
პოპვარსკვლავი ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელმაც 23 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ დაუვიწყარი შოუ გამართა, ტურნეს დასრულების შემდეგ გულშემატკივრებს პირად საკითხზე გაუზიარა ინფორმაცია - მომღერალს ლაიმის დაავადება დაუდგინდა.
„რადგან ეს ორი წარმოუდგენელი წელი დასასრულს უახლოვდება და მომავალზე ვფიქრობ, მინდოდა გულით დამეწერა რამე. ტურნეს ქარიშხლის დროს მარტივი არ არის ფიქრების ჩამოყალიბება, მაგრამ ვეცდები.
ეს იყო ყველაზე სახალისო, ემოციური, ფიზიკური მდგრადობის მომთხოვნი და ზოგჯერ დამქანცველი გამოცდილება. უკვე 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, რაც სრულიად სიგიჟედ მეჩვენება. ამას ვერ შევძლებდი ჩემი ოჯახის, მეგობრებისა და თქვენი მხარდაჭერის გარეშე.
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ, თუმცა ახლა მინდა ჩემზე გესაუბროთ.
სხვა საკითხებთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებსაც ვებრძოდი და ლაიმის დაავადება დამიდგინდა. მინდა იცოდეთ, რა სირთულეებს ვაწყდებოდი კულისებს მიღმა.
თუ გამოგიცდიათ ეს დაავადება, ან იცნობთ ვინმეს, ვისაც ის აქვს, მაშინ გეცოდინებათ, როგორი რთულია მასთან ერთად ცხოვრება - როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. როცა ეს დიაგნოზი პირველად დამისვეს, შოკირებული ვიყავი. თუმცა ბოლოს მივხვდი, რომ სწორედ ეს ხსნიდა იმ უზარმაზარ ტკივილს, საშინელ დაღლილობას და გულისრევას, რასაც სცენაზე განვიცდიდი.
აღმოვჩნდი დილემის წინაშე - ან შევწყვიტავდი ტურნეს, ან გავაგრძელებდი. გადავწყვიტე, რომ სცენაზე გამოსვლის სიხარული გაცილებით აჭარბებდა ფიზიკურ სტრესს და მიხარია, რომ გავაგრძელე.
გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცე შეუპოვრობა, თქვენთან ერთად უამრავი განსაკუთრებული მომენტი განვიცადე, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. ამაზე საუბარს ვერიდებოდი, რადგან ასე ვარ აღზრდილი - პირადი საკითხები ჩემთვის პირადულია. თუმცა ახლა ვცდილობ, უფრო გამჭვირვალე ვიყო, რომ საზოგადოებამ არასწორად არ გამიგოს.
ყველაფერს იმ იმედით ვაზიარებ, რომ ყველანი ვიპოვით გზას, რათა მეტად დავუკავშირდეთ ერთმანეთს. მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო და დავეხმარო მათ, ვისაც ეს დაავადება ტანჯავს“,- წერს ჯასტინი.
ცნობისთვის, ლაიმი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანებზე ინფიცირებული ტკიპებისგან გადადის.
მიგრირებადი ერითემა ტკიპის ნაკბენის ადგილას 1-2 კვირის განმავლობაში ვითარდება და ლაიმის დაავადების პათოგნომურ ნიშანს წარმოადგენს.
შესაძლო სიმპტომებია; ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა და ართრალგია.
ლაიმის დაავადების გართულებები შეიძლება იყოს ნევროლოგიური, კარდიალური ან ძვალკუნთოვანი.
ძირითადი მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპიას მოიცავს.
ამჟამად ვაქცინა არ არსებობს; პროფილაქტიკა გულისხმობს ტკიპის კბენისგან თავის არიდებას.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე