ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო შეჯამების ეტაპზე გადავიდა. 19 ოქტომბრის სხდომაზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა, რაშიც გააერთიანა ყველა ის ეპიზოდი და ბრალდების მტკიცებულება, რაც ბოლო ორი წელია განიხილება. დღეს, 20 ოქტომბერს, დაცვის მხარე და ბრალდებული დასკვნით სიტყვას იტყვიან.
განაჩენამდე ორი დღით ადრე, სასამართლოს დარბაზში პროკურორის დასკვნით სიტყვას, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში ისმენდა ბრალდებული ჩოგბურთელი და დაზარალებულად ცნობილი მისი ყოფილი ცოლი.
დასაწყისშივე, პროკურორმა სავარაუდო დანაშაულის ეპიზოდები შეაჯერა და თქვა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად ედება გენდერული დისკრიმინაცია და ოჯახის წევრის ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე, ფიზიკური ძალადობის ოთხი ეპიზოდი, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
„მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ნელი დოროყაშვილის მიმართ ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობდა ფსიქოლოგიურად და ამ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი”, - თქვა პროკურორმა ნათია გურულმა.
მისი სიტყვებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ცოლს, როგორც ქალს, სოციალურად უთანასწოროდ მიიჩნევდა, ქორწინებიდან მალევე დაიწყო მისი შეურაცხყოფა, ძალადობის ფორმები ნელ-ნელა დამძიმდა და 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც წყვილს შვილი შეეძინა, ძალადობა მასშტაბური გახდა.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი უკონტროლებდა მას მეგობრებთან და სხვა ადამიანებთან სოციალურ ურთიერთობებს, სოციალურ ქსელსა და მედიასთან აქტივობებს, ფინანსური ხარჯების განკარგვას, უკრძალავდა მუშაობას, მიაჩნდა, რომ ნელი დოროყაშვილის სოციალური მოვალეობა ბავშვის მოვლითა და საყოფაცხოვრებო საქმიანობით შემოიფარგლებოდა. თავისი უპირატესობის წარმოსაჩენად, აკნინებდა ნელი დოროყაშვილის გარეგნობას, აგინებდა, ეუბნებოდა, რომ იყო უშნო, ეძახდა სხვადასხვა ცხოველის სახელს...“, - თქვა პროკურორმა სასამართლოს დარბაზში, რის შემდეგაც ბრალდების მტკიცებულებებზე ილაპარაკა.
ბრალდების მტკიცებულებები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები
პროკურორმა სხდომაზე ამოიკითხა სხვადასხვა დროს ჩაწერილი დიალოგების მხოლოდ ფრაგმენტები, რომელიც, მისივე მტკიცებით, ფსიქოლოგიურ ძალადობას ასახავს და საქმეში ჩანაწერების სახით დევს.
2017 წლის 8 ივნისი
ნიკოლოზი მიმართავს ნელის: “...შენ თავში რა დაგარტყამს, მე არ ვიცი, მთელი დღე გაქვს თავისუფალი, ვიღაცა გიდებს ბანკში ანგარიშზე ფულს, შენ კიდევ [უცენზურო სიტყვა], რაღაც სურათებს დებ [სოციალურ ქსელში]. საერთოდ არაფერს აკეთებ ამქვეყნად, ერთადერთი ლუკასი გყავს მისახედი, შენ ხარ უსაქმური ადამიანი…”
2018 წლის 20 აგვისტო
“აღარაფერს აღარ გეტყვი, შე უმადურო სოფლელო“, - ბასილაშვილი მიმართავს დოროყაშვილს.
2018 წლის 8 ოქტომბერი
ნიკოლოზი მიმართავს ნელის: “უბრალოდ პრეტენზია გამოვთქვი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან, (ცოტა სხვა სიტყვა წერია), ნუ გაქვს-თქო ურთიერთობა. შენი თავი არ დაიმახინჯო სახეზე მაინც-მეთქი… სიმახინჯის განსახიერება“.
2018 წლის 31 დეკემბერი
პროკურორის თქმით, ამ აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ნელი დოროყაშვილი, როგორც მოდელი, აპირებს კონტრაქტის გაფორმებას. ნიკოლოზი ყოფილ მეუღლეს ასე მიმართავს: “მოტყლარწული ტანი გაქვს, რა მოდელობას აპირებ...". მას შემდეგ, რაც ნელი დოროყაშვილი ქმარს უპასუხებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს და უმჯობესია ნიკოლოზმა თავის გარეგნობას მიხედოს, იგი ეუბნება: “შენ თვითონ გაზარდე [ბავშვი] და მოუარე, [გინება] მე დავამთავრე და ამ ბავშვზე ვამბობ უარს”.
2019 წლის 9 იანვარი - “შემარცხვენელი, გაუნათლებელი, ტუპოი, იმენა, შტერი ქალი, არარაობა ხარ”, - ნიკოლოზი მიმართავს ნელის.
2019 წლის 9 თებერვალი - ნიკოლოზი მიმართავს ნელის: “ფეკალიებში გაყავი თავიო” - ოღონდ სხვა სიტყვებით”, - აზუსტებს პროკურორი და ამატებს: “თან ღრმად”... “მას შემდეგ, რაც ნელი გარკვეულწილად უხდის ბოდიშს, ნიკოლოზი ეუბნება, “უკანალში შეიტენე შენი ბოდიში”, - შემდეგ კიდევ შეურაცხმყოფელი სიტყვებია ნელის მისამართით“.
2019 წლის 10 მარტი - “ჩემზე ფინანსურად ხარ დამოკიდებული”, მიმართავს ნიკოლოზი ნელის, რაზეც ის ეუბნება, რამდენჯერ უნდა წამომაძახოო.
2019 წლის 10 აპრილი - ნიკოლოზი მიმართავს ნელის: “ეგ სურათები [გულისხმობს სამოდელო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფოტოებს - რ.თ.] ცოტა ზედმეტია, პროსტა ნათესავების არ გიტყდება? ლუკასის სურათის გვერდით როგორ გიდევს ეგ?”. პროკურორი განმარტავს, რომ ეს დიალოგი ცხადყოფს ნიკოლოზის დამოკიდებულებას ნელის სამოდელო საქმიანობის მიმართ.
პროკურორის თქმით, ამ დიალოგების არსებობას ადასტურებენ, ერთი მხრივ, მოწმეები, ასევე, აქვთ ჩანაწერები, დაზარალებულის ჩვენება და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელმაც ნელის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეისწავლა.
რა დაადგინა ექსპერტმა?
ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის წარდგენილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის ჩვენება და დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგიურად იტანჯებოდა.
პროკურორმა პროცესზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის სახელმწიფო დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერტიზა და არა კერძო ბიუროს, კერძო პირის შეფასება.
„დასკვნის თანახმად, ნელი დოროყაშვილს ჰქონდა პოსტტრავმულ სტრესთან მიახლოებული მდგომარეობა. ასევე, დათრგუნულობიდან თავის დაღწევის სურვილის მდგომარეობა, რითაც იხსნება მისი ქმედებები და ნაბიჯები”.
2018 წლის 28 აგვისტო, ნიუ-იორკის ეპიზოდი
2018 წელს ნიუ-იორკში მომხდარი სავარაუდო ფიზიკური ძალადობა ერთ-ერთია, რაშიც ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავებიან.
პროკურატურა თვლის, რომ კონფლიქტის წინაპირობა გახდა ბასილაშვილის პირადი ბანკირის გადაწყვეტილება. მან ნელის, როგორც ბასილაშვილის მინდობილ პირს, ქმრის ანგარიშიდან დიდი ოდენობით ფულადი გადარიცხვის დადასტურება სთხოვა. სწორედ ასე გაიგო ნელი დოროყაშვილმა, რომ ოჯახი უძრავი ქონების შეძენას აპირებდა, მან კი არაფერი იცოდა.
პროკურორის თქმით, ამერიკაში მყოფმა ნიკოლოზმა ნელის დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან "მას არაფერი ესაქმებოდა [ბასილაშვილების] ოჯახის ფინანსებთან".
2018 წლის აგვისტოს ბოლოს ნელი დოროყაშვილი ამერიკაში გაემგზავრა.
პროკურორის სიტყვებით, 27 აგვისტოს, ნიკოლოზის თამაშის შემდეგ ნელი დოროყაშვილი მარტო დაბრუნდა მანჰეტენზე მდებარე სასტუმრო “ჰილტონში”, შეთანხმებით, რომ ისინი იქ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ნიკოლოზი სასტუმროში აღარ დაბრუნდა და აღარც ცოლის ზარებს უპასუხა.
ბრალდება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, აცხადებს, რომ გვიან ღამით, როცა ნიკოლოზი სასტუმროში დაბრუნდა, ეჩხუბა ნელის, რომელიც თავს უფლებას აძლევდა ბასილაშვილების ოჯახის ქონების შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინა.
"ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური ძალადობა: თმით ათრია, ნიკოლოზმა ხელები ურტყა სხეულზე და წაქცეულს ფეხები ურტყა მუცლის არეში", - თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ნელი ცდილობდა ძალადობა ტელეფონით გადაეღო.
"ტელეფონით ფრაგმენტულად იღებდა კონფლიქტის დასასრულს: იგი ნამტირალევი ხმით, უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნიკოლოზის ძალადობაზე, ბასილაშვილმა კი ამ დროს ჩოგნების ჩანთა ისროლა საწოლში მისი მიმართულებით და ჩაარტყა თავისა და ტანის არეში…”
2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდი
ბრალდების დადგენილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ცოლზე სახლში იძალადა იმიტომ, რომ მისმა დედამ, ნატალია ნაჭყებიამ რძალს შენიშვნა მისცა, ნელი კი შეეპასუხა. დაზარალებულის ჩვენებით, 2019 წელს მათთან სტუმრად იყო ნატალია ნაჭყებია, რა დროსაც ლუკასს შემთხვევით ლარნაკი გაუტყდა.
"შეპასუხება სწორედ მაშინ დაიწყო. ნატალიამ ნიკოლოზის დასანახად უსაყვედურა რძალს, რომ ბავშვი კარგად არ აღზარდა და უნდა მიეცა შენიშვნა. საპასუხოდ, ნელიმ განმარტა, რომ მისთვის ლარნაკი არ იყო ღირებული და ვინაიდან ლუკასი ისედაც განიცდიდა მომხდარს, არ სურდა შენიშვნის მიცემა. ამ ფაქტზე გაღიზიანდა ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნატალიას წასვლის შემდეგ მას ხელი ძლიერად გადაუგრიხა და მიიღო დაზიანება".
პროკურორის თქმით, საქმეში დევს ნელი დოროყაშვილის დაზიანებების ამსახველი ფოტო.
2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი
სავარაუდო ძალადობა მოხდა კეკელიძის ქუჩაზე, ნიკოლოზ ბასილაშვილის კუთვნილ ავტომანქანაში.
პროკურორის თქმით, 2019 წლის აპრილში ქმარმა ნელი დოროყაშვილს უთხრა, რომ ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელთანაც აპირებდა ურთიერთობას, სთხოვდა მას დალაპარაკებოდა და აეხსნა, რომ თავად ნელის ამაზე პრობლემა არ ჰქონდა.
„დოროყაშვილი და ბასილაშვილი 2019 წლის 30 აპრილს სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ბრალდებული შეეცადა ცოლისთვის ტელეფონის წართმევას, რადგან ჰქონდა ეჭვი, მასში ძალადობის დამადასტურებელი ინფორმაცია იყო. ვინაიდან ეს ვერ მოახერხა, ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაარტყა, მათ შორის, სახის, ხელებისა და ფეხების მიდამოში. ასევე თმაში მოქაჩა ძლიერ. ნელი დოროყაშვილმა მოახერხა ბასილაშვილის მანქანიდან გადასვლა… იგი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან".
პროკურორი აღნიშნავს, რომ საქმეში არის 2019 წლის 1-2 მაისს გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს ნელი დოროყაშვილის მკლავზე დაზიანება, ასევე, იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებსაც ნელიმ კონფლიქტის შემდეგ დაურეკა.
2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი
2020 წლის მაისში მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტი ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების საფუძველი გახდა. წყვილი ამ დროს ერთად არ ცხოვრობდა და ბავშვთან ყოფნის დღეები განაწილებული ჰქონდათ.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნელი დოროყაშვილი ბასილაშვილების ოჯახის სახლში, ბავშვის წასაყვანად მივიდა.
პროკურორმა ამ ეპიზოდის მიმოხილვასა და ანალიზს ყველაზე დიდი დრო დაუთმო და ბრალდების ვერსია სასამართლოს წაუკითხა:
„ნელი დოროყაშვილის ჩვენებით, ნიკოლოზი და ლუკასი გამოვიდნენ ჭიშკრიდან. ნიკოლოზმა ლუკასი ჩასვა თავის 2-კარიან მანქანაში, მძღოლის უკან, თავადაც ჩაჯდა და მიხურა კარი. ნელი ითხოვდა ვითარებაში გარკვევას. მას შემდეგ, რაც ბავშვმა გააცნობიერა, რომ ნელი მათთან ერთად არ მიდიოდა, დაიწყო ტირილი. ნელი ცდილობდა მანქანის კარის გაღებას, ნიკოლოზი კი წინააღმდეგობას უწევდა. პარალელურად, დედამთილს, ნატალია ნაჭყებიასა და ნელი დოროყაშვილს ჰქონდათ უსიამოვნო შელაპარაკება, რომლის დეტალებს ორივე განსხვავებულად ჰყვება.
ნელი კვლავ დაბრუნდა მანქანასთან და შეეცადა ბავშვის გადმოყვანას. ნიკოლოზი გადმოვიდა მანქანიდან, ნელის მკლავზე ხელი მოუჭირა და ჩაარტყა თავში. ნელიმ ბავშვის მანქანიდან გადმოყვანა მოახერხა. გადაწყვიტა, ატირებული ბავშვი წყლის დასალევად შეეყვანა ბასილაშვილების სახლის ეზოში, თუმცა იქ მას მამამთილი დახვდა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო. შეშინებული ნელი სახლის ეზოდან გაიქცა. მას თან გაჰყვა ნიკოლოზი ბავშვის დასაბრუნებლად. ვინაიდან ნელი მას წინააღმდეგობას უწევდა, ნიკოლოზმა გასაღებიანი ხელი მოუჭირა მკლავში, ხელი ჩაარტყა თავში და უკან, სახლისკენ გაბრუნდა. დაზარალებულმა იქვე მანქანა გააჩერა და წაყვანა სთხოვა".
პროკურორმა სხდომაზევე ჩართო აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავს, როგორ რეკავს ნელი დოროყაშვილი 112-ში და ატყობინებს ბასილაშვილების სახლთან მომხდარზე:
ნელი დოროყაშვილი: ჩემს ქმარს ჰყავდა ბავშვი წაყვანილი და შეთანხმებულები ვიყავით, რომ უნდა წამომეყვანა. ბავშვი ტიროდა და მინდოდა წყალი დამელევინებინა. გამომივარდა მამამთილი ჯოხით, გინებით, ჩემმა ქმარმა დამარტყა. არ ვიცი, მართალს გეუბნებით, სრულიად შოკში ვარ, იქნებ, მოხვიდეთ.
112: კი, აუცილებლად;
ნელი დოროყაშვილი: არ ვიცი, უბრალოდ, რა ვქნა?! [ისმის ტირილის ხმა];
112: არ ინერვიულოთ, მალე მოვა პოლიცია;
პროკურორი ამატებს, რომ ნელი დოროყაშვილს სხეულზე, მარჯვენა მკლავის არეში ჰქონდა დაზიანება, რასაც ადასტურებენ სასწრაფოს ექიმებიც. მისივე თქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს მარჯვენა ხელზე ჰქონდა ხანდაზმულობით მომხდართან შესაბამისი დაზიანება, კერძოდ, სისხლნაჟღენთი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ქალმა ავტობუსში გაიგო, რომ შვილი ომში მოუკვდა და უკრაინას წყევლის“ - ემოციური ვიდეო
წყარო: www.radiotavisupleba.ge