
ფილოლოგი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და პერიოდულად შთამაგონებელ სტატუსებს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის ცხოვრებაზე დაკვირვებას უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანური ურთიერთობების შესახებ წერს.
„თუ ისტორიას არავინ სწავლობს, საუკუნეთა განმავლობაში ადამიანები ასე ზუსტად როგორ იმეორებენ წინაპართა შეცდომებს?
სცენარი დაწერილია, როლები განაწილებულია, ტექსტები დაზეპირებულია - რეპეტიციები საჭირო არ არის.
ფორმა იცვლება, შინაარსი - არა. ტექნოლოგიები ვითარდება, ადამიანთა ურთიერთობების პრობლემები კი რჩება.
ყველა ყველას ებრძვის.
ყველა ყველას ელაპარაკება, მაგრამ (სულხან-საბას "ოთხი ყრუს" მსგავსად) არავის არაფერი ესმის. სტერეოტიპები (სულხან-საბას "იხვი და მყვარის" მსგავსად) ჭამს სამყაროს. აბსურდი (სულხან-საბას "ვირად ნამყოფი ყადის" მსგავსად) დასეირნობს მსოფლიოში.
რუქა ("სიბრძნე სიცრუისა") მართალი იყო, ცხოვრების მთავარ ფაქტორად ძალადობას რომ აცხადებდა იდეალისტები მსჯელობენ, რეალისტები მოქმედებენ. რეალისტები ყველაზე კარგად სწავლობენ ისტორიას.
მათ იციან, რას მოაქვს ე.წ. "წარმატება".
აგრესიულ ბედნიერთა მთავარი პრინციპი უპრინციპობაა. ათასჯერ სცადეს ცხოვრების ფერისცვალება - რა ფიქრსა და ხერხს აღარ მიმართეს ჰარმონიისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად.
მთავარი შედეგი ის იყო, რომ დაიწერა „ათას ერთი ღამე". „ამირანდარეჯანიანში" ერთი ასეთი ადგილია:
მონადირეები (ისინი მაძიებლებსა და მიზნისკენ სწრაფვას გამოხატავენ) უცნაურად მშვენიერ ქურციკს (ის მიზანს გამოხატავს) მისდევენ. ვერც ეწევიან და არც ჩამორჩნენ. სანამ ადამიანი ცოცხალია, მიზნისკენ სწრაფვა მუდმივია.
მიზნები (მიღწევის კვალობაზე) ერთმანეთს ენაცვლებიან. მიზნის ადგილი თავისუფალი არასდროს არის.
უპაუხოდ ჩნდება ახალი. ვერც კი შეამჩნევ, ქურციკი როგორ იცვლება.
ის გარბის, შენ მისდევ და ვერ დაინახავ, სახე რომ უსხვაფერდება. ერთი ადამიანიც ასეა და მთლიანად კაცობრიობაც. გინდაც მერანზე ამხედრდი, ბოლო ქურციკს მაინც ვერ დაიჭერ. ესე იგი, ეკლესიასტეს წიგნი მართალია და ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ამაოა? არასდროს არაფერი შეიცვლება? ადამიანს არაფერი გამოასწორებს?
იმედის ერთადერთი წყარო მაინც ის არის, მალე რომ ვიდღესასწაულებთ - ფერისცვალება. "ბედი ცდაა".
თუ ხსნაა, მხოლოდ მასშია - იესო ასე ამბობს. თუ არადა, ადამიანები ვიქნებით ასე - მუდმივ ბრძოლაში საკუთარი
სიმართლისთვის, რომელიც ერთადერთი ჭეშმარიტება გვგონია. "ჩვენ ვიტყვით: კაცნი ჩვენა ვართ".
ამას კი მოსდევს "სიმართლეთა ომი" - ყველა ყველას წინააღმდეგ. არ დათმო სიკვდილამდე!
მერე კი ყველაფერი გაირკვევა - მშვიდად და საჩივრებისა თუ პრეტენზიების გარეშე. ღმერთი ხომ ის არის, დროს ფუჭად რომ არ კარგავს“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე