Digest Logo

„ყველა შეცდომა გამოსწორებულია, ყველაფერი სიმაღლეზე გვყავს აყვანილი და შევუტევთ ოლიმპიადას“ - ინტერვიუ ილია სულამანიძესთან

1722524075
ილია სულამანიძე

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში, საქართველოს, ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე წარადგენს - პირველ აგვისტოს ძიუდოს ტურნირზე 100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ მორიგი გამარჯვება იზეიმა და ფინალში გავიდა.

სპორტსმენთან, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე „რუსთავი 2-მა“ ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

-  როგორ დაიწყო თქვენი, როგორც ძიუდოისტის კარიერა?

ილია სულამანიძე: მადლობა ყურადღებისთვის და დაფასებისთვის, ძალიან სიამოვნებს სპორტსმენს ასეთი დაფასება. ჩემს კარიერას რაც შეეხება, ეს დაიყო 5 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.

დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ, მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა საუკეთესო მოსწავლე ვიყავითქო, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა ძალიან კარგად ვსწავლობდი.

- რამდენად რთული გზა განვლო ძიუდოისტმა, ვიდრე დღევანდელ დღემდე მოვიდოდა?

ილია სულამანიძე: რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია. ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში.

- შეიძლებოდა თუ არა, უფრო მეტი შედეგი ჰქონოდა, ვიდრე დღეს გაქვს?

ილია სულამანიძე: შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ ყოფილა დაზარების ან რაიმეს დაკლების გამო, იყო შეცდომები, ზოგჯერ გამოცდილების და ზოგჯერ კონცენტრაციის ნაკლებობის გამო. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ახლა იმ მომენტზე ვართ, როდესაც ყველა შეცდომა გამოსწორებულია, ყველაფერი სიმაღლეზე გვყავს აყვანილი და შევუტევთ ოლიმპიადას.

- რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ილია სულამანიძის კარიერაში?

ილია სულამანიძე: მსოფლიო ჩემპიონატის მესამისთვის ბრძოლა, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტიტული მოვიპოვე და დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი ავიღე. როცა დიდ წარმატებას აღწევ, იწამლები და გინდა რომ ამაზე უკეთესი გააკეთო კიდევ. სპორტში ასე ხდება - ყოველი წარმატება გწამლავს.

- ჰქონია თუ არა, ძიუდოისტ ილია სულამანიძეს კარიერაში რთული მომენტები?

ილია სულამანიძე: არ მქონია ისეთი რთული მომენტი, რომ რაიმეს ხელი შეეშალა ჩემი საქმის კეთებაში, მადლობა ღმერთს ამისთვის - იღბლიანი გამოვდექი. გათავისებული მაქვს პასუხისმგებლობა, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით წარვდგებით ოლიმპიადაზე, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძიუდოისტების მხრიდან ყველაზე დიდი შედეგი ამ ოლიმპიადაზე იქნება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში მომიწია ყოფნა. ძალიან ვაკონტროლებ ხოლმე ფიქრებს, რათა ზედმეტად არ დავზარალდე ხოლმე, მაგრამ თუ წარმოვიდგენ, მხოლოდ ოქროს მედალს და ფინალში გამარჯვების ემოციას.

- რამდენად კომფორტულია გარემოცვა, სადაც ვარჯიშობ?

ილია სულამანიძე: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვარ. მწვრთნელებიც, ბიჭებიც, ექიმები და მთლიანად სტაფი იმ დონის პროფესიონალები არიან, რომ გსიამოვნებს შენც რომ იგივე დამოკიდებულება გაქვს და ყველაფერს აძლევ ამ სპორტს. ყველა ძიუდოისტისგან რაღაცას ვსწავლობ. ყველა ისეთი სპორტსმენი გვყავს ძიუდოს ნაკრებში, რომ ყველასგან სხვადასხვა რამის სწავლა შეიძლება.

 ძიუდოს გარდა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ილია სულამანიძეს ასევე უყვარს მუსიკა...

ილია სულამანიძე: მთელს გონებრივ და ფიზიკურ რესურსს ძიუდოს ვუთმობ, თუმცა მუსიკა არის ის მხარე, რომელიც ძალიან მომწონს, ძალიან მსიამოვნებს. პიანინოთი დავიწყე, მუსიკის სიყვარული პიანინოთი გავიგე რა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს პირველ მასწავლებელს ნუნუ არაბიძეს. მუსიკა, გარდა იმისა, რომ სიამოვნებას განიჭებს, იმდენ რამეს გასწავლის, რომ როდესაც თავისუფალი დრო გაქვს, გული მაშინვე მისკენ მიგიწევს.

იქიდან გამომდინარე, რომ პიანინოს შეკრებაზე ვერ ატარებ, უცხოეთში ვერ წაიღებ, მოვნახე ისეთი ინსტრუმენტები, რომლის ტარებაც შეიძლება და ისინიც შევისწავლე.

ვუკრავ ფანდურზე, პიანინოზე, გიტარასა და სალამურზე. გარდა იმისა, რომ მე თვითონაც ვიღებ სიამოვნებას, ასევე, პატარ-პატარა ხრიკები მაქვს ხოლმე, რომ სხვებს მოვაწონო მუსიკა და თუ ინიციატივა გამოთქვა ეგრევე ჩავავლებ კლანჭებს და ვასწავლი, ვისაც სურვილი ექნება, მინდა გითხრათ, რომ ძიუდოს ნაკრები მუსიკალურად საკმაოდ მაღალ დონეზეა. ფანდური და გიტარა, პიანინოს ვერ ვასწავლი, სიტუაცია არ გვიწყობს ხელს. ლაშამაც კარგად იცის, სარდალაც სწავლობდა, უბრალოდ მემარცხენე არის და ინსტრუმენტი ვერ გადავაწყვე. დიდებში მეტი არავინ და ახალგაზრდებში მყავს ბევრი მოსწავლე.

შესაძლოა იყოს კონკრეტული მელოდია, როდესაც პიანინოსთან დავჯდები, პირველი ეგ დავუკრა. ფანდურზე სხვაა და გიტარაზეც სხვა. მუსიკა ჩემთვის მხოლოდ დაკვრა და სიამოვნება არ არის. მე ინსტრუმენტების სწავლის გზაზე, ზუსტად იგივე გზა გავიარე, რაც ძიუდოს სწავლის გზაზე და მომზადების პერიოდში. შესაძლებელია ეს სფეროები დააკავშირო ერთმანეთთან და რაღაც ისწავლო. სულ რომ მინიმალური გამიკეთოს მე მუსიკამ, ამ მხრივ, ძალიან მადლიერი ვარ.

- სწავლა, მუსიკა და ძიუდო, იყო თუ არა ერთად რთული?

ილია სულამანიძე: შეიძლება იმ კუთხით იყოს რთული, რომ ამას შრომა და დროის დათმობა სჭირდება, თორემ თვითონ პროცესში მე საერთოდ ვერ ვიაზრებ ხოლმე მის სირთულეს.

 როდის გადაწონა ძიუდომ ყველა სხვა დანარჩენი და როდის მიხვდა ილია სულამანიძე, რომ ძიუდო უნდა ყოფილიყო მისთვის ამოსავალი წერტილი?

ილია სულამანიძე: ერთი ისტორია იყო, მე და ჩემი ძმა ცეკვაზეც დავყავდით, 14 წლისები ვიყავით და ისე დაემთხვა, რომ ცეკვის კონცერტი ემთხვეოდა ძიუდოს შეჯიბრს. მოხდა ისე, რომ კონცერტზე წამოვედი და ჩემი ძმა შეჯიბრზე. ყველაფერს რომ მოვრჩით, ხალხმა ტაში დაგვიკრა, სახლში რომ მოვდიოდით, დაგვიურეკეს შენი ძმა ჩემპიონი გახდიო და მთელმა "მარშუტკამ" ტაში დავუკრათო. დაუკრეს ტაში, მათ შორის, მე ვინც მომწონდა იმ გოგომაც დაუკრა ტაში. მეორე დღესვე გამოვედი ცეკვიდან და ძიუდოზე დავიწყე ორმაგად ვარჯიში. ეს იყო 14-15 წლის ასაკში.

- რა არის ამოსავალი წერტილი წარმატების მისაღწევად?

ილია სულამანიძე: გააზრებული შრომა, მეტი არაფერი.

- ადამიანები, რომლებიც მის ირგვლივ არიან, რამდენად დიდია მათი როლი იმაში ილიას წარმატებაში?

ილია სულამანიძე: მადლობა ღმერთს რომ ჩემს ირგვლივ ისეთი ხალხია, რომ ყველას გააზრებული აქვს ეს პასუხისმგებლობა. ხანდახან ვსარგებლობ კიდეც, ხელის გულზე მატარებენ, განა ზედმეტად, როგორც საჭირო არის, როგორც სპორტსმენს სჭირდება. მე რომ მოვდივარ შეკრებაზე, მერე ვიაზრებ ხოლმე, თუ რა გამიკეთა მეგობარმა, ან ოჯახის წევრმა თავისუფალ დროს. ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რა გზაზე ვდგავარ და რისთვის ვიბრძვი. ძალიან ხელს მიწყობენ, მადლობა ღმერთს და ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემზე რომ არ არის დამოკიდებული და კარგად მიდის, მადლობას ვეუბნები ხოლმე ყველას.

- რას გააკეთებს ილია სულამანიძე იმისთვის, რომ ოქროს მედალი მოიპოვოს ოლიმპიურ თამაშებზე?

ილია სულამანიძე: ყველაფერს რისი გაკეთებაც საჭირო იქნება. როგორც სიტუაცია გვანახებს, არაფერზე არ ვარ უკან დამხევი. ჩემი ტვინის და კუნთების ყველა უჯრედი, შეეცდება, რომ იქ ოქრო მოიპოვოს.

წყარო: rustavi2.ge