ვმუშაობ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში. 6 წელია უკვე. ისეთი გარემო და ადამიანები არიან ერთი ოჯახი ვართ უკვე“, - აღნიშნა გიორგი ხიზანიშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მეგობრების მოგზაურობა საბერძნეთში - მამულიჩა ათენიდან სახალისო კადრებს გვიზიარებს