ნანა ლორთქიფანიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანია და ამას თავადაც აღიარებს. გაიზარდა ყველასთვის ცნობილ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში. მამის, გიგა ლორთქიფანიძის დარიგებებს დღესაც ითვალისწინებს და დედის, უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობის, ქეთევან კიკნაძის ოჯახურ ტრადიციასაც აგრძელებს.
ბედში არ გაუმართლა, რადგან სამჯერ იყო ქორწინებაში, მაგრამ დღეს მაინც მარტოა. თუმცა პირველი ქორწინებიდან ულამაზესი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს, რომლებისთვისაც თბილი, ტკბილი და მზრუნველი ბებიაა.
ნანა ლორთქიფანიძე: ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მომიტანა, რომ თურმე, სისულელეებზე არ უნდა ვიშალოთ ნერვები და არ ვხარჯოთ ამდენი ემოცია. მთავარია, მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან მაქსიმალურად ვეცადოთ, არ გავიბრაზოთ თავი. ზუსტად ეს მაჩვენა გამოცდილებამ და ის, რომ ამ ურთიერთობებსა და სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია.
– ხშირად გტკენიათ გული?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრი იმედგაცრუება მიმიღია. ემოციების მართვა ჩვენს ხელშია და ასეთ დროს სულ მამაჩემის დარიგეგებს ვიზიარებ: რაც არ უნდა მოხდეს და ცხოვრებაში რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, შენ თავად უნდა წამოაყენო შენი თავიო – ეს ერთი და მეორე – არასდროს შეგეშინდეს ცხოვრების თავიდან დაწყების. და, სხვათა შორის, ცოტაჯერ არა, ბევრჯერ მომიწია ცხოვრების თავიდან დაწყება.
– მეორედ დაქორწინება რა ასაკში გადაწყვიტეთ?
– 29 წლის ვიყავი, როცა მეორედ გავთხოვდი, ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და გავშორდით. შემდეგ იყო მესამე ქორწინება, 42 წლის ასაკში და მასაც დავშორდი. ახლა ქმარი არ მყავს. ზოგადად, სულ ვამბობ, სიყვარულის თემას გააზრებები და სიჭკვიანე არ ჰყოფნის, მამა ამბობდა: გინდა, პროფესორი იყავი და გინდა, აკადემიკოსი, ქალის ჭკუა მაინც თხამ შეჭამაო (იცინის). რომ მკითხოთ, პირად ცხოვრებაში ვნანობ თუ არა რაღაცებს, გიპასუხებთ, რომ რასაკვირველია, ვნანობ. ერთადერთი, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ მე ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ. ცოტა უფრო დიდი გოგო რომ ვყოფილიყავი, იქნებ ეს შეცდომა არ დამეშვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge