იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის თამარ ივერის წარმატებაში და კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საოპერო სფეროში დიდი აღიარება მოიპოვო, ამას „თბილისელების“ ინტერვიუდან შეიტყობთ:
თამარ ივერი: მე ვფიქრობ, რომ იღბალი ნებისმიერ ადამიანს ეძლევა, მაგრამ მთავარია, მას როგორ გამოიყენებ. შეიძლება, შენი საქმის კარგი მცოდნე იყო, საჭირო ადამიანებიც გაიცნო, მაგრამ როგორ მოახერხებ ამის სასიკეთოდ გამოყენებას, ეს სხვა საქმეა. არსებობენ კარგი სპეციალისტები, რომლებმაც თავიანთი სათქმელი ვერ მიიტანეს ადამიანების ყურამდე, ასეთ შემთხვევებში, ჩემი დაკვირვებით, ადამიანების ხასიათში არის კომპლექსი, სიმორცხვე, არასაჯაროობის სიყვარული, მეორე პლანზე ყოფნის სურვილი და ზუსტად ეს თვისებები განსაზღვრავს იმას, რომ ისინი მაქსიმუმს ვერ აღწევენ. თუ ადამიანში არ არის დამაბრკოლებელი თვისება, ის ადრე თუ გვიან იპოვის გზას რეალიზებისთვის.
– რა არის ის, რის გამოც გიფიქრიათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?
– ის, რომ მსოფლიოს ორ ყველაზე დიდ კონკურსზე გავედი და გავიმარჯვე. ჯუზეპე ვერდისა და მოცარტის კონკურსი ყველა მომღერლისთვის არის დიდ სცენებზე წარსადგენი „პასპორტი“, რომლის ფლობის შემთხვევაში, შენთვის ყველა თეატრის კარი ღიაა. ამ კონკურსებში მიღწეული წარმატება დიდ შრომასთან ერთად, იღბლის დამსახურებაც იყო. მე ასე მიმაჩნია.
იღბალია ისიც, რომ თავის დროზე გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. უკვე 16 წელია, ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემ გვერდითაა.
– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რაც შექმენით, რამდენად ჰგავს თქვენს ოცნებებს?
– ბავშვობაში ვერ წარმომედგინა ასეთი რამ. სხვათა შორის, ყველაზე წარუმატებლები ის ბავშვები არიან, რომლებიც იზრდებიან შეგნებით, რომ ვარსკვლავები უნდა გახდნენ. ვინც არაფერს მოელის ცხოვრებისგან და ფუტკარივით მუშაობს, ის აღწევს ყველაფერს. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ განვლილი გზით, მსოფლიო კარიერით, პირველი დონის მსოფლიო თეატრებში გამოსვლით, ეს იყო დიდი შრომისა და თავდადების შედეგი. თუმცა, ადამიანს ყოველთვის სურს, კიდევ მეტი შექმნას. მეც მინდოდა, კიდევ სხვა ფორმით დამეინტერსებინა საზოგადოება და 2022 წელს ამიტომაც შევქმენი ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დღემდე ვეხმარები ახალგაზრდა მომღერლებს კარიერის აწყობაში, რომ ის დაბრკოლებები, რაც მე გავიარე, მათთვის აღარ გახდეს ხელის შემშლელი. წელს, სექტემბერში ვოკალისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი გვექნება. ვფიქრობ, რომ ძალიან მადლიანი საქმე გავაკეთე, რომელმაც ბევრ მომღერალს გაუხსნა გზა მსოფლიო კარიერისკენ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გაუხსნის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მალიბუ ტუღუში საქართველოშია - მომღერლის ემოციური შეხვედრა მოხუც ბებიასთან
წყარო: tbiliselebi.ge