Digest Logo

რატომ არის წონის კლება რთული და როგორ ვიყენებთ ნეირობიოლოგიას ჩვენს სასარგებლოდ - ნუტრიციოლოგის განმარტება

1778268421
ტვინი ტვინი

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.

მისი თმით, თვითკონტროლი, დისკომფორტის ატანა და გრძელვადიანი მიზნის შენარჩუნება დაკავშირებულია კონკრეტულ ნეირობიოლოგიურ სისტემებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში ადაპტირდება და ძლიერდება:

„პაციენტებისგან ხშირად მესმის ფრაზა: „უბრალოდ ნებისყოფა არ მყოფნის“. მაგრამ თანამედროვე ნეირომეცნიერება სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ „ნებისყოფა“ მხოლოდ აბსტრაქტული ფსიქოლოგიური ცნება არ არის. თვითკონტროლი, დისკომფორტის ატანა და გრძელვადიანი მიზნის შენარჩუნება დაკავშირებულია კონკრეტულ ნეირობიოლოგიურ სისტემებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში ადაპტირდება და ძლიერდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია anterior mid-cingulate cortex (aMCC) ტვინის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს ძალისხმევის რეგულაციასა და შიდა კონფლიქტის დამუშავებაში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სისტემა, რომელიც ტვინს ეხმარება გადაწყვიტოს: „ღირს თუ არა მოკლევადიანი დისკომფორტის ატანა გრძელვადიანი მიზნისთვის?“.

სწორედ ამიტომ არის წონის კლება ბევრად უფრო რთული, ვიდრე უბრალოდ „ნაკლები ჭამა“. ადამიანი ყოველდღიურად ეჯახება ბიოლოგიურ კონფლიქტს - სწრაფ ჯილდოსა და გრძელვადიან ჯანმრთელობას შორის, ან ემოციურ დამშვიდებასა და მეტაბოლურ სტაბილურობას შორის.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კვებითი აშლილობები ან ემოციური ჭამა მხოლოდ „სუსტი ნებისყოფის“ შედეგია. პირიქით - ეს მრავალფაქტორული მდგომარეობებია, სადაც მონაწილეობს დოფამინური ჯილდოს სისტემა, დისტრესი, ძილის დეფიციტი და ტრავმა.

მაგრამ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: ტვინი სტატიკური არ არის. როდესაც ადამიანი აყოვნებს იმპულსურ რეაქციას, უძლებს craving-ს - ძლიერ, თითქმის იმპულსურ ლტოლვას - რამდენიმე წუთით მეტხანს ან ამბობს „არას“ ემოციური ჭამას სურვილზე, ის პრაქტიკულად ავარჯიშებს თვითრეგულაციის ნეირონულ სისტემებს.
ტვინის ეს სისტემები ყველაზე მეტად აქტიურდება არა კომფორტის, არამედ შინაგანი წინააღმდეგობის დროს იმ მომენტებში, როცა ადამიანი არჩევანს აკეთებს მოკლევადიან სურვილსა და გრძელვადიან მიზანს შორის.

ეს ნიშნავს, რომ ყოველი კლინიკური ჩარევა უნდა ითვალისწინებდეს არა მხოლოდ კვების გეგმას, არამედ ამ ნეირობიოლოგიურ კონტექსტსაც.

4 ნეირობიოლოგიური პრინციპი ყოველდღიურობაში:

1) ნუ დაელოდებით იდეალურ მოტივაციას.
მოტივაცია არასტაბილურია. ქცევის ცვლილება უფრო ხშირად იწყება მოქმედებით, ვიდრე შთაგონებით.

2) აღიქვით დისკომფორტი, როგორც პროცესის ნაწილი.
თუ ცვლილება რთულია, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ „ვერ შეძლებთ“. ხშირად ეს ნიშნავს, რომ თქვენი ნერვული სისტემა ახალ რეჟიმთან ადაპტირდება.

3) იმუშავეთ მცირე, მაგრამ განმეორებადი წინააღმდეგობებით.
ყოველდღიური პატარა „არა“ ხშირად უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე იშვიათი რადიკალური ცვლილებები.

4) ნუ აღიქვამთ უკუსვლას, როგორც საბოლოო მარცხს.

ნეიროპლასტიკურ პროცესებში პროგრესი იშვიათად არის ხაზოვანი. მთავარი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ კვებით რეჟიმთან დაბრუნებას.

ფსიქოთერაპიის და თანამედროვე ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ასეთია: ადამიანი არ იცვლება საკუთარი თავის სიძულვილით. ადამიანი იცვლება მაშინ, როცა ტვინი განმეორებით სწავლობს, რომ შეუძლია დისკომფორტის ატანა მიზნის დაკარგვის გარეშე.

ყოველი „არა“, რომელსაც ეუბნებით არასასურველ ჩვევას, არის „კი“, რომელსაც ეუბნებით თქვენს მომავალს“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ოჯახებს არ ანგრევს პრობლემების არსებობა, არამედ საუბრის შეწყვეტა: „არ მცალია“, „მერე ვილაპარაკოთ“, „აზრი არ აქვს“ - ფსიქოთერაპევტი

პიროვნების დეპრესიული სტრუქტურა: დანაკარგი და შინაგანი ბრალდება - პრაქტიკოსი ფსიქოლოგის საინტერესო განხილვა

ახალციხეში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა